Monthly Archives: March 2011
მოკლე ჩანაწერი
უუნარობა
ტელეფონზე
მე და ფერები

დღეს
რიჟრაჟზე ფანჯრიდან შემოპარულ შუქზე საკუთარ ხელს დავყურებ ნამძინარევი თვალებით და ნაოჭების რელიეფის შემხედვარე ვიმეორებ, რომ თითოეული მათგანი უკვე ნიშნავს უნიკალურობასა და განუმეორებლობას. ვერაფრით ვამყარებ ფიქრების ნანატრ წესრიგს, ისინი ძველებურად თავაშვებულად განაგრძობენ ხეტიალს და მხოლოდ სარკასტული მზერით მამცნობენ, რომ ამაოა ყველა მცდელობა. სათქმელი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ცოტაა, საფიქრალი კი არ ილევა.
დღის გეგმებზე ფიქრისას წინასწარ წარმოვიდგენ როგორ ვზივარ სავარძელზე და შთავაგონებ ჩემ თავს ყურადღებით მოუსმინოს გარშემომყოფებს, მზერა კი მიუხედავად ყველა მცდელობისა ინარჩუნებს სრულ ინდიფერენტულობას და სადღაც წასული ფიქრების გადამკიდე უფრო და უფრო უმეტყველო ხდება.
დღეს ეკლესიაში უნდა წავიდე – ვიმეორებ – საღამოს, ყველა სავალდებულო ვიზიტის შემდეგ აუცილებლად დავიხურავ ბერეტს და ჩვეულებისამებრ ვიყიდი ზუსტად ხუთ სანთელს. ალბათ ბევრი ხალხი დამხვდება, შემდეგ იტყვიან საღამოს მსახურება დამთავრდაო და მეც ხალხის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გავემართები სანთლის ასანთებად, ალბათ რიგშიც მომიწევს დგომა, ძველებურად გავბრაზდები შეკრებილი ადამიანების მოუთმენლობის თითოეულ გამოხატულებაზე, რიგს დავუთმობ კოპებ შეკრულ მოხუც ქალბატონს, შემდეგ კი საკუთარ თავს უკვე ათასჯერ ნათქვამ საყვედურს გავუმეორებ ყელში მოწოლილი სიბრაზის გამო.
საათი მატყობინებს, რომ ჯერ ძალიან ადრეა, რომ შემიძლია თამამად დავიფარო ხელი თვალებზე და საკუთარ თავს შთავაგონო რომ ეძინება. მოთენთილობისა და უძილობისგან ხელი ზედმეტად მაქვს დამძიმებული და დახუჭულ თვალებზე მისი ყოველი შეხებისას თვალწინ ათასგვარი ნახატი მეშლება, დღის სინათლე კი დაჟინებით ატანს ქუთუთოებს მიღმა და ფონი გულის ამრევად ყავისფერი ხდება.
მიუხედავად დიდი სურვილისა რაიმე არსებითსა და პრობლემატურზე ვიფიქრო, ყველაფერი უკვე ერთფეროვნებად ქცეულ მხატვრულ აბსურდად ყალიბდება და საიდანღაც მეპარება იმედი, რომ დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნება.
დაღამებისას კი ისევ ვზივარ საწოლის გვერდით და ვფიქრობ მორიგი არაფრით გამორჩეული, უღიმღამო დღის დასრულების აღსანიშნავად კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ხომ არ მოვწიო.
წამიერი ოცნება ძილზე
გაზაფხული ახალი მოსული იყო, ზამთარი არ ჩქარობდა წასვლას, საათიც არა და არ კრავდა დაძინების დროს, ის კი იდგა ღია ფანჯარაში და ოთახში შემოსული სუსხით ტკბებოდა 1 ღერი სიგარეტის ფონზე. გვერდზე ოთახში ვიღაც სიმღერას ყვებოდა ჩუმად და არც აინტერესებდა ვინმე უსმენდა თუ არა.
ვერაფრით გაეგო პირიდან ორთქლს უშვებდა თუ სიგარეტის კვამლს, იჯდა დახეულ სავარძელზე და ოცნებობდა წამზე, როდესაც ძილი მოერეოდა, მაღვიძარაზე ფიქრობდა, რომელიც სულ რამდენიმე საათში დაიწყებდა დაჟინებით რეკვას და მისი გაჩუმების პირველივე მცდელობა უძილობის ჟამს ნანატრი ძილის დადგომას საბოლოოდ გააცამტვერებდა.
რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი სიმღერა უკვე თავის დროს ჭამდა და ემოციებს საერთოდ აღარ იწვევდა, ოთახში ბოლთას სცემდა და ღრმად სუნთქავდა ჰაერს იმისთვის, რომ ეგრძნო გარედან მონაბერი სიგარეტის სუნით გაჟღენთილი სიო. დილით გაჩენილი ბედნიერების შეგრძნებაც ნელ-ნელა, უჩუმრად იძურწებოდა ოთახიდან და საკუთარი თავის მიმართ სულ რამდენიმე საათის წინ ნაგრძნობ სიყვარულს თვალით ანიშნებდა გამომყევიო. ეს უკანასკნელი ფეხს ითრევდა, ყოველ ნაბიჯზე იყურებოდა უკან და დანანებით იქნევდა თავს, ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფი ნაბინჯით გაიხურა ოთახის კარები.
არაფერი უგრძვნია, ძველებურად გაჰყურებდა ქუჩას და ფიქრობდა წამზე როდესაც იგრძნობდა როგორ დაუმძიმდებოდა ქუთუთოები, როგორ მოუდუნდებოდა ყველა კუნთი და როგორ მილასლასდებოდა საწოლამდე იმის იმედით, რომ დღეს მაინც აღარ ნახავდა ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში აკვიატებულ ბინძურ კლინიკას, რომლიდან თავის დაღწევასაც უშედეგოდ ცდილობდა.


























