Monthly Archives: January 2011

განწყობა


ავადმყოფური ფერი ედო ირგვლივ ყველაფერს, და მოვლენებიც ავადმყოფისთვის სრულიად შესაფერისი სიმპტომებით ვითარდებოდა. პრეტენზიების გამოხატვის უშრეტი სურვილით შეპყრობილი აურაცხელი რაოდენობით ადამიანი უსაქმურად დაეხეტებოდა ოთახიდან ოთახში და ნიშნის მოგებითა და საკუთარი ავტორიტეტის ხაზგასმით აფიქსირებდა პრობლემებად წოდებულ სრულიად უმნიშვნელო მოვლენებზე საკუთარ არაფრის მთქმელ პოზიციას.
უსაქმურობისგან თავმობეზრებული ვიდე უსარგებლო ნივთივით სკამზე და ამრეზით ვათვალიერებდი ირგვლივ ძალიან დაკავებული ადამიანების მოძრაობას. დღე აშკარად შეუმდგარი და ისეთივე უმაქნისი იყო როგორიც მე, ჩვენი განწყობა სავსებით ემთხვეოდა ერთმანეთისას, ნოსტალგიის ხელოვნური გაღვიძების ყველა მცდელობაც სულ რამდენიმე წამში განიცდიდა მარცხს და ყურებ თუ ხელებ ჩამოყრილი უბრუნდებოდა ტვინში იმ საწყის პოზიციას საიდან განვითარებასაც სულ რამდენიმე წამის წინ ცდილობდა.
მოლოდინის შეგრძნებაც ყველაზე შეუფერებელ მომენტში წამოყოფდა ხოლმე თავს და მისგან თავის დაღწევა ყოველ ჯერზე ერთი ორად რთული ხდებოდა. ვოცნებობდი ადგილზე, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ექნებოდა, იმისთვის, რომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დამედო ჩემი სხეული სკამზე და უემოციო თვალებით მეყურებინა სრულიად უსიცოცხლო ალაგისთვის, შემდეგ კი მე და ამინდი გადავხედავდით ერთმანეთს და ვიტყოდით, რომ კიდევ ერთი ჩვენნაირი ვიპოვნეთ,მერე ნელი მოძრაობით გავხედავდით მკვდრის ფერ დადებულ ჰორიზონტს და კმაყოფილი სახეებით გამოვუშვებდით კვამლს პირიდან.
აბსოლუტური სიმძაფრით ვგრძნობდი, როგორი მონდომებით იწყებდა ძარღვებში  შხამი სისხლის ნაცვლად ჩქეფას, ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავის დაგესვლა წარმოუდგენელი წარმატებით შევძელი.
უკვე დაზეპირებულ 1 წუთიან დიალოგს ვატრიალებდი თავში და ვცდილობდი სიბოხისგან აკანკალებული ხმის ტემბრის გონებაში კარგად ჩაბეჭდვას. ვებღაუჭებოდი ყველა ნიშანს, რომელიც წარმოსახვაში უკვე ათასჯერ გადაღეჭილი სცენარის სიცოცხლეში განხორციელების სულ მცირე ალბათობას მოასწავებდა, თუმცა წინდაწინვე ვიცოდი რომ ვცდებოდი.
საკუთარი ახირებების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მთელი 30 საათი გადიოდა და ყველაფერი მხოლოდ უარესობიკენ მიიჩქაროდა წარმოუდგენელი ტემპით, ჩემს თავთან დადებული პაქტი და მის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებაზე უარის თქმა კარგს არაფერს მიქადდა.
წყალსაც განწყობის შესაფერისი მწარე გემო დაჰკრავდა, მე და წარმოდუგენლად შხამიანი განწყობა შეუმჩნევლად ვარიდებდით ერთმანეთს თვალს და ვცდილობდით თავი მოგვეჩვენებინა თითქოს მუსიკის სმენით გართულნი ერთმანეთის არსებობასაც ვერ ვაფიქსირებდით, ყველაფერს ჩვენთვის საყვარელი ნაცრისფერი მიეღო.
შემდეგ ტელეფონმა დარეკა და უემოციოდ მამცნო, რომ ”ესეც გაივლის!”


კარგად


ადგომისთანავე თვალი ფანჯრისკენ გააპარა, დიდი ვერაფერი ამინდიაო იფიქრა, საწოლის გვერდით წაქცეულ ცარიელ ღვინის ბოთლს მოკრა თვალი და სიგარეტის ძებნა დაიწყო, ბალიშის ქვეშიდან სანთებელა გამოაძრვინა, ნახევრად დაკუჭული სიგარეტის კოლოფიდან უკანასკნელი ღერიც ამოიღო და სწრაფად მოუკიდა.
მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს შეავლო თვალი, ვერაფრით გაიხსენა რატომ იყო ასეთი აურზაური, ადგომა ძალიან ეზარებოდა, თუმცა იმდენად დაინტერესდა წუხანდელი შემოქმედებით, რომ სწრაფად წამოხტა საწოლიდან მივიდა მაგიდასთან, დაავლო ფურცლებს ხელი და ისევ საბნის ქვეშ შეძვრა, სითბო რომ შეეპარა სხეულში, ოდნავ წამოიწია, ბალიშს მიეყრდნო და თანმიმდევრობა დაკარგული და ნახევრად დაკუჭული ფურცლების დალაგება დაიწყო, აზრობრივი კავშირი ვერაფრით იპოვნა, თუმცა მიხვდა დასაწყისი რომელი იყო და გატაცებით დაიწყო კითხვა.
ფურცლებს ღვინის ლაქები ეტყობოდა და მელანიც ოდნავ გადაშლილი იყო, არც განსაკუთრებით მარტივად გასარჩევი ხელი ქონდა, თუმცა წაკითხვა არ გასჭირვებია, თითქოს კი არ კითხულობდა უბრალოდ შესცქეროდა ფურცელს და სიტყვები თავად ტივტივდებოდნენ მეხსიერებაში.
ადრესატი გადაშლილი იყო, ბევრი ეწვალა სახელის წაშლაზე, რამდენიმე მსხვილი ხაზით გადაეხაზა, ვერაფრით გაეგო საკუთარ თავს უმალავდა რამეს თუ ელოდა, რომ ვინმე მისი ნაჯღაბნის მოსაპარად მის ხუხულაში გადაწყვეტდა შესვლას, მიხვდა რომ ამაზე ფიქრს და საკითხის გარშემო დამღლელ მსჯელობას არავითარი აზრი არ ქონდა, ჰოდა შესაბამისად კითხვა განაგრძო.
”დღეს ჩემთან ფაქტობრივად არ გათენებულა, ფარდები მთელი დღის განმავლობაში ჩამოფარებული მქონდა, შენ კი ალბათ გახსოვს, რომ მე სახლიდან არც თუ ისე ხშირად გავდივარ, ჰოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საათმა დარწმუნებით მამცნო უკვე დაღამდაო ფარდები გადავწიე, ვიფიქრე იქნებ ზამთარი დღეს მაინც დაემსგავსა თავის თავს და მოთოვა მეთქი, თუმცა გარეთ ისევ ზამთრის მზიანი დღის შემდეგ დაღამებული უჟმური საღამო დამხვდა, თავი დავიმშვიდე, ჯერ კიდევ არის დრო მეთქი და რამდენიმე კვირის წინ საგანგებოდ ნაყიდ წითელ ღვინოს წავეპოტინე. რას აღვნიშნავ? შენთვის არ მითქვამს, რომ უკვე დიდი ხანია დასალევად განსაკუთრებული მიზეზი აღარ მჭირდება?! დღევნადელი თარიღიც კი არ ვიცი, კალენდარს შევხედე, რომელიც რატომღაც ავადმყოფურად გაყვითლებული მეჩვენა, დავფიქრდი, მინდოდა გამეხსენებინა იანვარი იყო თუ თებერვალი, თუმცა არჩევანი ვერც ერთზე შევაჩერე, შემდეგ კი წელს შევხედე 2009 ეწერა, სანაძლეოს ჩამოვდივარ უკვე დიდი ხანია 2009 წელი აღარ არის, თუმცა რატომ ვფიქრობ ასე არ ვიცი, ალბათ კალენდარი თავისი ვიზუალური სიბერით ამტკიცებს აგერ უკვე რა ხანია ჩემი ჩამოხსნის დროაო.
ადრეც გეუბნებოდი მონატრების შეგრძნება ჩემთვის უცხოა მეთქი, ეს ადამიანების მიერ მოგონილი მითი მგონია დღემდე, ამიტომ ნუ ჩათვლი, რომ ეს უმიზეზო წერილი იმის აღიარებაა, რომ მომენატრე, არამც და არამც, შემოქმედებით კრიზისს განვიცდი, ჰოდა ვიფიქრე იქნებ კარგად დავიწყებული მეგობრის (შენ გიყვარდა ასე რომ გეძახდი, ჩემთვის ამ სიტყვის მნიშვნელობაც დღემდე გაუგებარი დარჩა) გახსენება და პატარა მოსაკითხი წერილის დაწერა, მიძინებულ შემოქმედს გააღვიძებს მეთქი ჩემში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით მსგავსს ვერაფერს ვგძრნობ. შენ არ იდარდო, ჩვეულებრივი მოკვდავები ვერასოდეს შეძლებენ იწოდებოდნენ ჩემს მუზად, ამ საკითხში ალკოჰოლი უკონკურენტოა.
არა, ეს არ ყოფილა ამ წერილის იდეა, არც მიფიქრია კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი იმისთვის, რომ ყველაფერი რაც ადამიანს ადამიანად ხდის ჩემთვის უცხოა, პირიქით მე ყველაზე ადამიანური წერილის მოწერა მინდოდა, თუმცა ამ დროებით თემიდან გადახვევის დაუშრეტელ სურვილს ვერაფერი მოვუხერხე და თავი მოვალედ ჩავთვალე მეთქვა ის რასაც წლების წინ ასეთივე შესაშური სიჯიუტით ვიმეორებდი ”მე იგივე ვარ”.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც მივხვდი, მართალი იყავი როდესაც მეუბნებოდი სრულიად მარტო დარჩები და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი, რომ გაგიჩნდება სარკეში საკუთარ თავს დაუწყებ ლაპარაკსო, თუმცა ამას უბედურებას ვერ ვუწოდებ, დამიჯერე საკუთარ თავზე უკეთესი მსმენელი და მოსაუბრე არ არსებობს, იდეალურად ვუგებთ ერთმანეთს, თუმცა მართლაც სამწუხაროა, რომ დიდი ხანია არავისგან გამიგია თუნდაც ძალიან ყალბი მოკითხვის სიტყვები ”როგორ ხარ?”.
როგორ ვარ? კარგად მეთქი ვერ ვიტყვი, რაღაცნაირი მოკლე და სრულიად უმარილო პასუხი იქნება, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ და თუ სურვილი გექნება თავად განსაჯე.”
კითხვა შეწყვიტა. გვერდით გადადო ფურცლები, ისევ სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ სანთებელა აანთო, ფურცლები ჯამში ჩაყარა და ჩაიბურდღუნა ”კარგად ვარ, კარგად.”


მონოლოგი ანუ ჩემი დიადი პერსონა


ოჰ, არა, როგორ გეკადრება, ის, რომ ხვალინდელი დღე დამქანცველ დასვენებას გვიქადის განა შეიძლება სიხარულის მიზეზად მივიჩნიოთ?!
საკუთარ თავთან ტელეფონზე დაუსრულებელი საუბარიც დიდი ვეღარაფერი შვების მომტანია, მოსაყოლიც აღარაფერი მაქვს, უკვე კარაგდ იცის, რომ მუდმივად აღშფოთებული, დაღლილი, ზოგჯერ გადაღლილი და მეგობრებზე გულაცრულებული დავდივარ.
გეკადრება? რა თქმა უნდა ვიცი, რომ მსგავს შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მივმართო თბილი სტაფილოსფერის დაბრუნების მცდელობას. რა თქმა უნდა ეს გავაკეთე კიდეც, თუმცა ეს ფანდიც გაცვდა როგორც სჩანს დიდი ხნის წინ, და არავითარი ეფექტი არ ქონია.
ეჰ, ვერაფრით შევაგნებინე საკუთარ თავს, რომ აუცილებელია ზოგჯერ მკაცრი და შეუბრალებელი იყო, ყოველი მცდელობის ბოლოს ვხვდები, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო და საბოლოოდ ვიმყარებ ხოლმე იდიოტის სტატუსს.
არა, იდიოტის სტატუსი კიდევ არაფერი, სასაცილო ისაა, რომ რიგ შემთხვევებში ამ უწყინარ სულიერ აშლილობას მანიაკლაურ სინდრომად თვლიან და ჩემი მიზეზით პარანოიითაც კი ავადდებიან ხოლმე, არადა უწყინარი იდიოტი ვარ მხოლოდ.
ჰო, მართალი ხარ, ეს სიმხდალეც ვერაფრით მოვიშორე, მუდმივად სხვებზე ჩამოკიდებული დავდივარ და პირში შევციცინებ, როდის მეტყვიან რა გავაკეთო. გამბედაობაც არასოდეს მყოფნის პირველი ნაბიჯის გადადგმის, ბრძოლაში დამარცხებული კი ყოველთვის შეუბრალებელი შურისძიების გეგმებს ვაწყობ, შემდეგ კი გეგმების სისრულეში მოყვანის დაწყებისთანავე საკუთარ თავზე გული მერევა.
გეთანხმები, რა თქმა უნდა ისევ სიმართლეს ღაღადებ, სრულიად შეუმდგარი ადამიანი ვარ, არც ადამიანების უემოციოდ ფეხქვეშ გათელვა შემიძლია და არც სიკეთის თესვა გაუთავებლად. მხოლოდ ეპიზოდური როლებით ვკმაყოფილდები და ტაშსაც არავინ მიკრავს.
როგორ გეკადრება, ტაშის კვრა არაფერში მჭირდება, მეგობრული მხარზე ხელის წამორტყმაც საკმარისი იქნებოდა.
ჰო ვიცი, რადენიმე ხნის წინ წარმატება იმდენად დამაბნეველი და დამღლელი აღმოჩნდა, რომ განუწყვეტლივ ვოცნებობდი წარუმატებლობაზე, ვფიქრობდი ვიტყვი ”ჩავფლავდი, მაგრამ კარგად გავერთე მეთქი”, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ესეც მხოლოდ ჩემს მდიდარ ფანტაზიაში ჩამოყალიბებული რეალობასთან ყოველგვარ კავშირ დაკარგული ილუზია იყო, გავერთე მეთქი კი არა დავჯდებოდი და ნაზი მოძრაობით ვურტყამდი თავს კედელს.
სასაცილოა, ადრე სამუშაო დროს ზოოპარკში გასეირნებაზე მაინც ვოცნებობდი და მეთევზეების ყურება რაღაც შურნარევ ოპტიმიზმს მმატებდა, ახლა ცარიელი მტკვრის დანახვა დიდი ვერაფერი სტიმულია, მხოლოდ თავის დახრჩობისკენ თუ გიბიძგებს ადამიანს (ანუ როგორც მე მიყვარს ხოლმე ვთქვა პომპეზური თვითმკვლელობისკენ) და არც ზოოპარკის მიმართ განვიცდი განსაკუთრებით თბილ გრძნობებს. არადა, არც პომპეზურობა მიზიდავს და არც თვითმკვლელის მახასიათებლებს ვაკმაყოფილებ, ახლა არ ვამბობდი შუმდგარი ვარ მეთქი.
ახდენილი ოცნებებიც კი ვალდებულების იარლიყს ირგებენ მომენტალურად და შემდეგ სასჯელად მევლინებიან, გიჟი ვარ მეთქი ვიტყოდი, მაგრამ არ იქნება მომგებიანი, სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედუნარიანი მერქვას.
ოჰ, არა, როგორ გეკადრება, ის, რომ ხვალინდელი დღე დამქანცველ დასვენებას გვიქადის განა შეიძლება სიხარულის მიზეზად მივიჩნიოთ?!


დილა


ქალბატონმა თამრიკომ დღეს უჩვეულოდ ადრე გაიღვიძა, ჩემს მაღვიძარასაც დაასწრო ახმაურება, სახიდან ნამძინარევი გამომეტყველება ჩამოიბანა და სამზარეულოსკენ გაემართა, თავიდან ფეხაკრეფით დადიოდა ოთახიდან ოთახში, შემდეგ კი მობეზრდა მოჩვენებასავით ჩაბნელებულ ოთახებში სიარული და კატეგორიული ნაბიჯებით დაიწყო არეული სახლის დალაგება, მადუღარას შემაწუხებელ სტვენაზეც არ აღელვებულა, სამზარეულოში შესულს ყველაფერი დაორთქლილი დახვდა, ფანჯრებზეც გაციებული წყალი ნელ-ნელა იღვრებოდა იატაკის მიმართულებით, ხელების ფშვნეტით მივიდა ქურასთან და რამდენიმე წამში მადუღარაც დადუმდა.
ბატონ რევაზს ქალბატონი თამრიკოს უჩვეულოდ ადრე დაწყებული დილა მხედველობიდან არ გამოპარვია, თუმცა მოერიდა ჯერ კიდევ რიჟრაჟზე დაეკაკუნებინა კარებზე მხოლოდ გამარჯობის სათქმელად და ნამძინარევი სახით, მთქნარებით გამოვიდა აივანზე, ღრმად ჩაისუნთქა ვითომ სუფთა ჰაერი, ხელები გაამოძრავა, შემდეგ ცოტა წაივარჯიშა და სახლში შებრუნდა, მაშინვე როი შეეგება კუდის ქიცინით, თავზე ხელი გადაუსვა, მეორე ხელით კი ძლიერად მოიფშვნიტა თვალი და ნელი ნაბიჯით გაემართა ჩასაცმელად.
ნანასაც გაუღვიძია, სასტიკად ვერ იტანს, როდესაც ქალბატონ ნანას ვეძახი, ჰოდა მეც შევუნარჩუნებ ახალგაზრდობის ილუზიას და უბრალოდ ნანას დავუძახებ, ბექას ოთახში შევიდა, ფარდები გადაწია და კატეგორიული ხმით უთხრა, რომ სკოლაში აგვიანებდა. შემდეგ ხალათის სწორებით სამზარეულოში შევიდა და პურზე კარაქის წასმა დაიწყო, აივანზე გამოსულ რევაზს შეხედა და გაეცინა, რევაზი დილის ვარჯიშისა და სუფთა ჰაერის ყლაპვის შემდეგ იდგა და გემრიელად აბოლებდა, თან გაშტერებული უყურებდა თამრიკოს სამზარეულოს ფანჯრებს, ცოტა ხანს იდგა ნანა ჩაფიქრებული, უკვე ნახევრად გაციებულ ჩაის დაჟინებით ურევდა კოვზით და ფიქრობდა, რომ ქეთოსთვის უნდა დაერეკა, აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ არ ცდებოდა და მოეყოლა, როგორი სახით უცქერდა ბატონი რევაზი ქალბატონ თამრიკოს.
ქალბატონმა თამრიკომ უჯრაში წლების წინ ჩადებული სიგარეტი იპოვნა, გაღიმებული სახით ამოიღო თითქმის ბოლომდე დაკუჭული და სიძველისგან გაყვითლებული კოლოფი, შიგნით ორი ღერი სიგარეტი იდო ხელუხლებლად, კოლოფი უჯრაში აღარ დაუბრუნებია, ყავა ჩამოისხა და ნეტარებით შეისუნთქა მისი არომატი, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, ღრმად ჩაისუნთქა და სევდიანი ღიმილით დააყრდნო თავი დანაოჭებულ ხელს, ოთახში სიგარეტის სუნი დადგა, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაშტერებული უყურებდა ახლად შეთეთრებულ სამზარეულოს კედელს და მშვიდად აბოლებდა სიგარეტს, შემდეგ წამოდგა და გარდერობისკენ გაემართა, საგანგებოდ შენახული ”გასასვლელი კაბა” გამოიღო და ჩაიცვა, მონატრებულ მაღალ ქუსლებზეც შედგა და სარკესთან ჩამოჯდა, ყავა დააგემოვნა და სარკესთან დადებულ დიდი ხნის ხელუხლებელ მაკიაჟს მოკიდა ხელი, თვალზე ფანქარი წაისვა, ისე როგორც ადრე ისვამდა ხოლმე, შემდეგ ტუჩის საცხსაც გადასწვდა ანთებული თვალებით, გრძელი საყურეც ჩამოიკიდა, ფეხზე წამოდგა და სარკის წინ დადგა, დიდ ხანს უყურა თავის სილუეტს და დარჩენილი 1 ღერი სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან, ისევ სარკესთან ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ახალგაზრდული გამომწვევობით დაიწყო მოწევა.
ბატონი რევაზი ისევ აივანზე იდგა, სიცივისგან უკვე ტუჩებიც გალურჯებოდა, თუმცა ფეხს არ იცვლიდა და ჯიუტად განაგრძობდა ქალბატონი თამრიკოს სამზარეულოს ფანჯრის თვალიერებას, თამრიკო კი არა და არ ჩანდა.
ნანას ბავშვი უკვე გაშვებული ყავდა სკოლაში და დაჟინებით კრეფდა ქეთოს ნომერს, თუმცა არავინ პასუხობდა, თან ცალ თვალს ბატონი რევაზისკენ აპარებდა და ეღიმებოდა.
ქალბატონი თამრიკო სარკესთან იჯდა და საკუთარ სახეს დაკვირვებით ათვალიერებდა, ზოგჯერ ხელს აპარებდა თვალისკენ და ნაოჭს ისწორებდა.


მშვიდად უინტერესო


წუხელ მოთოვა, დიდი არაფერი, თუმცა გვიან გათენდა ნისლის გამო და სახურავებიც გადათეთრებული იყო, ზუსტად რომელ საათზე არ ვიცი, თუმცა ძილში თვალი გავახილე და მივხვდი, რომ დილით თოვლი დამხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გათენება დაგვიანდა ღამე ძალიან ნათელი იყო, ჰოდა გავიფიქრე ალბათ დილით თოვლი დამხვდება მეთქი და მაშინვე ჩამეძინა.
ეს ესაა აივანზე ვიყავი გასული და სიგარეტის ძალიან მცირე მარაგი კიდევ უფრო შევამცირე, წყლით სავსე საფერფლეში ჩავაქრე კიდევ ერთი ღერი, გემრიელად გამოვუშვი კვამლი და კომპიუტერთან დავბრუნდი, თუმცა ოთახში შემოსვლის შემდეგ სუნთქვის გართულება ვიგრძენი, ეს ალბათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ბრალია, ოთახში იმდენად თბილა, რომ სასუნთქი ჰაერიც აღარ არის.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მინდოდა, გარიგებასავით გვქონდა მე და ამინდს დადებული, დეკემბერი მზიანი უნდა ყოფილიყო და ბოლომდე შემძლებოდა არ მეღიარებინა ზამთრის დადგომა, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა აღნიშნული პაქტი გაგვეგრძელებინა მარტამდე, ამინდმა ცივი უარი მითხრა და თავისი შეხედულებისამებრ განაგრძო ცხოვრება. ჰოდა მეც არ დამრჩა სხვა გზა და ჩემთვის ასე საძულველი ზამთრის ტანსაცმელი ჩავიცვი.
გამაყუჩებლების ისეთი დოზა მაქვს მიღებული, რომ გაბრუებული ვარ, დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ეტყობა ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ მაღვიძარა ტექნიკური გაუმართავობის გამო დღეს უარს იტყოდა საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.
2 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ”არც ერთი წვეთი ალკოჰოლი”, სისრულეში მოვიყვანე 8 იანვარს, წინ ღვინით სავსე ჭიქა მედგა მე კი მხოლოდ სიგარეტის დაჟინებული ქაჩვით შემოვიფარგლე.
უკვე მერამდენედ მივატოვე წიგნის კითხვა შუა გზაზე არ ვიცი, ჩემმა ტრანსპორტში კითხვის გატაცებამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა, ენთუზიაზმით აღებული წიგნი კი ისევ თაროს დაუბრუნდა, ოღონდ ამ შემთხვევაში ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ყოველ დღე, რომ არ შემახსენოს თავი.
მოკლედ ისევ ისეთი მშვიდად უინტერესო ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი. მოსაწერიც არაფერია გარდა იმისა, რომ ბაღში ნუში არ აყვავებულა, არც გაზაფხულია, თუმცა მთაწმინდაზე ცა დღეს ნამდვილად დაწვა.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 943 other followers

%d bloggers like this: