Monthly Archives: July 2011

შტორმი


დღეს უჩვეულოდ ადრე გათენდა, თვალი რომ გავახილე ვიფიქრე უეჭველად ძალიან ბევრი მეძინა და უკვე შუა დღე იქნება მეთქი, შემდეგ საათს დავხედე და გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ დილის 6 საათს აჩვენებდა. საუზმემდე კიდევ 3 საათი იყო დარჩენილი, გარეთ კი ისეთი მშვენიერი დარი იდგა, რომ ამ დროის ოთახში ან თუნდაც აივანზე გატარება უბრალოდ დასანანი იყო. მაშინვე ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა და ორ წუთში უკვე სანაპიროზე ვიყავი.

არასოდეს მინახავს ასეთი მშვიდი და სუფთა ზღვა, ტალღები თითქმის შეუმჩნეველი, წყალი კი იმდენად ანკარა, რომ ლამის იყო თითოეული სილის ნაწილაკის შეფერილობა გამერჩია. ირგვლივ არავინ იყო, დამსვენებლების იმ მცირე ნაწილსაც ეძინა, რომლებიც დილით ცურვის მოტრფიალენი იყვნენ, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, ვიფიქრე უძილობის ბრალია მეთქი და კოჭამდე წყალში შევედი, მესიამოვნა გრილი წყლის შეხება. ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ იყო, მზე კი უკვე გვარიანად აჭერდა, ზღვაც ისეთი ჩუმი იყო, რომ საკუთარი გულის ცემა მესმოდა.

ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე თუ მენახა ასეთი არაჩვეულებრივი ამინდი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, თუმცა ირგვლივ ისეთი მდუმარება სუფევდა, რომ ერთი პირობა ისიც ვიფიქრე ალბათ მძინავს და მესიზმრება მეთქი – „ალბათ ასეთი იქნება შენი სამოთხე, თუ არჩევანის საშუალება გექნება“ – მითხრა გონებამ და მეც ღიმილით ვანიშნე, რომ ვეთანხმებოდი.

ნელ-ნელა, ყოველგვარი მოუთმენლობის გარეშე შევიპარე ზღვაში, ყელამდე წყალში რომ აღმოვჩნდი გზა ჰორიზონტიკსენ ცურვით გავაგრძელე, ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როდესაც თითქმის არაფერი მაღელვებდა და თითქოს არაფერზე ვფიქრობდი. ცოტა ხანს წყლის ზედაპირზე ვიტივტივე და შევეცადე მაგრად ჩამებეჭდა გონებაში ის თუ როგორ სამოთხეში მსურდა მოხვედრა, მინდოდა, რომ თითოეული ფერი, რომელსაც ეს დღე მჩუქნიდა წარუშლელად დარჩენილიყო ჩემ მეხსიერებაში და ბოლომდე მეგრძნო ის ავისმომასწავებელი სიმშვიდე, რომელიც უკვე მთლიანად დაუფლებოდა ჩემ სხეულსა და გონებას.

ხშირად მითქვამს „ისეთი სიმშვიდეა, როგორც ქარიშხლის წინ“ მეთქი. თუმცა ეს სცენა თვალით არასოდეს მენახა, მეც უბრალოდ ვიმეორებდი ხოლმე იმას, რაც გაგონილი ანაც წაკითხული მქონდა.

საუზმის დრო, რომ მოახლოვდა ტანი პირსახოცით შევიმშრალე, სხეულზე მიწებებული სილა ჩამოვიფერთხე და სასადილოსკენ ავიღე გეზი. შიგნით სიცარიელე იყო, მგონი პირველი ვიყავი ვისაც საკვები გახსენებოდა, ჩვეულებისამებრ ვითხოვე მიესაწავლებინათ გზა ჩემ მაგიდამდე და შემდეგ მადიანად დავუწყე თვალიერება ჩემ წინ გაშლილ საუზმეს.  მალე მეზობელი მაგიდაც შეივსო და უნებურად მათ საუბარს მოვკარი ყური, ახალგაზრდა ქალბატონი მეუღლეს უყვებოდა წუხელ დამესიზმრა, რომ ზღვა საშინლად ღელავდა და ჩვენი ოთახის კარებამდე იყო მოსულიო – გამეცინა, მეც ხშირად მქონია მსგავსი სიზმრები, ზღვის სიყვარული ყოველთვის შიშით მქონდა გაზავებული და ხშირად ვხედავდი, როგორი ძალით მოექანებოდნენ ტალღები ჩემი მიმართულებით მე კი თითქოს დაბმული ვყოფილიყავი გაუნძრევლად ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ მომაკვდინებელ ძალას და გახევებული ვფიქრობდი, რომ რამდენიმე წამში მშთანთქავდა წყალი, ამ დროს ყოველთვის ვიღვიძებდი.

საუზმე, რომ დავამთავრე კვლავ სანაპიროსკენ გავემართე, ტანსაცმელი გავიძრე და სწრაფი ცურვით გავემართე სიღრმისკენ, იქ სადაც უფრო ცივი და ლურჯი წყალი, სიმშვიდე და ჰორიზონტი მელოდებოდა. შუა წყალში ვიყავი და ის ის იყო ნებივრობას უნდა მივცემოდი, როდესაც სახეზე ძლიერი ქარი ვიგრძენი, წყალს გავხედე და შევნიშნე, რომ ტალღები გასჩენოდა და ალაგ-ალაგ ქოჩრებიც შეინიშნებოდა. ისევ დილანდელმა ჟრუანტელმა დამიარა და შიშნარევი სახით გავემართე ნაპირისკენ. სანაპიროზე ჩამოვჯექი, როდესაც ნათლად ვიგრძენი, როგორ ძლიერად უბერავდა ქარი, რამდენიმე წუთში სანაპირო გაივსო და ყური მოვკარი შტორმს ელოდებიანო. მაშინვე დილადნელი სამოთხე დამიდგა თვალწინ და მივხვდი, რომ ცხოვრებაში პირველად საკუთარი თვალით ვიხილე სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ეს მხოლოდ სიმშვიდე არ იყო, წარმოუდგენელი მდუმარება, ენით აღუწერლად ლურჯი ცა, მოალერსე მზე და კამკამა წყალი.

საკმაოდ მალე ზღვა უკვე გაბრაზებული ეხეთქებოდა ნაპირს ქაფისგან გაჭაღარავებული ტალღებით. აუხსნელი სიხარული ვიგრძენი, გამიხარდა, რომ აივნიდან შეუდარებელი სანახაობა მელოდებოდა, მოუთმენლობისგან სუნთქვა შემეკვრა.

წყლისკენ ზურგით მივტრიალდი, პირსახოცზე ჩამოვჯექი და საგულდაგულოდ დავიწყე მიწის თხრა, ვუყურებდი როგორ აბრუნებდა ქარი სილას ჩემ ორმოში.რაც უფრო ღრმად ჩავდიოდი თითებით სილაში, მით უფრო ნესტიანი ხდებოდა ჩემი თხრილი, არ ვიცი რატომ მაგრამ მაშინვე დაკრძალვის სცენა დამიდგა თვალწინ და დანანებით გავფიქრე, რომ გარდაცვალების შემდეგ სველ მიწაში მომიწევდა წოლა, შემაშინა მისმა სიმძიმემ, – რა დროს სიკვდილია – გავიფიქრე – დღეს უკვე იყავი სამოთხეში. ფეხი ორმოში ჩავყავი და ირგვლივ დარჩენილი სივრცე მიწით ამოვავსე, მესიამოვნა სიგრილე, რომელიც ვიგრძენი.

კიდევ ცოტა ხანს გავჩერდი და შემდეგ გეზი ოთახისკენ ავიღე. შევსლისთანავე სილიანი გავემართე აივნისკენ და სკამზე ჩამოვჯექი, წვენი ჩამოვისხი და ქარიშხლისგან გაგიჟებულ ზღვას დავუწყე თვალიერება – „პური და სანახაობა“ – მიკარნახა გონებამ, მეც გამეცინა, თუმცა ვინაიდან ახალი ნაჭამი ვიყავი, მხოლოდ წვენით შემოვიფრაგლე, სანახაობა კი უდავოდ შეუდარებელი იყო.  ზღვას ფერი ეცვალა, ჰორიზონტთან ძველებურად ლურჯი იყო, ნაპირისკენ კი ტალახისფერი დაჰკრავდა. დილანდელი მდუმარების კვალიც კი არსად შეიმჩნეოდა, ზღვა გამაყრუებლად ხმაურობდა.

აქ ჩასმოსვლის დღიდან შეუდარებელ განწყობაზე ვიყავი, არც ფიქრები ცვლიდნენ ერთმანეთს ელვისებური სისწრაფით და ჩვეული ფორიაქიც სადღაც გაუჩინარდა. ჩემ თითოეული ნაკლსაც კი ამაყად მოერგო „უნიკალურობის“ იარლიყი.

ისეთი სიმშვიდეა როგორც ქარიშხლის წინ.


იდეალურად


საუზმის დროა. ჩვენ სასადილოში ჩვეული სიგრილეა და აურაცხელი რაოდენობით ხალხი ირევა. მე მარტო ვზივარ მაგიდასთან და ველოდები როდის მომიტანენ შეპირებულ მოხარშულ სოსისს და ახლად გამომცხვარ ფუნთუშას. მიხარია, რომ დღეს კვერცხი არ აქვთ მენიუში, დღევანდელი საუზმე აშკარად მოერგო ჩემ გემოვნებას. ირგვლივ ბავშვების ტვინის წამღები ჟრიამული ისმის, მე კი ერთადერთი რაზეც შემიძლია ვიფიქრო ესაა ყავა, რომელსაც ველოდები და სიგარეტი, რომლის მოწევასაც მიკრძალავენ სასადილო ოთახში. გვერდზე მაგიდასთან უცხო ეროვნების წარმომადგენლები შეკრებილან და ყურთასმენა წაიღეს იმდენს საუბრობენ, თან მოურიდებლად მაღალ ტონალობაში დაეჩვივნენ საუბარს ბოლო დღეებში, ეროვნება რა შუაშია, თუმცა ვარჩევდი, რომ ცოტა თავდაჭერილნი ყოფილიყვნენ. ბავშვებთან ერთად არიან ჩამოსული, თუმცა წუხელ არაყსა და ლუდს ისეთი მონდომებით ისხამდნენ, რომ ვერაფრით იფიქრებდი მათი ერთადერთი მოტივი ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლა და მათ დასვენებაზე ზრუნვააო. შემდეგ კარგად, რომ შეზარხოშდნენ და საკუთარ შვილებში ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად ძნელად აღსაზრდელი სუბიექტები შენიშნეს, ერთი ორჯერ მადიანადაც მოსდეს და არც გაუგებარ ენაზე ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილს მოერიდნენ, მომენტალური გულის რევის რეფლექსი ვიგრძენი, დღეს კი ისეთი მზრუნველი მშობლების როლის თამაშით არიან დაკავებულნი, რომ ვერაფრით იფიქრებ თუ წუხელ შეზარხოშებული ბრბოს წარმომადგენლები იყვნენ.

ყველა მაგიდა დაკავებულია, ჩამოსვლისთანავე მითხრეს თქვენ მეთვრამეტე მაგიდაზე მიგიჩინეთ ადგილიო, უკვე მეხუთე დღე იყო, თუმცა ეს მითიური მაგიდა ვერც ერთხელ ვნახე, ყოველი შესვლისას ჩვეული მორიდებულობით ვკითხულობდი იქნებ ჩემი მაგიდა დამანახოთ მეთქი, პასუხი განსხვავებული იყო, თუმცა შინაარსი იგივე – „დღეს მეთვრამეტე მაგიდა არ დაგვიდგამს და აი აქ დაბრძანდითო“. ვერაფრით გავიგე რა აზრი ქონდა ადგილების დანომვრას თუ ამ ნიშნით მაინც არ აპირებდნენ ჩვენ განაწილებას. სასადილოს კარებთან ყოველთვის ვიკეთებდი სათვალეს, იქნებ ვერ დავინახო ჩემი ნომერი და უსაფუძვლოდ შევაწუხო მეთქი პერსონალი, თუმცა არც ამას ქონია არავითარი შედეგი.

განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ამ ხანმოკლე პერიოდში ყველა დამსვენებელზე ვფლობდი ინფორმაციას, არც სხვების საუბრისთვის მიყვარს ყურის დაგდება, ყოველთვის ვფიქრობ რა ჩემი საქმეა მეთქი, მაგრამ ისეთი მონდომებით მეჩხირებოდნენ თვალში, რომ სხვა გზას არ მიტოვებდნენ, გარდა იმისა, რომ მათში ახალი მუზის ძებნით ვყოფილიყავი დაკავებული.

ფიქრებში ვიყავი გართული და საჭმელს უგემურად შევცქეროდი, როდესაც სასადილოს კარები ღორივით ჩასუქებულმა და ტალახისფრად გარუჯულმა მამაკაცმა შემოაღო. უკან მისი წვრილ შვილი და გუშინდელი თავზე ხელაღებული არყის წვეულების მონაწილე მეუღლე მოყვებოდნენ, მამაკაცს, რომელიც ჩემში „საქონლის“ ასოციაციას იწვევდა, მაიკა ღიპზე აეწია და გეგონება ბავშვს ეფერებაო ისე ისვამდა ხელს მუცელზე, ჭეშმარიტად გულის ამრევი სანახაობა იყო, მივხვდი დრო იყო სათვალე მომეხსნა და თბილ-თბილ ფუნთუშებს შევქცეოდი.

ის ის იყო ჭამა უნდა დამეწყო, რომ უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა, ნაცნობი რა გუშინ შემომატებული დამსვენებლის ხმა, რომელსაც ბავშვი ჩამნოეყვანა  და იწვოდა ახალი ნაცნობების შეძენის სურვილით – სანაპიროზე ვიჯექი, მზეს ვეფიცხებოდი და მუსიკის სმენით ვტკბებოდი, როდესაც ტელეფონმა დამირეკა, მაშინვე გამოვრთე მუსიკა და ვუპასუხე, საუბარი, რომ დავამთავრე თავიდან ფეხებამდე სველი მამაკაცი შევნიშნე, არა, არ გამიკვირდებოდა ზღვის ნაპირზე სველი ადამიანის დანახვა, ან კი რა იყო ამაში გასაკვირი, მაგრამ ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ტანსაცმლის გაუხდელად შესულიყო წყალში და ახლა სულ სილაში ამოგანგლულიყო, ჩემ გვერდზე შუა ხნის ქალბატონი ნასიამოვნები სახით შესცქეროდა წყალს, როდესაც ეს „წვიმის კაცი“ მოურიდებლად მიეჭრა და სიგარეტი სთხოვა, შემდეგ დიდ ხანს ისაუბრეს, მივხვდი ქალბატონს დროულად უნდოდა მისგან თავის დაღწევა. მალევე ავედი ოთახში და დასასვენებლად გავემზადე, როდესაც ოთახის კარებზე კაკუნი გავიგე, კარები რომ გავაღე მეზობელი ნომრიდან ახალგაზრდა  ქალბატონი შემრჩა ხელში, რომელიც ბავშვთან ერთად ისვენებდა და გადაეწყვიტა უეჭველად მეგობრები უნდა გავმხდარიყავით, აჟიტირებული შემოვარდა ოთახში, აივანზე გავედით (იმ აივანზე, რომელიც რეალობად ქცეული ოცნება იყო, ზედ ზღვის სანაპიროზე გადიოდა, მაგიდა და სკამები იდგა, წიგნი, სიგარეტი, ყავა, და კომპიუტერი), ვკითხე ბავშვი სადაა მეთქი, თუმცა იმდენად იყო აფორიაქებული, რომ კითხვა არ გაუგია მაშინვე „საქმეზე“გადავიდა, ამასობაში გვერდზე ბუნგალოში მუსიკა ჩართეს, მთელი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი და ლამის იყო ავყევი, თუმცა თავი შევიკავე, მივხვდი უზრდელობა იყო, მას ხომ რაღაცის მოყოლა სურდა, მოაჯირს მიეყუდა და მითხრა, ეს ესაა ბანალური რომანტიული კომედიისვის დამახასიათებელი სცენა გადამხდა თავსო, აზრის გამოტანა ვერ შევძელი, მაგრამ გუმანით მივხვდი, რომ იმ სუბიექტზე უნდა დაეწყო საუბარი, რომელიც ტანსაცმლიანად ბანაობის მოტრფიალე იყო, ჩემთვის ვიწექი და მზეს ვეფიცხებოდი, როდესაც გადავწყვიტე სიგარეტი მომეწიაო (ჰოი, საოცრებავ?! ვიფიქრე ჩემთვის სარკასტულად, თუმცა შევეცადე სახეზე სერიოზული და დაინტრიგებული გამომეტყველება შემენარჩუნებინა), ჰოდა ამოვიღე სიგარეტი და გავაგრძელე მზესთან თამაში (არა ეს ქალბატონი, აშკარად არ გამოდგება ჩემ მუზად – კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა თავში), როდესაც ვიღაც მამაკაცი მოვიდა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მკითხა სიგარეტი ხომ არ გაქვთო, მეც რა თქმა უნდა გავუწოდე კოლოფი, როდესაც მითხრა იქნებ სანთებელაც გქონდეთო (ოჰ, რა ორიგინალურია – არ ჩერდებოდა ჩემი გონება) მეც კვლავ დავეთანხმე და ისიც გავუწოდე, არც ამაზე გაჩუმდა და მითხრა იქნებ თქვენ თავად მომიკიდოთ, მე ძალიან სველი ვარო (უუუუუუუ – წავისისინე ფიქრით), კვლავ ვერაფერი ვიეჭვე და მოვუკიდე, ის კი კვლავ არ იძვროდა ადგილიდან, შემდეგ მითხრა წამობრძანდით ბუნგალოში გავიდეთ რამე დავლიოთო, იქვე კი მისი შვილი თამაშობდა სილაში, მისკენ გავაპარე თვალი, მითხრა ჰო, შვილთან ერთად ვარ ჩამოსულიო, შემდეგ პირდაპირ ხელების თვალიერებაზე გადავედი და მარცხენა ხელის არა თითზე ქორწინების ბეჭედი შევნიშნე, ვინაიდან მარჯვენა ხელი ჯერ კიდევ თავისუფალი ქონდა ჩავთვალე, რომ ალბათ აღარ ყავდა მეუღლე, თუმცა ვუთხარი მიპატიჟებას ვერ მივიღებ მეთქი, ბავშვთან ვიყავი დასაბრუნებელი. აქ დაამთავრა ისტორიის მოყოლა, მინდოდა მეთქვა შენამდე ჩემ თვალწინ სხვა ქალთანაც სცადა მეთქი ბედი, მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა მისი ბედნიერების ხელყოფა, თითოეულ ჩვენგანს ხომ ასე ძალიან სჭირდება სჯეროდეს, რომ ის განსხვავებული და ერთადერთია, ჰოდა ენას კბილი დავაჭირე, გულიანად გავიღიმე და ვუთხარი „ვაა“ მეთქი, ჩემ გულწრფელობაში ეჭვი არ შეუტანია და კიდევ უფრო გახარებულმა დატოვა ოთახი.

შუა დღეს, ბუნგალოსთან გავიარე, გვერდზე ოთახის მკვიდრი ქალბატონი შევნიშნე, ლუდს მიირთმევდა „გალუმპულ მამაკაცთან“ (რა ეპითეტებით აღარ შევამკე) ერთად, დანახვისთანავე ხელი დამიქნია, სხვა გზა არ მქონდა და მივედი მაგიდასთან, მიმიპატიჯეს და ლუდი ჩამომისხეს, ვიუარე არ მინდა მეთქი, მამაკცმა, რომელიც არც გამცნობია მითხრა, რატომ არ სვამ მუსულმანი ხარო, ხუმრობას ვერ მივხვდი, სახე ამელეწა, არა იმიტომ, რომ ეს შეურახმყოფელი იყო ჩემთვის, არავითარ შემთხვევაში, არამედ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ უზრდელობად, უტაქტობად ჩავთვალე ამგვარი ხუმრობა, ადამიანებს რელიგიის მიხედვით არასოდეს ვყოფდი, მიხვდა, რომ არ ვაპირებდი სიცილს და მითხრა ვიხუმრე, თუმცა ალბათ უკბილოდო, მეც დავივიწყე ზრდილობის ნორმები და დავეთანხმე, ნამდვილად დიდი ვერაფერი ხუმრობა იყო მეთქი, შემდეგ გვარი მკითხა, ვინაიდან დასამალი არაფერი მქონდა, ვუთხარი და კითხვის ნიშნით შევხედე, მითხრა ძალიან ნაცნობი სახე გაქვსო, ვუპასუხე თქვენ არა მეთქი, შემდეგ ერთი ორი უაზრო დასკვნა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაც მსახიობს მამსგავსებდა და ძალიან „ქარიზმატული“ სახე მქონდა (ეს უკანასკნელი ფრაზა რუსულად მითხრა, მიზეზს ვერ მივხვდი, თუმცა არც ეს მესიამოვნა, არასოდეს მესმოდა რა საჭიროა, როდესაც ორი ერთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ვსხედვართ და სხვა ენაზე ვიწყებთ საუბარს, მეზიზღება ეს მატრაკვეცობა), მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავიღიმე, ჩემ ახლად გამომცხვარ მეგობარს კი ვუთხარი, რომ მგონი დრო იყო სასტუმროში დასაბრუნებლად, ბავშვი ოთახში ელოდებოდა, დამეთანხმა და გავუყევით გზას, მე მასქიმალურად ზრდილობიანად და კეთილგანწყობილად დავემშვიდობე უცნობს და უკანმოუხედავად გავეცალე იქაურობას. – ჰოდა უკნიდან სწორედ ამ მამაკაცის ხმა შემომესმა, რაღაცნაირად განსხვავებული მეტყველების მანერა ქონდა, მაშინვე ვიფიქრე ისე უნდა გავეცალო აქაურობას, რომ არ მივესალმო მეთქი, ადგა ჩემ მაგიდას აუარ-ჩაუარა მე კი დაჟინებით არ ვაშორებდი თვალს ჩემ წინ მდგომ თეფშს, თუმცა შევნიშნე, რომ თითქმის ბნელ სასადილო ოთახში კურპივით შავი მზის სათვალით გადაადგილდებოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის ჭეშმარიტ უკუღმართობაში, მალევე დავამთავრე საუზმე და გეზი პირდაპი სანაპიროსკენ ავიღე, გარუჯვა მინდოდა, მიყვარს, როდესაც ვაკვირდები, როგორ იცვლის ჩემი კანი ფერს და როგორი ნიჭიერებით გადადის ღია ხორბლისფერიდან მუქ ხორბლისფერში.

ოთახში ავბრუნდი, მაშინვე აივანს მივაშურე, ჩამოვჯექი სკამზე, ჩამოვისხი წვენი, მოვუკიდე სიგარეტს და ნეტარებით აღსავსე თვალებით გავუშტერე თვალი ზღვას. მადიანად გამოვუშვი კვამლი პირიდან, სიგარეტი ჩავაქრე და წიგნი გადავშალე, ქეი რედფილდ ჯემისონის „ღამდება მალე – თვითმკვლელობის გაგება“-ს ვკითხულობდი, წიგნი თავისი შინაარსით დასვენების ამაფორიაქებლად სასიამოვნო დღეებთან არავითარ კავშირში იყო, თუმცა იმდენი წლის განმავლობაში მსურდა მისი წაკითხვა, რომ თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე საკუთარ თავს ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე უარი ვერაფრით ვუთხარი. ყოველი თავის დამთავრებისას ვფიქრობდი, რომ ეს ჭეშმარიტად საუკეთესო ნაშრომი იყო ამ თემაზე, თითქოს ყველაფერი რასაც ვკითხულობდი ერთი ერთზე ემთხვეოდა ჩემ შეხედულებას, ისტორიები კი, რომლებიც წიგნში იყო აღწერილი ნამდვილად შემაშფოთებლად საინტერესო და ამოუხსნელი იყო. მივხვდი, რომ ყელში არა ერთხელ მოწოლილი თვითმკვლელობის სურვილი მხოლოდ ბავშვური გართობა იყო და მეტი არაფერი, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას გაცილებით მტკიცე პოზიცია და დაბინდული გონება სჭირდება. თვალი მარცხენა ხელის ვენისკენ გამექცა, თითქმის უხილავ იარას დავუწყე თვალიერება, გამახსენდა წერილი, რომელიც მაგიდაზე დავტოვე იმ დღეს, მაშინ ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და თითოეული პრობლემა გადაუჭრელი, თითოეული მოვლენა სევდიანი და მთლიანად სიცოცხლე აზრს მოკლებული  მეგონა. წერილში რას ვწერდი ვერაფრით გავიხსენე, მგონი უბრალოდ ბოდიშს ვიხდიდი და მეტი არაფერი. შევიკეტე აბაზანაში, შევიტანე სამართებელი, მოვუშვი ცხელი წყალი, ავავსე წითელი ჯამი, დავდგი სარეცხი მანქანაზე, ჩავყავი ხელი, რომელიც წყლისგან ნელ-ნელა შეუდარებელ სირბილეს იძენდა, თითები კი ყოველი წუთის გასვლასთან ერთად ნაოჭდებოდა, არ მინდოდა სიკვდილი, მხოლოდ მიმდინარე უაზრობის დასრულება მსურდა, პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრა, ამიტომ ვერ ვბედავდი სამართებელი მიმეტანა ვენასთან და აუღელვებლად გადმომეშვა ძარღვებიდან შინდისფერი სითხე (როგორც მეფისტოფელი ამბობდა „და მაინც სისხლი სხვა თვისების მქონე წვენია“), წყალი კი ცივდებოდა, რამდენიმე წუთში საკუთარ თავს შემოვუძახე შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო მეთქი და ოდნავ, ნაზად შევეხე მაჯას, წყალმა ფერი იცვალა, დავფრთხი, მწველმა შეგრძნებამ შემაშინა, მსურდა თუ სიკვდილი იყო დროულად მაინც დასრულებულიყო ყველაფერი, რომ შემდეგ სამარცხვინო პანიკისთვის დრო არ დამრჩენოდა, გონს მალევე მოვეგე, მეორე შეხება უფრო მძლავრი იყო, წყალი კიდევ უფრო ჟანგისფერი გახდა, ჰაერში სისხლის სუნი ვიგრძენი, ამასობაში აბაზანის კარებზე კაკუნი გაისმა, დავფრთხი, ყველაზე მეტად შემაშინა იმან, რომ თუ ახლა ვიღაც წამასწრებდა ფაქტზე ვერასოდეს შევძლებდი ამ სირცხვილის ჩამორეცხვას, თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობა ყველაზე დიდ სირცხვილად მიმაჩნდა, ახლავე გამოვალ მეთქი გავძახე, წყალი გადავღვარე, სამართებელი დავმალე, მაჯა მოვიბანე და  დაფუფქულივით გავვარდი აბაზანიდან, მაშინვე სპირტი დავისხი ჭრილობაზე, ხელი თავსაფრით შევიხვიე და აკანკალებული შევედი ოთახში, შიში მთელი ღამის განმავლობაში არ მტოვებდა, იმის შიში, რომ შესაძლოა ვენა მქონდა დაზიანებული და ძილში, გაუცნობიერებლად დავლევდი სულს, მეორე დილა, რომ გათენდა მივხდვი, რომ შიში უსაფუძვლო იყო და მე საკუთარი ხელით დავეხსენი საკუთარი სურვილითვე მოპატიჟებულ სიკვდილს. არ მესიამოვნა ამის გახსენება, ახლანდელი გადასახედიდან მივხვდი, რომ ეს მცდელობა სრულიად არა სერიოზული იყო, თუმცა შესაძლოა ფატალურადაც დამთვარებულიყო. არ მიყვარს, როდესაც გადაწყვეტილება არ მომყავს სისრულეში, მეზიზღება საკუთარი სიმხდალე, ზოგჯერ შუა გზაზე ვხვდები, რომ მიღებული გადაწყვეტილება, დასახული მიზეზი სავსებით არა სწორია, მაგრამ ვინაიდან ერთხელ ასე ჩავთვალე საჭიროდ, თავს მოვალედ ვთვლი საქმე ბოლომდე მივიყვანო ხოლმე. „მე ეს რადიკალიზმი და საკუთარი უაზრო კანონები დამღუპავს“ – წავიჩურჩულე და ისევ ზღვის თვალიერებით გავერთე, მივხვდი, რომ ასეთი მშვიდი, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ამინდი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც „ბანანთევზას ამინდშია“ აღწერილი.

საღამომდე კითხვით ვიყავი გართული, საკუთარი უდარდელობის ლამის მშურდა კიდეც (როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს), სანაპირო უკვე ცარიელი იყო, ზღვა კი ღამისგან ჩაშავებული და შიშისმომგვრელი – „ეს მომენტი უნდა გავყინო, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ“ – განვაცხადე ხმამაღლა, კიბე ფეხაკრეფით ჩავიარე, უკანა კარებიდან ქურდივით გავიპარე სანაპიროზე, ქვები მოვაგროვე, ჯიბეებში ჩავიწყვე (უფრო სიმბოლურად, ვიდრე სიმძიმისთვის) და ნელი სვლით შევედი წყალში, ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა იყო, ის რომ არავინ იქნებოდა ვინც ამ ისტორიის ბოლოს იტყოდა „ისე, როგორც ვირჯინია ვულფი“.

 


არჩევანი


- სიმშვიდე, დასვენება, სიხარული ისეთი შეგრძნებებია, რომლებსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ყველაფრის განადგურება. დანდობა არ იციან, განსაკუთრებულად ჭირვეული ხასიათითაც კი გამოირჩევიან და ვერაფრით ეწყობიან სხვებს, ცხვირს აიბზუებენ ხოლმე და შემოსასვლელში მანამ დგანან სანამ ყველას არ გაყრიან ოთახიდან, შემდეგ კი გამარჯვებული სახით იწყებენ შენში ცხოვრებას.

ვჩუმდები, პასუხს ველოდები. თუმცა ამას არ ვაგრძნობინებ, არ მინდა მიხვდეს, რომ მასზე იმდენად ვარ დამოკიდებული, რომ საკუთარ აზრებზეც კი მისი თანხმობა მჭირდება.

ის ხმას არ იღებს, ჩვეული სერიოზულობით უყურებს მაგიდას და თითების მოძრაობით მახვდრებს, რომ შემიძლია განვაგრძო.

მეც ჯიუტად არ ვიღებ ხმას და ვცდილობ გამომეტყველებით ვანიშნო, რომ დროა მან ისაუბროს, სინამდვილეში კი სათქმელი უბრალოდ არაფერი მაქვს.

ნახევარ საათიანი დუმილის შემდეგ, ხმას იღებს, ოღონდ ამინდზე არ მესაუბრება, არა, მეუბნება, რომ ხვდება რაოდენ ძნელია ჩემთვის ამ ყველაფერზე საუბარი და მთავაზობს, რომ ყველაფერი რაც გულში მაქვს დავწერო, შემდეგ კი ნაწერის სახით გადავცე მას.

თავს ვერ ვიკავებ და მეღიმება, ის კი იმასაც ვერ ხვდება, რომ საუბარი უბრალოდ კი არ მიჭირს, არა, სასაუბრო თემა აღარ მაქვს.

მალევე ვიშორებ იდიოტურ ღიმილს სახიდან და ვეუბნები, რომ შესანიშნავი იდეაა.

საღამოს ვჯდები აივანზე, მესმის ზღვის ტალღების ხმა, ზღვიდან მონაბერ ჰაერს გამალებით ვსუნთქავ და ვფიქრობ რა დავწერო.

ცოტა ხანს გაუნძრევლად ვზივარ და უმეტყველო სახით გავყურებ ჰორიზონტს, შემდეგ კი თითქოს ტვინში რაღაც ფეთქდება და ვიწყებ წერას:

“წერა ყოველთვის მაშინებდა, რატომღაც მეგონა, რომ საუბრისას როგორი დიდი სისულელეც არ უნდა თქვა ამის გამოსწორება შეიძლება, ან ამაზე უბრალოდ არ გაამახვილებენ ყურადღებას, წერა კი სულ სხვა საქმეა, ისეთი კრიტიკული თვალით წონიან შენს ყოველ სიტყვას, რომ სულ პატარა შეცდომაც ნაცარტუტად გაქცევს.

შთაგონება (რომელიც ხშირად მუზაში მერევა, არადა ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა) ყოველთვის უდროო დროს მეწვევა ხოლმე, მაშინ როდესაც არც კალამი მაქვს, არც ფურცელი, არც სიტუაცია. ვცდილობ ხოლმე მაგრად ჩავიბეჭდო ტვინში ის რასაც იმ მომენტში დავწერდი. თუმცა ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე ვერაფრის გახსენებას ვახერხებ, ახლაც განუხორციელებელი იდეა, უფრო კონკრეტულად კი ფურცელზე გადატანამდე გარდაცვლილი იდეა ამომიტივტივდა თავში – იდეალებზე უნდა დამეწერა, ამაზე არასოდეს მიფიქრია, ერთხელ კი სიგარეტის დაჟინებით ქაჩვისას მეგობარმა მითხრა, რომ იდეალისტი, პერფექციონისტი ვარ, ყველასგან ყველაფერს ვითხოვ, მათ შორის საკუთარი თავისგანაც. იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე, მივხვდი, რომ არ ცდებოდა და იმდენი ჭეშმარიტად ლამაზი წინანდადება მომივიდა თავში, რომ ლამის იყო საკუთარი ხელები ხელები ჩამეკოცნა, ის ხელები, რომლებიც ამ წინადადებებს ფურცელზე გადაიტანდნენ. იმ ღამით გაღიმებულს ჩამეძინა, იმის მოლოდინში, რომ დილა ჩემ კიდევ ერთ ნამუშევარს გამოიტანდა დღის სინათლეზე…. გაღვიძებულს კი საკუთარი შთაგონების განყოფილება ისეთი ცარიელი დამხვდა, რომ შიგნით ობობის ქსელსაც კი ვერავინ იპოვნიდა.

ჰო, სიხარული, ბედნიერება, სიმშვიდე, უსაქმურობა, უპრობლემობა მაშინებს, ყველაფერი ის რაც ზოგადად დადებითი იდეის მატარებელია. მაშინებს ზედმეტად მზიანი ადგილები, ადგილები სადაც მხოლოდ ბედნიერი ადამიანები არიან. ჩემ შთაგონებასთან ბედნიერება (ყველა თავი შემადგენელი ნაწილით) არ მეგობრობს.

გუშინ წიგნს ვკითხულობდი თვითმკვლელობაზე, თითქმის ყველა ცნობილი თვითმკვლელი მწერლის ისოტორია იყო განხილული, მათი წინა სასიკვდილო წერილებიც ვნახე და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ისინი დაუოკებელ ლტოლვას განიცდიდნენ დეპრესიისკენ. ალბათ თითოეული მათგანი ხვდებოდა, რომ უბედურება, სევდა, დაღლილობა, ბრაზი, აგრესია, რომელსაც განიცდიდნენ მათი ქმნილებებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ ამბობდა თითოეული მათგანი უარს მედიკამენტების მიღებაზე.

აბა წარმოიდგინეთ, ცოტაც და კიდევ ერთი შედევრის ბოლო გვერდზე, ბოლო სიტყვას დაუსვამ წერტილს და გასუსული დაელოდები ტაშს, რომელიც იცი რომ არ დააყოვნებს, ამ დროს კი ექიმები გინიშნავენ პრეპარატს, რომელიც ბედნიერებასა და სიცოცხლით ტკბობას გპირდება, დილით იღვიძებ, სრულიად მოულოდნელად ხვდები, რომ ის მტანჯველი შეგრძნება გულს რომ გიჭამდა სადღაც გაქრა, არც შენი ფიქრებია საშინლად ნაცრისფერი და არც ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები გაცოფებს, დასვენებული, გახარებული უჯდები მაგიდას და ის ისაა ბოლო თავის დაწერას უნდა შეუდგე, რომ აღმოაჩენ დასაწერი აღარაფერი გაქვს, ისეთი ცარიელი და ჩვეულებრივი ხარ როგორც არასდროს, მაგრად იხედები გონებაში და გახსენდება წუხელ როგორ მიალაგა ტვინის ყველა ოთახი ბედნიერებამ, როგორ დააწკრიალა ყველაფერი, როგორ გადწია ფარდები, როგორ გაიძულა გაგხსნოდა შუბლი და გაგეღიმა, გახსენდება და სწრაფად გარბიხარ ყველაზე ბოლო ოთახში, გული გეკუმშება, როდესაც მისკენ მიმავალი დერეფანიც თვალის მომჭრელად ნათელია და კედლებიც სხვადასხვა მხიარულ ფერებშია გადაღებილი, კარებზე აბრა აღარ არის, ადრე აშკარად გახსოვს შავით თეთრზე ეწერა “შთაგონება”, გული ყელში გიცემს და აღებ კარებს, შიგნით სიცარიელეა, ვიღაცას ვარდიფერი ფარდები ჩამოუკიდია ფანჯარაზე და სუფთა ჰაერიც ურცხვად იჭრება ოთახში. პანიკა გიპყრობს, ათასჯერ მაინც კითხულობ შენს თითოეულ ნაწერს და ძველებურ შეგრძნებებს ვეღარ იბრუნებ, თითქოს ყველაფერი რაზეც მასში საუბრობდი შენთვის ნაცნობი არასოდეს ყოფილა. იმ მომენტიდან წყვეტ მედიკამენტის მიღებას და ცოტა ხანში ნაცრისფერი ძველებურად გაღელვებს.

დიახ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამას გრძნობდა თითოეული მათგანი, თუმცა წერილებში ამაზე არასოდეს საუბრობდნენ.

მე არასოდეს ვყოფილვარ მწერალი, თუმცა იმისთვის, რომ დავრჩე იმად ვინც ვარ ბედნიერება არაფერში მჭირდება და თუ ოდესმე მთხოვთ არჩევანის გაკეთებას მას აუცილებლად საკუთარი თავის შენარჩუნების სასარგებლოდ გავაკეთებ, დაე მას უბედურების პირმშო უწოდეთ.

მხოლოდ ამის თქმა მინდოდნა, სამწუხაროა, რომ მეცნიერებამ დღემდე ვერ შეძლო ბედნიერებისთვის ფრთების შეკვეცა, ვერ შეძლო მისთვის აკრძალვების დაწესება, ვინაიდან ერთი დაავადების მკურნალობის შედეგად მეორეს აჩენთ, იმ ადამიანს კლავთ ვინც თქვენთან სამკურნალოდ მოიყვანეს, სხვა ბანალური, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სუბიექტით ანაცვლებთ და ეს გიხარიათ კიდეც.”


მსმენელი


- არ გვინდა ეს სტანდარტული გაცნობის სცენა, ნუ მკითხავთ რამ მომიყვანა თქვენთან, რა მაწუხებს, ან რა შედეგის მიღწევა მინდა, გამივლია თუ არა აქამდე მკურნალობის კურსი და ა.შ. იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დასკვნები შემდეგ თავად გამოიტანეთ. წინასწარ გეტყვით, რომ არ მიყვარს, როდესაც ზედმეტად ბევრ კითხვას მისვამენ, იმასაც მოგახსენებთ, რომ შეუდარებლად შემიძლია სიყალბის აღმოჩენა, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად გააკეთოთ ყველაფერი რაც გევალებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში ფულს გიხდიან. ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც მომისმენს, მომისმენს ბოლომდე, უაზრო ჩართვების გარეშე, ადამიანი, რომლის აზრიც ფეხებზე მეკიდება (შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, უბრალოდ არ გიცნობთ).

დუმს, მშვიდი სახით მიცქერს და ხმას არ იღებს.

მეღიმება:
-იდეალურია, პროფესიონალი უნდა იყოთ, მგონი ზუსტად მიხვდით რას ვგულისხმობ, ოღონდ ნუ გადააჭარბებთ, თორემ ვიფიქრებ, რომ ჩემამდე ბევრი ჩემნაირი გყოლიათ და ამით საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს ერთადერთ რამეს რაც ცხოვრების სტიმულს მაძლევს – ჩემ უნიკალურობას, ამიტომ გირჩევთ ახლავე დაიწყოთ ზრუნვა ”ოქროს შუალედის” პოვნაზე.

დუმს, კვლავ მშვიდი სახით მიცქერს, თუმცა ვატყობ, რომ ცდილობს რაღაც ცვლილება შეიტანოს გამომეტყველებაში.

-შესანიშნავია მგონი გავუგეთ ერთმანეთს. ოღონდ ძალიან გთხოვთ ეს შეშინებული მზერაც მოიშორეთ, გარწმუნებთ, რომ ჩემი პრობლემა აგრესიასთან არავითარ კავშირში არ არის.
კვლავ დუმს, თვალებით მიღიმის და მაგრძნობინებს, რომ შემიძლია განვაგრძო.

-ამ მონოლოგის წაკითხვის შემდეგ მგონი გადამავიწყდა კიდეც აქ რისთვის მოვედი. – ვცდილობ ვიხუმრო, თუმცა მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ მცდელობა ამაოა. -კი ბატონო, განვაგრძოთ, ვხედავ მოირგეთ როლი და არც აპირებთ მისგან გამოსვლას, ჰოდა ძალიან კარგი.

გადახვევას გავაკეთებ, ახლა ერთი სცენა დამიდგა თვალწინ, თქვენ სახლში ხართ, დაღლილი სახით შედიხართ ოთახში, ბავშვებს უღიმით, მეუღლეს თვალებით ანიშნებთ, რომ მოგენატრათ, (დიახ, დიახ ვიცი, რომ დაოჯახებული ბრძანდებით) შემდეგ საჭმელს იმზადებთ და ეუბნებით, რომ დღეს კიდევ ერთი ”გიჟი” პაციენტი გყავდათ, რომელმაც შემოსვლისთანავე მოთხოვნების დაყენება დაიწყო, შემდეგ მოყვებით ჩემზე, ცოტას იხუმრებთ და ყველას ერთად გაგეცინებათ, დანანებით გააქნევთ თავს და იტყვით, რომ შვებულება გჭირდებათ, ამით თქვენ ჩემ კონფიდენციალურობას დაარღვევთ, თუმცა მინდა ახლავე გითხრათ, რომ ეს ნაკლებად მენაღვლება.

პირი გააღო რაღაცის სათქმელად.

-არა, არა, როგორც შევთანხმდით დღეს მე ვსაუბრობ და ძალიან გთხოვთ პატივი სცეთ ჩემ მოთხოვნას, ბავშვებს კი რაც გინდათ ის უთხარით.

მაშ ასე! დღეს მთელი დღე თურქულ სიმღერებს ვუსმენდი, არა ისეთ იაფფასიანს კი არა ახლა თქვენ რომ წარმოიდგინეთ, უკეთესს, ისეთს, როგორიც არასოდეს მოგისმენიათ. ცოტა ხანში მივხვდი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, ჰოდა არჩევანი ორ სიმღერაზე შევაჩერე, რომლებიც სრულად გამოხატავდნენ ჩემ განწყობას.

დილიდან ცხვირში სუნამოს სუნი მაქვს და მგონია, რომ ზედმეტი მომივიდა, თუმცა მომწონს კიდეც ეს ტკბილი სურნელი.

მეგობარს მივწერე, ბევრი არაფერი, უბრალოდ მოვიკითხე, მან კი არ მიპასუხა, აი ასე ადგა და პასუხი უბრალოდ არ გამცა, მაშინვე მიზეზის ძებნა დავიწყე, ოღონდ მას კი არ ვკითხე რა მოხდა მეთქი, არა, ჩემ თავში დავიწყე მიზეზის ძებნა, უფრო კონკრეტულად კი საკუთარი თავი მაშინვე განსასჯელის სკამზე მოვათავსე და დავფიქრდი რაში დამედო ბრალი… ვერაფერი მოვიფიქრე, არაფერი გამახსენდა, ამიტომ თავს გულგრილობა წავუყენე ბრალად.

სითბო მაკლია, არა, ცუდად ვთქვი, სხვანაირად უნდა მეთქვა, ასე გაგიჭირდებათ ჩემი გაგება, სითბო მე მაკლია, ანუ არ მაქვს საკმარისი იმისთვის, რომ გავცე, ამიტომ ცივი ვარ, თუმცა ამ სიცივის გაცემაც მენანება და ძირითადად არაფერს გავცემ, მხოლოდ ვიღებ, ოღონდ მიღებულ სითბოზეც არაფრით ვპასუხობ, პირიქით ზოგჯერ ისეთი აგრესია მიპყრობს ხოლმე, მინდება ვუთხრა, მომწყდნენ თავიდან, არადა აგრესიული ადამიანი არ ვარ, პირიქით ძალიან ჩუმი, უემოციო ვარ ხშირად, არც კონტაქტების დამყარებით ვიკლავ თავს. არ ვიცი ეს რისი ბრალია და ვიმედოვნებ, რომ ამას თქვენი მეშვეობით გავიგებ, ოღონდ ამაში დიაგნოზს არ ვგულისხმობ, წინასწარ გიხდით ბოდიშს იმისთვის რასაც გეტყვით, როდესაც თქვენ დასკვნას მოვისმენ, სწორად გამიგეთ აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი გულახდილი საუბრის შემდეგ მიზეზები თავად ვიპოვნო.

ვჩუმდები, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ ვიღებ. შემდეგ კი ისე, რომ თვალებით ისევ იატაკს ვჭამ, ვაგრძელებ.

გუშინ დერეფანში ახალგაზრდა ქალი შემხვდა, დაბნეული ჩანდა, გადაღლილიც, ეცადა თვალი აერიდებინა ჩემთვის, რაღაცნაირი უხერხულობა გამოსჭვიოდა მისგან, მე ისე შინაურულად მივაბიჯებდი ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ შენობაში, რომ ძალაუნებურად თავი უხერხულად ვაგრძნობინე. ფეხებზე დავუწყე ყურება, არ ვიცი რატომ მომტაცა თვალი მისმა წვივებმა, ახლა თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ გრძელი, თხელი, ლამაზი წვივები, არადა შეცდით, საკმაოდ ხორციანი ქალბატონი იყო სხვათაშორის, არც მის ფეხებში იყო რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი, მაგრამ მომინდა მივსულიყავი და მეთქვა: ”ქალბატონო თქვენ ისე გიხდებათ ეს ფეხსაცმელი”… არ მივედი, არ ვუთხარი, უტაქტობად ჩავთვალე, ახლა კი ვფიქრობ იქნებ ღირდა მივსულიყავი და მეთქვა მისთვის ეს, იქნებ ღირს იშვიათად მაინც გავაკეთო ის რაც ზოგად სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

წერილებს ვწერ, აურაცხელი რაოდენობით წერილებს, ხშირად თავს ვიტყუებ და წარმოვიდგენ, რომ ის ვისაც ამ წერილებს ვწერ ჩემთვის ძვირფასია, არადა არა, ის სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ რამდენიმე წლის წინ დავაჯერე თავი, რომ უნდა შემყვარებოდა და მას შემდეგ ამ ჩვენებას ვაწვები. მომეწონა, როგორც საქონელი ისე შევაფასე, ის ყოველმხრივ აკმაყოფილებდა ”მუზისთვის” აუცილებელ მოთხოვნებს, ჰოდა საკუთარ თავს ვუბრძანე, რომ უნდა შეყვარებოდა. შეუყვარდა? არ ვიცი, ალბათ არა, ვინაიდან ყველაფერი რაც მასში მხიბლავს ჩემი მოგონილია, ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.

დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ არ შევმცდარვარ, მასში იმდენი დადებითი რამ აღმოვაჩინე… თუმცა ეს საგრძნობლად შორდებოდა ჩემი ”მუზის” მოთხოვნებს და ისევ ფანტაზიას მივანიჭე უპირატესობა.

ჰოდა დღეს ვეღარ გავერკვიე ვინ არის ის ჩემთვის, არავინ მეთქი, როცა ვამბობ ვხვდები, რომ საშინლად ვიტყუები. ვეღარც მუზას ვუწოდებ, ის აღარ ბადებს ახალ იდეებს ჩემში, ვერც იმას ვიტყვი, რომ მისი რეალური სახე იმდენად გადასარევი აღმოჩნდა, რომ შემოყვარდა, ჰოდა ვერაფრით შევძელი იმის გარკვევა რა მინდა მისგან, რას ველოდები…

ტუჩებთან თითი მიმაქვს და ვანიშნებ, რომ გაჩუმდეს:

- მე ხომ გითხარით, რომ ვერ ვიტან როდესაც საუბარს მაწყვეტინებენ, როდესაც კითხვებს მისვამენ, როდესაც დასკვნები გამოაქვთ, ხომ გითხარით, რომ არაფერში მჭირდება ეს თქვენი ყბადაღებული და უკვე გადაპრანჭული ფსიქოანალიზი, ამიტომ ბოლომდე მომისმინეთ.

ვიცი რისი კითხვაც გინდოდათ, გსურდათ მესაუბრა დეტალებზე, მეტი მომეყოლა მასზე, გეკითხათ ის რას ფიქრობს ჩემზე…

ვწუხვარ, დღეს მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვაპირებ საუბარს, ამიტომ იმ ინფორმაციით შემოიფარგლეთ, რომელსაც გაწვდით.

ხშირად ვცდილობ გავიგო საბოლოო ჯამში ”ცუდი ადამიანი” ვარ თუ ”კარგი”, მაგრამ დასკვნების გაკეთება ვერაფრით შევძელი, ორივე მხარეს თავისი არგუმენტაცია აქვს, მე კი ეს დაწყევლილი განაჩენი ვერაფრით გამოვიტანე. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ვინმე უფრო მაღლა მდგომი განიხილავს ამ საკითხს, გნებავთ ღმერთი უწოდეთ და გნებავთ სხვა რამ.

იცით, რომელი მწერლების მშურს?! რომლებსაც შეუძლიათ მიუსხდნენ მაგიდას, მოიმარჯვონ კალამი და ფურცელი და დაიწყონ წერა, შემდეგ კი ადგნენ ცოტა ხანს იარონ ოთახში, შემდეგ ისევ წერა განაგრძონ. ასე არასდროს შემეძლო, ჩემი მუზა ძალიან ჭირვეულია, ზოგჯერ ლამისაა სული ამომხადოს დაწერეო, ზოგჯერ კი უკვალოდ ქრება და ზრდილობის გულისთვისაც კი არ მკითხულობს. მე მას ”კახპას” ვეძახი, ნუ მაიძულებთ ახლა ეს დეტალურად განგიმარტოთ, უბრალოდ ასე მომწონს მისი მოხსენიება.

მარტო ვარ, უმეტესად არავინ მყავს, არავინ ვისთან საუბარსაც შევძლებ, ვინც მომისმენს… მარტო ვარ და ხშირად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ზოგჯერ, ისეთ მომენტებში, როდესაც საკუთარი სისუსტე თავს მახსენებს, ვიღაცის საშინელ საჭიროებას ვგრძნობ და მაშინ ვხვდები, რომ ჩემი მხრიდან ბედნიერებაზე საუბარი მსუბუქად, რომ ვთქვათ თავის მოტყუების მცდელობაა. არ ვარ ბედნიერი და მინდა თქვენი სახით ყველას ვუთხრა, რომ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამის გამო, რომ ყველა ფეხებზე მკიდიხართ ვინც ამას უმადურობას უწოდებთ (შეურაცხყოფის გარეშე).

მთელი დღე მეგობრის ლანძღვაში გავატარე, საკუთარ თავს ბრალი ვერ დავუმტკიცე და განტევების ვაცი ხომ უნდა მეპოვნა, ჰოდა ყოყმანის გარეშე შევაწმინდე ხელები, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შევცდი, მან მიპასუხა, იმაზე თბილად ვიდრე ვიმსახურებდი, მომიკითხა…
იშვიათად უმადური ადამიანი ვარ. ვიცი რომ ეს ზოგადად ადამიანების თვისებაა, თუმცა მე ეს გადაჭარბებული დოზით მაქვს.

საერთოდ ვერასოდეს ვახერხებ შუალედის პოვნას, კატეგორიულად რადიკალური ვარ (ხედავთ, როგორი ფრაზა გამოვიდა, მგონი ჩემი ”კახპა” დაბრუნდა)…

ვერ ვიტან, როდესაც თბილად მექცევიან, უფრო სწორად კი ჩემი ”კახპა” ვერ იტანს ამას, მაშინვე იწყებს ჩემოდნის ჩალაგებას და უკვალოდ უჩინარდება, მე კი ის ისე მჭირდება, როგორც არავინ.

მგონი დღეისთვის საკმარისია, შემდეგზე განვაგრძოთ. თქვენ კი სახლში მისულმა რაც გსურთ ის უამბეთ ბავშვებს.

ვემშვიდობები და ვგრძნობ, როგორი შვება ეუფლება მის დაძაბულ სხეულს. 


ოცნება ძილზე


სამსახურის შემდეგ სიცხეში გასულს გონება მიბნელდება დაღლილობისგან და მიწის ყურებით გართული მივჩაქჩაქებ. რამდენიმე დღის წინ ნანახი განცხადება მახსენდება და ვცდილობ აღვიდგინო მისამართი, ვიცი, რომ ჩემი ტვინის უკიდეგანო გადაღლის ფონზე ტელეფონის ნომრის გახსენებაზე ფიქრს აზრი არ აქვს.
თითქოს გონება მინათდება და ნახევარ საათში უკვე გრილ მოსაცდელში ვზივარ და ნერვიულად ვურტყამ ფეხს მაგიდის კიდეს. მიმღებში გამომწვევად ჩაცმული გოგონა რამდენიმე წუთში ერთხელ აპარებს ჩემსკენ თვალს და იმის დასამტკიცებლად, რომ არ დავვიწყებივარ უაზროდ მიღიმის. მეც ღიმილითვე ვპასუხობ და ისევ ფეხებზე ვიყურები, ვფიქრობ რატომ მაქვს მარჯვენა ფეხის მუხლი ასეთი გალურჯებული, თუმცა გონების უკიდურესი დაძაბვის მიუხედავად ვერავითარი ინციდენტის გახსენებას ვერ ვახერხებ.
ფიქრებში გართულს ჩემი სახელი მესმის, გოგონა ხელით მანიშნებს, რომ გავყვე, დერეფნის ბოლოს კარებთან სოლიდურად გამოწყობილი ორმოც წლამდე ქალბატონი მელოდება და ზუსტად ისეთივე აზრს მოკლებული ღიმილით მიყურებს, როგორც ის ვინც ახლა მისკენ მიმაცილებს.
კარებთან მისულს მსიამოვნებს, რომ ქალბატონმა უკვე იცის ჩემი სახელი და მეგობრულად (ჰო, მეგობრულად და არა ოფიციალურად) მიწვდის ხელს ჩამოსართმევად.
მე მორცხვად ვესალმები და სიგრილისგან გონზე მოსული საკუთარ თავს ვეკითხები ”აქ რამ მომიყვანა?” თითქოს ქალბატონი ხვდება რაზეც ვფიქრობ და უკვე სახეზე შემხმარი ღიმილით მეუბნება ”ალბათ გაინტერესებთ კონკრეტულად რისი შემოთავაზება შეგვიძლია”. მე თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ვფიქრობ, რამდენი ხანი მომიწევს მისი მოსმენა სანამ შევძლებ ვუთხრა მადლობა და მომავლის იმედით დავემშვიდობო.
გამომწვევად ჩაცმული გოგონა ღიმილიანი სახით ტოვებს ოთახს და ქალბატონის თხოვნის შესაბამისად კარებს ხურავს.
მე ნერვიულად ვათვალიერებ კედლებს და ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა მის გაფორმებაზე ეზრუნათ, ვინაიდან მათი სიშიშვლე საავადმყოფოს განცდას მიქმნის.
ამასობაში ჩემ წინ მჯდომი ქალბატონი ღიმილით მეუბნება, რომ დაავიწყდა გამცნობოდა და მეცნობა ”მე თამარი ვარ”, ღიმილით ვეუბნები, რომ სასიამოვნოა. შემდეგ კი იწყებს საუბარს იმაზე, რომ მე დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი სტრესის, ნევროზის, ერთფეროვნების დასამარცხებლად. რიტორიკულად მეკითხება მიფიქრია თუ არა იმაზე, რომ ყველა ოცნების გაცოცხლება და განცდა შემეძლო, რომ ყველა ჩემი უკიდეგანოდ არა რეალური იდეაც კი სავსებით განხორციელებადი იყო და რაც მთავარია თანმდევი შედეგის გარეშე. მე ვხვდები, რომ კიდევ დიდ ხანს მომიწევს მისი უკიდეგანოდ გადაპრნჭული მონოლოგის მოსმენა და მთქნარების სურვილი მკლავს. ამ დროს კი ის ცელოფანში ჩადებულ მწვანე შეფერილობის აბს მაწვდის და მეუბნება, რომ პირველ ჯერზე ეს სავსებით უფასოა და თუ შემდგომში კმაყოფილი ვინქები შევძლებთ თანამშრომლობას.
მე უნდობელი გამომეტყველებით ვართმევ წამალს და ვაკვირდები, ის მეუბნება, რომ მედიკამენტი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და სავსებით ბუნებრივია. ამის დასამტკიცებლად კი ლიცენზიას მაწვდის და ამაყად მიმანიშნებს ბლანკის თავში გამოსახული ღერბისკენ. მე ისევ იდიოტურად ვიღიმი.
რამდენიმე წუთში ვემშვიდობებით ერთმანეთს და მე სახლში მისული ვფიქრობ იმაზე თუ რამდენი დრო დავკარგე.
ტელევიზორს უაზროდ მივჩერებივარ და მახსენდება, რომ დროა დავიძინო, ვინაიდან ხვალ ისევ დარეკავს მაღვიძარა.
ფანჯარას ვაღებ, ვწვები საწოლში და მახსენდება აბი, რომელიც ჩანთაში მიდევს ხელუხლებელი. ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებ და გავდივარ ჭიქა წყლის მოსატანად. ვეცნობი ინსტრუქციას და ვფიქრობ იმაზე რაც მინდა, რომ დამესიზმროს, ალაგ-ალაგ ჩემი სიზმრის დეტალებზე ფიქრისას ისტერიული ხარხარი მიტყდება და შემდეგ შეთქმულის სახით ვიღებ წამალს.
მალევე ვითიშები.
მაღვიძარას ხმაზე ცალ თვალს ვახელ და მონდომებით ვაჩუმებ მას, შემდეგ კი ოდნავ გონზე მოსული ვხვდები, რომ უაზროდ ვიღიმი, კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა არ მტოვებს.
ამის გაცნობიერებისას მომენტალურად ვფხიზლდები და ვხვდები, რომ ქალბატონი თამარი მართალი იყო, მე შეკვეთილი სიზმარი ვიხილე და არათუ ვიხილე, არამედ ვიცხოვრე, განვიცადე, ვიგრძენი კიდეც.
სამსახურში მისული სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ და ერთი სული მაქვს მოვიდეს საღამო, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვეახლო ქალბატონ თამარს.
კარებში შესულს გოგონა გუშინდელივით მიღიმის და დერეფნის ბოლოს თამარი მელოდება. ხელს ვაწერთ შეთანხმებაზე (თუმცა წესიერად არც კი ვეცნობი მას) მაძლევს 10 აბს და ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით.
სახლში მოსულს მოუთმენლობა მიპყრობს, თუმცა ვხვდები, რომ იმდენად ვარ აფორიაქებული დაძინებას კიდევ დიდ ხანს ვერ მოვახერხებ, მე კი მენანება თითოეული წუთი, რომელიც სანუკვარი ცხოვრებისგან მაშორებს. ჰოდა, ვდგები და ვიწყებ საძილე საშუალების ძებნას.
ისევ მაღვიძარა რეკავს, იმის იმედით, რომ პარასკევია ვფხიზლდები და ვემზადები სამსახურში წასასვლელად. მთელ დღეს ღამეზე ფიქრში ვატარებ და მიუხედავად იმისა, რომ სახლში მისულს გარედან ჯერ კიდევ მზე მიჭყიტინებს მე საძილე წამალს ვიღებ.
შაბათ-კვირას თითქმის არ ვიღვიძებ.
ორშაბათს სამსახურში ვრეკავ და ვამბობ, რომ ავად ვარ, მეორე ხელში კი მომწვანო შეფერილობის აბი მიჭირავს და მოუთმენლად ველოდები თვალების დახუჭვას.

მე ბედნიერი ვარ.

შორიდან მესმის ჩემი სახელი, თითქოს ვიღაც დაჟინებით ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას, მე კი ხმას არ ვიღებ. ცოტა ხანში ირგვლივ ისევ ყრუ სიჩუმე ისადგურებს.

”გარდაცვალების დრო 18:48 სთ.”

ბედნიერი ღიმილი მაფენია სახეზე. 


ჩვენ


საკუთარი ხმის მოსმენა მსიამოვნებს. ასე არასდროს ვყოფილვარ, პირიქით გაუცხოვების განცდა მქონდა ხოლმე და მორცხვად ვხრიდი თვალებს, შემდეგ კი უიმედოდ ვაპროტესტებდი, მე ასეთი ხმა არ მაქვს მეთქი.
დღეს ყველაფერი შეიცვალა, მიყვარს ჩემი თუნდაც ჩამწერისგან დამახინჯებული, მოგუდული ხმის ტონალობა, უცხოობასა და სიახლოვეს შორის არსებული განცდა მეუფლება.
საკუთარი თავის შორიდან თვალიერება შევიყვარე.
ზედმეტი გულღიაობა დავიწყე, გულახდილობას ვერ დავარქმევ თუმცა რაღაც დოზით სიმართლის ლაპარაკს შევეჩვიე და ეს მაშფოთებს.
ვერასოდეს ვავლებდი ზღვარს საჭირო და არა საჭირო ინფორმაციის გაცემას შორის, ან პირში წყალს ვიგუბებდი და ერთ სიტყვასაც ვერავინ დამაცდენინებდა ანაც პირიქით მოვაღებდი ხოლმე პირს და ვსაუბრობდი დაუსრულებლად. შემდეგ გადავეჩვიე ამას, ვცდილობდი თავი შემეკავებინა მოსახერხებელ მომენტში და არაფერი მეთქვა იმაზე, რაზე საუბარიც არ მიმაჩნდა გამართლებულად. დღეს დილით კი აღმოვაჩინე, რომ წითელი ღილაკი, რომელსაც ”სდექ” აწერია, ისევ გამოვიდა მწყობრიდან.
***
ის ქალია ამ სიტყვის ყველაზე სტანდარტული გაგებით. საუბრობს იმაზე, რაზე საუბარიც ზოგადად ამ სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ ხოლმე, მოვლენების აღწერის მანერაც ისეთი ფემინური აქვს, რომ ერთი წამითაც კი ვერ გაივლებ გულში, რომ ის თამაშობს.
მსახიობობა უყვარდა, ამ კუთხით საკუთარი თავის განვითარებაზე არასოდეს უზრუნია, მაგრამ ისე ბავშვურად უყვარდა, რომ თავს როლების თამაშის უფლებას ვერასოდეს ართმევდა.
შემდეგ ხანგრძლივი პერსონაჟი იპოვნა და შეიფერა, ყოველ დილით თვალის გახელისას ხვეწავდა მას და საღამოს საკუთარი თავის თამაშის შემდეგ ისეთი ოსტატობით ირგებდა ამ ნიღაბს, რომ ლამის იყო სარკეთან მისულიყო და საკუთარი სილუეტისთვის ჰაეროვანი კოცნა გაეგზავნა, თუმცა ეს ქმედება მის ახლად შეთითხნილ, უფრო კონკრეტულად კი დიდი ოსტატობით გამოძერწილ პერსონაჟს აღარ შვენოდა.
ის ქალია, ისეთი დახვეწილი და სიფრიფანა, რომ არ შეიძლება არ შეგიყვარდეს. მისი ნელსურნელება დიდ ხანს რჩება კედლებს სადაც მან გავლა მოასწრო, ოთახში შევლისთანავე სიამოვნებისგან მინაბული მზერით კითხულობ: ”აქ იყო?”, არავინ გეკითხება ვინო ისე გპასუხობენ, რომ ”დიახ”. მათში გაჩენილი აღფრთოვანების შეგრძნება ისეთი მონდომებით ანადგურებს სისხლში შერეულ ყველაზე გავრცელებულ შხამის სახეობას, რომ მას არავითარ შანსს არ უტოვებს, მისი არ შურთ, მას ეთაყვანებიან.
სახლში მისული საკუთარ სილუეტს დიდ ხანს აკვირდება, იცის, რომ ყველა კუთხეში მიმალული მისივე მოგონილი პერსონაჟი მალე ისეთი სისწრაფით შთანთქავს მას, რომ ის ვეღარ შეძლებს დილამდე საკუთარი მთლიანობით ტკბობას, მხოლოდ მაგიდასთან მჯდომი დააკვირდება ხელებს და ვნებიანად მოიკვნეტს ტუჩს, როდესაც თავისივე თითების სინაზეს შეავლებს თვალს.
მისი პერსონაჟი ტლანქია.

***

შენ ისეთი უმანკო ხარ, რომ საკუთარ თავს სარკეში თვალს ვერასოდეს უსწორებ. ლამაზ კაბაში გამოწყობილი ირგებ ბავშვური სიარულის მანერას რათა სხვებმა ვერაფერი გაივლონ გულში.საუბრისას თვალებში არასოდეს მიყურებ, ცდილობ თავი მომაჩვენო თითქოს კედლების თვალიერებით ისე გაერთე, რომ სულ გადაგავიწყდა ჩემთვის თვალის გასწორება. მეც არ გაკვირდები, ვიცი დაძაბულობა გიპყრობს და სიტყვების პოვნა ყოველი წუთის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო გიჭირს. დუმილი გაშფოთებს, ყოველთვის, როდესაც ხვდები, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, თვალებში ისეთი შიში გესახება, რომ მაშინვე ვიწყებ ახალ თემაზე საუბარს.

შენ არასოდეს საუბრობ ამინდზე, შენში არსებულ უმანკოებასთან ერთად ძალიან გიყვარს შენივე განსხვავებულობა.

ასაკთან ერთად გაურკვევლობა გიპყრობს და ვერაფრით გაგიგია საიდან გაჩნდა შენში ლტოლვა მამაკაცების ყურადღებისკენ.

***

მის პერსონაჟს ახალი გატაცება ყავს. სულ უფრო ხშირად მსტუმრობს და მე ვერაფრით ვუტყდები, რომ შემიყვარდა, ვატყუებ, რომ არაფერი ვიცი მისი ფემინურობის შესახებ. შენ ეჭვიანობ, შენი უმანკოებისთვის სრულიად შეუფერებელი გრძნობები გჭამენ და გიკვირს საკუთარი უძლურება მისი მომხიბლავობის მიმართ.
ვიცით, რომ მალე ქალბატონი ვენერა გვეწვევა და სამივეს გვეტყვის თითო კომპლიმენტს, მე ისეთივე მზერით დავიწყებ იატაკის თვალიერებას, როგორი მზერითაც უარვყოფდი ხოლმე საკუთარ ხმაზე საკუთრების უფლებას. შენ გაიბადრები და შეეცდები შენში მიძინებული ბავშვი გააღვიძო და უმანკოდ იტყვი ”გმადლობთ”-ს. ის შესაშური გულღიაობით უპასუხებს მას, ქათინაურითვე უპასუხებს, მხარზე ხელს შეახებს ნაზად და ეტყვის ”ქალბატონო ვენერა, თქვენ შეუდარებელი ხართ”. ამას მათი შეხმატკბილებული კისკისი მოყვება და ჩვენ ვიეჭვიანებთ. 


ფსკერზე ვართ?!


- ფსკერზე ვართ? – მიჩურჩულა ყურში.
მე არაფერი ვუპასუხე, მხრები ავიჩეჩე შეუმჩნევლად და განვაგრძე წიგნის კითხვა.
- თავს ნუ იკატუნებ, ერთი სიტყვა მაინც თუ გაიგე იქიდან რაც წაიკითხე?!
კვლავ დუმილით ვპასუხობ, ერთ წერტილს ვუკიტკიტებ და ვხვდები, რომ მართლაც არაფერი გამიგია იქიდან რაც წავიკითხე.
ფეხზე დგება, სიარულის მანერაზე ვატყობ, რომ აფორიაქებულია, ცოტა ხანს ბოლთას სცემს, მე კი შეუმჩნევლად ვაპარებ თვალს მისკენ და ვფიქრობ რატომ უკანკალებს ხელები. ნახევარ საათიანი სიჩუმის შემდეგ, სკამზე ადის, მე წიგნს გვერდზე ვდებ და ვუყურებ შეშფოთებული სახით, თუმცა ხმას არ ვიღებ, ის არ მიყურებს, კედელს მისჩერებია, ხელები ისევ უკანკალებს და შემდეგ იწყებს:
”საით მივდივართ? იცი ამ კითხვას რატომაც ვსვამ! შენც მთელი დღეა ამაზე ფიქრობ. ეს თვითგანადგურებისკენ სწრაფვა ალბათ მეტყველებს ჩვენში ჩამოყალიბებული თეორიის სისწორეზე.
აბა დაფიქრდი, ალბათ თითოეულ ჩვენგანს ჩადებული აქვს რაღაც კოდი, შეგნებულად დაბადების მომენტიდან ესწრაფვის ერთ იდეას, მიუყვება გზას, იბრძვის რაღაცისთვის.
ჰოდა, სად არის ჩვენი ადგილი? მაშინ როდესაც ერთნი დაჟინებით იკაფავენ გზას მწვერვალისკენ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს), მეორენი ერთ ადგილს ტკეპნიან და წუწუნებენ, რომ არ უმართლებთ, მესამენი კი…
ჩვენ ზუსტად ის მესამე ჯგუფი ვართ, რომელზეც არსად საუბრობენ, გვმალავენ, თითოეული ჩვენგანი უმეტეს შემთხვევაში ვერც კი ხვდება რა დამღა აქვს დაბადებიდან, ან იქნებ ესეც ერთგვარი დაავადებაა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვიძენთ, სადღაც გვეყრება უკურნებელი სენივით და შემდეგ თავს ვეღარაფერს ვშველით. შენ დიდი ხანია იცი, რომ საკუთარი თავის მიმართ განცდილ ზიზღს მხოლოდ იმიტომ ეძახი ”მუზას” რომ მას რაიმე გამართლება მოუძებნო. შენ კარგად ხვდები, რომ ვერაფრით ეწინააღმდეგები შემოჩენილ ჟინს, რომელიც გაიძულებს ჭაობში უფრო ღრმად ჩაიძირო. და ჰოი საოცრებავ, დღეს ორივე მივხვდით, რა გვინდა, ვინ ვართ, რა ავადმყოფობით ვართ შეპყრობილნი და სად არის შვება.
ბრძოლა თვითგანადგურების წინააღმდეგ – სწორედ ეს არის ყველაზე დიდი თვითგანადგურება, ჩვენ ვისაც ეს ავადმყოფობა გვჭირს, ვერასოდეს ვაცნობიერებთ ამას, ჩვენი ჯგუფის ადამიანები განსაკუთრებული ბრძოლის უნარით გამოირჩევიან და ეს კიდევ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს. რაც უფრო დიდ ხანს არ ვყრით ფარ-ხმალს, მით უფრო დიდ ხანს გვიწევს გაურკვევლობასა და სიბნელეში ყოფნა, როდესაც ყველაფერი გვაიძულებს დავეცეთ და ჩვენ დაჟინებით ვიბრძვით ასადგომად, ეს კიდევ უფრო მეტად წელავს დაცემის სამარცხვინო და მტანჯველ მომენტს, ბოლოს კი მაინც ვეცემით, მთავარია ეს ”ბოლოს” არ იყოს ზედმეტად გვიან.
ჰოდა აბა მიპასუხე ფსკერზე ვართ?
კვირის 6 დღეს ფეხზე დადგომისთვის ბრძოლას ვანდომებთ, თითქოს ის ისაა უნდა გავიმართოთ წელში, რომ მეშვიდე დღეს მუხლი გვეკვეთება და ისევ იქ ვბრუნდებით სადაც ვიყავით, მთელი დღის განმავლობაში საოცარი შეუბრალებლობით ვურტყამთ საკუთარ თავს და მაინც ვხვდებით, რომ ვერ შევძელით მისი საკმარისად გამეტება.
შესაბამისად წრეზე დავდივართ, ერთი და იგივე ადგილს ვუბრუნდებით, მხოლოდ მათგან განსხვავებით ვინც ამ ადგილს უაზროდ ტკეპნის ჩვენ არასწორი მიმართულებით წასული ფიქრთა ნაკადის გამო მთელ დროს ბრძოლაში ვხარჯავთ და მაინც იმ ტალახში ვაგდივართ სადაც ვიყავით.
ფსკერზე ვართ?
დღეს ის მეშვიდე დღეა, რომელიც ყოველთვის გვაძლევს შანსს ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს მდგომარეობა, მაგრამ აღნიშნულის გაცნობიერების შეუძლებლობის გამო საკუთარ თავს საკუთარი სიბრალულითვე ერთ გულის ამრევ ჭაობში სამყოფად ვიმეტებთ.
აღიარე, ერთხელ და სამუდამოდ აღიარე ყველაფერი, მიეცი თავს უფლება დაეცეს, დადგეს მუხლებზე, ჩაიძიროს, თუნდაც ერთხელ დაესვენოს ფსკერზე, შეიბრალე ბოლოს და ბოლოს, ოღონდ სწორად შეიბრალე, დღეს ჩვენი თავის შებრალებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავის მიმართ შეუბრალებლობაზე გადის.
მიეცი უფლება ბოლომდე დაეცეს.
ფსკერზე ვართ?
არა, არ ვართ ფსკერზე, არ ვართ და შენ ეს იცი, ჰოდა ზუსტად მაშინ გვეშველება როდესაც ვიქნებით, როდესაც მივხვდებით, რომ ამაზე ღრმად ვეღარ ჩავიძირებით, როდესაც ბეჭებს დავასვენებთ მიწაზე, ვიტყვით, რომ დავეცით, როდესაც ბრძოლა ფსკერსა და მწვერვალს შორის კი არ გაგვყინავს არამედ ფსკერზე დაცემულს გვაიძულებს ავდგეთ.
ადამიანი მხოლოდ მაშინ შეძლებს ადგომას როდესაც დაეცემა, ჰოდა დავეცეთ.
ფსკერზე ვართ?
შენ ხომ იცი, რომ ამას სხვანაირად არაფერი ეშველება, ქვეცნობიერად მიილტვი კიდეც საკუთარი თავის სრული განადგურებისკენ.
ჰოდა, როდესაც გკითხავ ფსკერზე ვართ? და შენ მიპასუხებ ”დიახ ჩვენ ფსეკრზე ვართ”, იმ მომენტიდან დავიწყებთ ადგომას და ჩვენ იმ უიშვიათეს ინდივიდებს შორის აღმოვჩნდებით, რომლებიც მესამე ჯგუფიდან გადავიდნენ პირველში და ფსკერიდან ავიდნენ მწვერვალზე.
ჰოდა, ფსკერზე ვართ? ” 


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 951 other followers

%d bloggers like this: