Monthly Archives: December 2010

ფერმკრთალი


მესამე დღე იყო რაც ქალაქიდან გავიქეცი და საკმაოდ მეჩხერად დასახლებულ სოფელს შევაფარე თავი, არც არავინ მომდევდა და არც არავის ადარდებდა სად წავედი და სად დაიკარგა ჩემი კვალი, თუმცა მე ამას მაინც გაქცევა ვუწოდე. გავექეცი პრობლემებს, რომლებიც მახრჩობდნენ, ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ მისალმებასა და მოკითხვას, გავექეცი სახელმწიფოს, რომელიც გადასახადების გადახდას მთხოვდა, მეგობრებს, რომლებიც ყოველ საღამო სვამდნენ, გავიქეცი და დეკემბრის ნისლში გახვეულ ტყეში ჩაკარგულ სახლს შევაფარე თავი.
პირველმა დღემ ნათლად მაგრძნობინა, რომ არც აქ მელოდებოდა ია ვარდით მოფენილი გზა და უდარდელი ცხოვრება, სახლი დაჟინებით ითხოვდა დალაგებას, ფანჯარა ჩამტვერული იყო და სუსხი მოურიდებლად იჭრებოდა ოთახში, მივხვდი, რომ სანამ უსაქმოდ წამოწოლას შევძლებდი გვარიანად უნდა მეშრომა. ერთი მცირე ზომის ჩანთა მქონდა წაღებული, რომელიც გაკვირვებისგან იატაკზე დავანარცხე და უკმაყოფილო სახით შევუდექი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემ ბინად წოდებული ორომტრიალის დალაგებას.
სახლიდან რამდენიმე მეტრში მაღაზიას მოვკარი თვალი, გადავწყვიტე სასმელი და სიგარეტი მეყიდა, კარები მორიდებულად შევაღე და მხოლოდ თავი შევყავი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ვინმე მაინც იყო ოთახში, კარების ხმაზე თავი ღაჟღაჟა ლოყებიანმა, კარგად ჩაპუტკუნებულმა საშუალო ხნის ქალბატონმა წამოწია, უსიამოვნოდ გამიღიმა და მითხრა შემოდიო, მაშინვე შენობით ფორმაზე გადავიდა, ჩემი დახვეწილი მანერები არ მაძლევდნენ საშუალებას იგივეთი მეპასუხა, შევეცადე მაქსიმალურად ალალად გამეღიმა და მეთქვა არაყი თუ გაქვთ მეთქი, მიპასუხა გვაქვსო და ისე რომ არც კი უკითხავს პირველივე ბოთლი გამომიწოდა ნელი მოძრაობით, მე დავხედე, თუმცა მივხვდი, რომ ალბათ სხვა ალტერნატივა არ იყო და ყოველგვარი კითხვის გარეშე გამოვართვი, სიგარეტიც მინდა მეთქი დავაყოლე, სახეზე გაღიზიანება დაეტყო, ისევ მიბრუნდა და თაროდან სიგარეტი მომაწოდა, არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია თავი იმის კითხვით თუ რომელი სიგარეტი მინდოდა, მეც დავყაბულდი და რაც მომცა იმითაც კმაყოფილი დავრჩი, ფული გადავიხადე და ჩქარი ნაბიჯით გავემართე გასასვლელისკენ, ზურგიდან მწველი მზერა ვიგრძენი, მივხვდი უნდოდა ეკითხა ვინ ვიყავი და ვისთან ჩამოვედი, თუმცა ჩემმა არც თუ ისე მეგობრულმა განწყობამ აიძულა ცნობისმოეყვარეობა დაეოკებინა და მხოლოდ დათვალიერებით შემოფარგლულიყო.
გარეთ გამოსულს ორი მამაკაცი შემხვდა, მეტი არსად არავინ ჩანდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, ერთმანეთს გადახედეს და გზა განაგრძეს, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი გაჩერდნენ და ისევ გულდასმით დამიწყეს თვალიერება, აშკარად არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით.
სახლში მისვლისთანავე ჩალეწილ ფანჯარაზე ცელოფანი გავაკარი, ეზოში ფიჩხი მოვაგროვე და ფეჩი ავანთე, შემდეგ ტახტზე დაყრილი ნაჭრები პირდაპირ სკამზე მივაფინე და დაღლილი წამოვწექი, პირველი ღერიც გავაბოლე. რამდენიმე წუთში ავდექი და არყის ბოთლი გავხსენი, ჯერ დავსუნე და შემდეგ ჭიქაში ჩამოვისხი, სულმოუთქმელად გადავკარი ერთი ჭიქა და მაქსიმალურად შევეცადე მწველი შეგრძნება ვაჟკაცურად ამეტანა, შემდეგ ისევ ტახტზე მივწექი და განვაგრძე უსახელო სიგარეტის დაჟინებით ქაჩვა.
კარებზე კაკუნი გაისმა, უკვე ბნელოდა, მე კი ტახტზე სიგარეტით ხელში ჩამძინებოდა, ვიფიქრე კიდევ კარგი ხანძარი არ გაჩნდა მეთქი, ერთი შევიკურთხე და საათს შევხედე, საღამოს 9 საათი ხდებოდა, გარეთ ნისლი იყო და უკუნი სიბნელე, ვიკითხე ვინ არის მეთქი და ისე რომ პასუხს არ დავლოდებივარ კარები გავაღე, გარეთ ორი მამაკაცი იდგა, ეტყობოდათ ადგილობრივები იყვნენ, დაბნეულმა შევხედე ისე, რომ ხმა არ ამომიღია, ერთ-ერთმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ხელი გამომიწოდა და გამეცნო, მითხრა დიდი ხანია ამ სახლში აღარავინ გამოჩენილა და გადავწყვიტეთ მოგსალმებოდითო, მეც ნაძალადევად გავიღიმე ისე, რომ კარებს არ მოვშორებივარ და ვუთხარი, ზედმეტმა დაკავებულობამ მაიძულა ბაბუაჩემის სახლი ასე უპატრონოდ დამეტოვებინა მეთქი, გაიკვირვეს, ამდენი წელი როგორ არ ჩამოდიოდითო, ვუთხარი, მარტო ვცხოვრობ და ქალაქის ცხოვრებამ ისე ჩამითრია აქაურობა არც გამხსენებია მეთქი, სახეზე მოუთმენლობა აღებეჭდათ, აშკარად ელოდნენ როდის მოვიპატიჟებდი სახლში, მე კი არ ვაპირებდი გაქცევიდან პირველივე დღესვე ახალი, უსიამოვნო გარეგნობის მქონი მეგობრები შემეძინა. რამდენიმე წამიანი უხერხული დუმილის შემდეგ ისევ ხელი გამომიწოდეს და დამემშვიდობნენ.
შვებით ამოვისუნთქე, იატაკზე დაყრილი ფერფლი ფეხით გავხვეტე და ისევ ტახტზე მივესვენე. მალევე ჩამეძინა და მხოლოდ რიჟრაჟზე გავახილე თვალი.
გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა, ტყისკენ ავიღე გეზი, თან ისევ სიგარეტს ვაბოლებდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, შორიდან ძაღლის ყეფა შემომესმა, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ამ ცხოველს, არც მათ ვეხატებოდი განსაკუთრებულად გულზე, მოკლედ ვერ ვიტანდით ერთმანეთს, მესმოდა, როგორ მიახლოვდებოდა ყეფის ხმა, ცოტა დავიძაბე თუმცა შევეცადე მაქსიმალურად ამეყვანა თავი ხელში. რამდენიმე წამში ჰორიზონტზე ჩემი მიმართულებით მომავალი ძაღლი შევნიშნე და ადგილზე გავხევდი, უკნიდან ქალბატონის ხმა გავიგე, გაჩერდიო ყვიროდა, ძაღლი მომიახლოვდა და 1 მეტრში გაჩერდა, ავად მიღრენდა მხოლოდ, მალე გულამოვრადნილმა ახალგაზრდა ქალბატონმაც მოირბინა, ძაღლს დაუყვირა და შემდეგ მე შემომხედა, სანამ ხმას ამოიღებდა გულდასმით შემათვალიერა და მითხრა აქაური არ ხარო, გავიფიქრე ამ სოფელში ალბათ ტქვენობითი ფორმის შესახებ არაფერი სმენიათ მეთქი და ვუპასუხე, არა გუშინ ჩამოვედი მეთქი, გაეცინა, ძაღლს ხელით ანიშნა გაიწიეო და ხელი გამომიწოდა, გამეცნო, რაღაც სახელი მითხრა, თუმცა ვერ გავიგე, მეც ხელი გავუწოდე და წასასვლელად მოვემზადე, მითხრა, სასეირნოდ ცუდი დრო აირჩიე, თუ თვითმკვლელობა გინდა ნაკლებად მტკივნეულ მეთოდს მაინც მიმართეო, გამოვხედე, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ისევ გაეცინა და მითხრა, არ მგონია აქ იმისთვის იყო, რომ მგლების დამშეული ხროვა დააპუროო, მეც გამეღიმა, თუმცა არაფერი მიპასუხია. მიხვდა არ მინდოდა კონტაქტში შესვლა და წასავლელად გაემზადა, შემდეგ შემობრუნდა და მითხრა, თქვენ სახლთან ზუსტად 200 მეტრში ვცხოვრობთ მე და ცერბერი შემოგვიარეო, ძაღლის სახელი ბანალური და სასცილო მეჩვენა (ბანალური არა იმიტომ, რომ ცხოვრებაში ბევრ ცერბერს შევხვედრივარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად სახელი იყო ბანალურად მეტყველი), თავი დავუკარი და ჩემი გზა გავაგრძელე.
ტყეში ხეტიალი დიდად არ მესიამოვნა, იმ ქალბატონის ნათქვამიც მიტრიალებდა ტვინში და დაძაბულობამ შემიპყრო. მალევე დავბრუნდი სახლში, შევეცადე გამეხენებინა რა სახელი მითხრა, როცა გამეცნო, შემდეგ გამეცინა ძაღლს თუ ცერბერი ქვია თვითონ ალბათ ლილიტია მეთქი (რატომღაც მაშინვე ეს სახელი გამახსენდა, არადა ამ ადამის პირველ ცოლთან რა მინდოდა ვერაფრით გავიგე).
შემდეგ დავფიქრდი, ალბათ უკვე მთელმა სოფელმა იცის ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მეთქი და დავიზაფრე. ტახტთან თითქმის სავსე არყის ბოთლს მოვკარი თვალი, ტყეში გაცნობილი ქალბატონის მიპატიჟება გამახსენდა და გადავწყვიტე მიმეღო მიწვევა და ჯოჯოხეთში წავსულიყავი სტუმრად.
კარებთან მისვლისას ცერბერის ყეფა შემომესმა, შემდეგ კი ”ლილიტიც” გამოყვა, კარები გამიღო, გამიღიმა და ხელით მანიშნა შემოდიო. ძალიან ფერმკრთალი მეჩვენა, უსიამოვნოდ უელავდა თვალები, ერთი წამით ისიც ვიფიქრე ხომ არ გავბრუნდე მეთქი, თუმცა ისევ ზრდილობამ შემაკავა და მორიდებულად შევყევი სახლში. ბნელოდა მხოლოდ 1 სანთელი ენთო, სკამზე მიმანიშნა დაჯექიო, ხელიდან ბოთლი გამომართვა და ჭიქები გამოიღო, ზედმეტად თავხედი მეჩვენა, თუმცა ამას ხომ არ ვეტყოდი. ცერბერი გახევებული იდგა კარებთან, მეც გამომცდელი მზერა ვესროლე დაძაბულმა თუმცა დილანდელი ცოფმორეული სიბრაზე ვეღარ შევატყვე. ”ლილიტი” მომიბრუნდა და მითხრა, სიგარეტი გექნებაო, დავეთანხმე და უხმოდ გავუწოდე, ცინიკურად გამომხედა და მკითხა გეშინიაო, მე ნაძალადევად გავიღიმე, თუმცა ისევ არაფერი მითქვამს, არც მე მსიამოვნებდა შეშინებული სახით ჯდომა, თუმცა შემოჩენილ დაძაბულობას ვერაფერს ვუხერხებდი.
დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვიჯექით ჩუმად, შემდეგ კი ტყეში სროლის ხმა გაისმა, ლილიტს სახე გაებადრა და აღტაცებით აღნიშნა ”როგორ მიყვარს ეს ტრადიცია და ზოგჯერ როგორ ვწუხვარ, რომ კაცი არ ვარო”, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, და გაოცებულმა შევხედე, მიხვდა, რომ ვერაფერი გავიგე და ამიხსნა დუელს ვგულისხმობო, ცოტა მეუცნაურა, ვიფიქრე ალბათ ორმა ჭიქა არაყმა უკვე იმოქმედა მეთქი და თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა, მიპასუხა ნუ გიკვირთ, ეს ერთადერთია რის გამოც მიყვარს აქაურობაო. მე კიდევ 10 წუთი გავჩერდი მასთან და გადავწყვიტე სახლში დაბრუნება, ვუთხარი რაღაც ვერ ვარ და წავუძინებ მეთქი, კარგიო, სახლიდან გასულმა თავი მოვაბრუნე, უკვე ცოტა მთვრალიც ვიყავი და ვკითხე დილით თქვენი სახელი ვერ გავიგე და მომერიდა მეკითხა, იქნებ თავიდან გამეცნოთ მეთქი, გაღიმებულმა მომაძახა ლილიტიო და კარები დახურა.


“ღმერთმა მიღების საათები დაასრულა”


საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას მერამდენედ არღვევ აღარც კი გახსოვს, სახლიდან გამოსულს შემთხვევით გახსენდება, რომ უკვე კვირა ღამდება და კიდევ ერთხელ გადადე ის რასაც უკვე თვეზე მეტია გეგმავ. ჩქარი ნაბიჯით კვეთ ქუჩას და ლამპიონებით განათებულ კიბეზე არბიხარ, კარები ღია გხვდება, შიგნით სრული სიბნელეა თუმცა იმედოვნებ, რომ თვალი გატყუებს და 1 სანთელი მაინც დაგხვდება ანთებული, რომელიც თავის მხრივ გაანათებს სრულიად ჩაბნელებულ სივრცეს, სუნთქვაშეკრული შერბიხარ პატარა ოთახში სადაც ყურადღებას არავინ გაქცევს, გეუბნებიან, რომ დაგაგვიანდა, შენ არ იშლი შენსას და ითხოვ, რომ მოგცენ 5 სანთელი, არ გისმენენ, ჯიუტად განაგრძობენ დღიური შემოსავლის დათვლას, შენც დაჟინებით არ იცვლი ფეხს ადგილიდან, თან თვალს აპარებ გარეთ, უშენოდ რომ არ გაიკრიფონ სახლში და მიცემული პირობის შესრულების შანსი კარების ჩაკეტვით არ გააცამტვერონ, უკმეხად გიყურებენ და გეკითხებიან რა გინდაო, შენ იმეორებ რომ 5 სანთელი გჭირდება, აუღელვებლად და აუჩქარებლად გაწვდიან და უკმაყოფილო სახით გარიდებენ თვალს. გახარებული გამოდიხარ და ისევ არბიხარ კიბეზე, ბოლო საფეხურიღა დაგრჩა ასავლელი და ხედავ, რომ შავებში ჩაცმული, გამოპრანჭული ქალბატონი გამოდის გასაღებით ხელში და კეტავს კარებს, რამდენიმე წამით იბნევი, არ იცი რა გააკეთო, შემდეგ კი მოკრძალებით ითხოვ ორი წუთით შეგიშვან, სულ ორი წუთით, წარბაწეული ქალბატონი კი გპასუხობს, რომ ეს შეუძლებელია, უკვე სიგნალიზაცია ჩართეს და კარებიც დაგმანულია, ღმერთმა მიღების საათები დაასრულა. მაშინვე რამდენიმე დღის წინ წაკითხული წიგნის ფრაგმენტი გახსენდება –
”ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ათენა ეკლესიიდან გამოსვლისას, შეიძლება იესოს შეხვდა, ატირებული გადაეხვია და შეშფოთებულმა სთხოვა აეხსნა, რატომ იყო, რომ რაღაც გერბიანი ქაღალდის გამო, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს სულიერებასთან, არ უშვებენ მას რჩეულთა შორის.
იესო შეხედავდა ათენას და შეიძლება ასე ეპასუხა:
-ხედავ, შვილო ჩემო, მეც ეკლესიის კარიბჭის აქეთ ვდგავარ, დიდი ხანია მეც არ მიშვებენ შიგნითო.”


სარკესთან ზურგით


უფანჯრო ოთახი თეთრი კედლებით, სივრცე საკმარისად პატარაა, სარკესთან ზურგით ვდგავარ და აუღელვებლად ვეწევი სიგარეტს, საკუთარი თავის ყურებით დავიღალე, აღარ მინდა ჩემი სილუეტის კიდევ ერთხელ ხილვა, გარედან ხმები შემოდის, კარებს ვეყუდები და ვცდილობს ერთმანეთში არეული ხმებიდან ნაცნობი ტემბრი გამოვარჩიო და გავიგო რაზე საუბრობენ, რამდენად ახლოს დგანან ოთახთან. სიგარეტის კვამლი ნელ-ნელა დაიკლაკნება ოთახში და ცდილობის გასასვლელი იპოვნოს, თუმცა ამაოდ, სივრცე დახურულია და მხოლოდ კარების ჭუჭრუტანიდან თუ შეძლებს ნელი სვლით გაძვრომას.
გარეთ არ გამიხედავს, თუმცა ვგრძნობ, რომ ნაცრისფერი დღეა, ზამთრისთვის ზომიერად სუსხიანი, ვგრძნობ, რომ დროა ხალხმრავალ ოთახს დავუბრუნდე და უკვე გაყინული ყავის ბოლო ყლუპიც დავლიო.
წერილის წერა დავამთავრე, უკვე ჩვეულებად ქცეული ყოველდღიური მიმოწერით დღის მორიგი 1 საათი მოვკალი, დავწერე ყველაფერი რამაც გამიელვა თავში, როგორც ყოველთვის ბევრი ვიფიქრე დასაწყისზე, თუმცა შემდეგ ყველაფერი მარტივად წავიდა, ერთი ამოსუნთქვით დავწერე, შემდეგ თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ ზედმეტად გრძელი და მრავლისმომცველი გამოვიდა იმის კვალობაზე, რომ ეს იყო წერილი არაფერზე. შემდეგ ისევ წინა საახალწლო განწყობისთვის ზედმეტად შეუფერებელ და ბნელ სურათს მივაშტერდი, უსაქმურობისგან დაღლილი ხალხის ყოველგვარ აზრს მოკლებულ საუბრებზე კიდევ ერთხელ გამიჩნდა გულის რევის განცდა და ყურსასმენები ჩამოვიცვი იმის იმედით, რომ როგორმე შევძლებდი მათი ხმების გადაფარვას, მცდელობა რა თქმა უნდა ამაო აღმოჩნდა, დავადგინე, რომ ადამიანები განსაკუთრებული მონდომებით საუბრობენ ყოველგვარ უაზრობაზე, ჭეშმარიტად მნიშვნლოვანი საკითხები მათში ამგვარ აღტკინებას არასოდეს იწვევს, უმიზეზო და უმიზნო დიალოგების თემა კი არასოდეს ელევათ.
ისევ უაზროდ მეძინა, ყოველთვის მინდოდა მთელი ღამის განმავლობაში მძინებოდა ისე რომ ეს მეგრძნო, აი დილისკენ შედარებით ფხიზელი ძილის დროს, ნათლად რომ აღიქვამ, რომ გძინავს და ამით ტკბობას, რომ განიცდი ხოლმე.
ვხვდები, რომ 5 წუთიღა დარჩა და შევძლებ სევდაში გადასული დაღლილობით, მუსიკის ფონზე ტკბობა განვიცადო, ვიმედოვნებ, რომ ქუჩები საკმარისად განათებული იქნება საიმისოდ, რომ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული ტრანსპორტში წიგნის კითხვის უზომოდ სასიამოვნო რიტუალი ვაჩუქო ჩემს თავს.
რაღაცნაირი გულდაწყვეტით ვუყურებ საახალწლოდ მორთულ ვიტრინებს, არ ვიცი რატომ, თუმცა უკვე მერამდენედ ვგრძნობ, რომ ახალი წლის მოლოდინი ყოველთვის დეპრესიულად ბედნიერ შეგრძნებებს იწვევს ჩემში.
დიდი ხანია საკუთარ თავთან აღარ მილაპარაკია, ნაწყენებივით აღარ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ყოველი მცდელობისას ზურგს ვაქცევ მას და ხელით ვანიშნებ, რომ არ მცალია, სახლში მისულს კი ის მუდმივად ჩაძინებული მხვდება, თან სათვალე უკეთია ხოლმე, ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ სცადა ტელევიზორის ყურება, თუმცა რა თქმა უნდა ისევ ჩაეძინა, ჰოდა მეც ვიძინებ. დილით არასოდეს გვაქვს დრო ერთმანეთთან სასაუბროდ, მას მუდმივად სადღაც მიეჩქარება, მე კი საქმიანი სახით ვალაგებ გეგმებს და ვცდილობ არაფერი გამომრჩეს. სამსახურის გზაზე ორივე ვდუმვართ, ის წიგნს კითხულობს, მე კი მუსიკაზე ვფიქრობ, რომელიც დაჟინებით განაგრძობს დაკვრას, ზოგჯერ ფხიზლდება და მეუბნება, წიგნისთვის ზემდეტად შეუფერებელი სიმღერააო, მეც დაღლილობისგან არ მრჩება გაპროტესტების თავი და აუღელვებლად გადავდივარ სხვა სიმღერაზე, ამასობაში ის ისევ კითხულობს და უკვე აღარც ესმის ხმები, რომლებიც მთელი მონდომებით ჩასძახიან ყურში. ჩვენ აღარაფერს ველოდებით, აღარც სული გვეკვრება მოვლენების შესაძლო განვითარების წარმოდგენისას, ჩვენ მშვიდად ვართ, უბრალოდ მშვიდად.


უაზროდ, მაგრამ ცოცხლად


არეულობა და ქაოსია ირგვლივ, ადამიანების ხმის გაგებაც კი მაღიზიანებს, ისინი კი ვერა და ვერ ხვდებიან, რომ დროა ცოტა ხნით მაინც გაჩუმდნენ და დააჭირონ ენას კბილი.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა მეზობლის ქალი, არეულობა დაიწყებაო, ყავის ჭიქას უკირკიტებდა ჩუმად ნახევარი საათი, ალბათ სათქმელს ალაგებდა, ბოლოს კი ჩამოყალიბდა და მოკლედ მომიჭრა წინ ალიაქოთს ვხედავო. რაც ძაღლი მოუკვდათ მას შემდეგ მისი მეუღლე აღარ შემხვედრია, ალბათ ძალიან განიცადეს.
უდროოდ აცივდა, მერე რა, რომ დეკემბერია, მე მაინც მიმაჩნია, რომ აციებისთვის დიდი ვერაფერი დრო შეარჩია ბუნებამ, მეც რა თქმა უნდა ვცდილობ არ შევიმჩნიო სითბოს რადიკალური კლება.
სკამი ზედმეტად მოუხერხებელია და გამაღიზიანებელი ფიქრები ფეხაკრეფით დაიძურწებიან ტვინში, რაციონალური აზრები კი ნერვიულად სცემენ ბოლთას და ამრეზით უყურებენ ნერვებზე თამაშით გართულ ფიქრთა არეულ ნაკადს.
დრო აუტანლად მიიზლაზნება, საათზე ყოველი შეხედვისას მგონია, რომ ნამძინარევი სახით დგას და აუღელვებლად იზმორება, შემდეგ ამთქნარებს და ისევ საწოლისკენ მიეშურება.
კარების ჭეშმარიტი ფუნქციის გაგებაც ზედმეტად რთული ამოცანა აღმოჩნდა ირგვლივ საქმიანი სახით მოფუსფუსე ადამიანიებისთვის და გიჟებივით დაალაჯებენ ოთახიდან ოთახში.
ვიცი, რომ დღევანდელი დღეც გავა ადრე თუ გვიან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხვალინდელი დღეც დადგება, ნუ რა თქმა უნდა თუ ვიღაცამ სადღაც რაღაც ზეთი არ იყიდა და არ დაღვარა კიდეც.


ოცნება ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე


19:07 სთ.-ია, კარგი ნიშანია, მიყვარს როდესაც საათში 7-იანი ურევია. მთელდღიანი შფოთვისა და ნერვიულობის შემდეგ დაღლილობამ თავისი გაიტანა და დაძაბულობის თავი აღარ მაქვს, უემოციოდ ვზივარ სავარძელში და ვოცნებობ წარმოუდგენლად იდეალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე.
დეკემბერი ახალი დაწყებულია, პირველი დღეები ძალიან ნისლიანი აღმოჩნდა, მე უარი ვთქვი (ან ჩემმა ფსიქიკამ თქვა) ქალაქის საგიჟეთში (რა სიმბოლურია) ცხოვრებაზე და დაჟინებით მოვითხოვე ცოტა ხნით პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ მეცხოვრა. სასტუმროსავით ვარჩევდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, თავიდანვე ჩამოვყალიბდი, რომ ზღვის პირას უნდა ყოფილიყო, ფანჯრებიდან ზღვის ხმა უნდა შემოსულიყო და ნისლიან ამინდებში გამოყოფილი რამდენიმე საათიანი სერიონობის დრო ზღვის პირას ჯდომასა და სიგარეტის მოწევაში უნდა დამეხარჯა.
ჩემი პალატის ფანჯარა ზუსტად ზღვაზე გადიოდა, თუ ძალიან მოინდომებდი და დიდ ხანს იდგებოდი ღია ფანჯარასთან ზღვიდან მობერილ ჰაერსაც მკვეთრად იგრძნობდი და შეძლებდი სიამოვნება მიგეღო იოდისა და მარილის ნესტიანი ჰაერის ფილტვებში ჩაშვებით.
დილით გვიანობამდე მეძინა, არადა გამაფრთხილეს ადრე გაგაღვიძებენო, არავის გავხსენებივარ, თვალი გავახილე და მივხვდი, რომ ოთახში საშინელი უჰაერობა იყო, გარეთ ზამთრისთვის შეუფერებელი მზიანი ამინდი იდგა და სწრაფად ჩამოვაფარე ფარდები, ყურსასმენების ძებნა დავიწყე და ბალიშის ქვეშ ვიპოვნე, არც კი მახსოვდა, როდის მოვიხსენი, მტკიცედ მჯეროდა რომ მუსიკის სმენის დროს ჩამეძინა და მთელი ღამე არც გამომირთავს. მუსიკა ჩავრთე, თუმცა მივხვდი, რომ საამისო განწყობაზე არ ვიყავი და ჟაკეტი შემოვიცვი, კარები გამოვაღე და დერეფანში გავიხედე, სრული სიცარიელე იყო, ვინაიდან საათი არ მქონდა ისიც კი არ ვიცოდი რა დრო იყო. ფეხაკრეფით ჩავუყევი კიბეებს, პირველ სართულს რომ მივუახლოვდი ნაცნობი ხმაური შემომესმა, სანიტრებმა, რომ დამინახეს სახეზე გაოცება აღებეჭდათ, მივხვდი, რომ დავავიწყდი, გამოვრჩი მხედველობიდან, ამიტომაც არ გავუღვიძებივარ არავის და ამიტომაც არ მესიამოვნა მუსიკა, დამამშვიდებლის დოზა არ მქონდა მიღებული და ყველაფერი გამაღიზიანებლად მოქმედებდა ნერვებზე, ისევ აგრესია მომაწვა ყელში.
მოვიდნენ და მკაცრი სახით განმიცხადეს, რომ წამლის მიღების დრო იყო, მინდოდა მეთქვა უკვე დიდი ხანია დროა, თუმცა ვის გავახსენდი მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, ცოტა ხანში წამალმა მოქმედება დაიწყო და მე ისევ ძველებური სიმშვიდე დამიბრუნდა, ვიგრძენი, რომ კვლავ მინდოდა მუსიკისთვის მომესმინა, 1 ჭიქა წვენი დავლიე და კვლავ ავბრუნდი ჩემს პალატაში, ყურსასმენები მოვირგე და რამდენიმე წუთის წინ დაწუნებული მუსიკის განცხრომით მოსმენას შევუდექი, პერიოდულად ფარდებიდან ვიჭყიტებოდი იმ იმედით, რომ ღრუბლიანი ამინდი შემრჩებოდა ხელში, ისე დაღამდა ცაზე ღრუბელი ვერ დავინახე და ჩემდა გასაკვირად მზესაც გაზაფხულური ფერი ქონდა, სულ არ გავდა ზამთრის მზეს, რაღაცნაირი მკვდრის ფერი რომ არის ხოლმე და ფანჯრიდანვე, რომ ეტყობა სითბოს ნატამალს არ შეიცავს.
თავი დავიიმედე ზამთარია და ამინდიც მალე გაფუჭდება მეთქი და კვლავ წამოვწექი, წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვაპირებდი ხელუხლებელი იდო იქვე სკამზე, გული ვერ დავუდე, ათასჯერ მაინც წავიკითხე პირველი აბზაცი, მაგრამ აი ნანატრი ინტერესი მაინც ვერ გამოიწვია, არადა აქებდნენ, თანაც დეპრესიასა და თვითმკვლელობაზე იყო დაწერილი (მიკვირს ეს წიგნი, როგორ დამატოვებინეს), წლების განმავლობაში ვეძებდი, საქართველოში არ იყიდებოდა, მე კი ჩემი XI საუკუნისთვის სრულიად შესაფერისი ცხოვრების მიუხედავად, ე.წ. ”ონლაინ გამოწერებში” არაფერი გამეგებოდა. თუმცა მოვახერხე და მეგობარს ვთხოვე ეყიდა ჩემთვის, ხელის კანკალით ამოვიღე პარკიდან, ერთი სული მქონდა როდის გადავშლიდი და წავიკითხავდი, თუმცა რატომღაც ვერა და ვერ ჩავუჯექი, ახლა კი გული ძალიან მქონდა აცრუებული.
აგერ უკვე მერამდენედ მიჩურჩულებდა ყურსასმენებიდან ედიტ პიაფი ne me quitte pas-ო, უკვე ათასჯერ (იქნებ მეტჯერაც) მქონდა ეს სიმღერა მოსმენილი, შეგრძნება კი ყოველი მოსმენისას ისეთი მქონდა თითქოს პირველად ვუსმენდი, ყოველთვის წითელი ღვინო და სიგარეტი მინდებოდა ხოლმე, არც ახლა იყო გამონაკლისი, თუმცა ვინაიდან ალკოჰოლი აკრძალული მქონდა მხოლოდ სიგარეტის მოწევა შემეძლო, ისიც თუ გარეთ გავიდოდი, შენობაში მოწევას მიკრძალავდნენ, სასაცილოა რა დეპრესიულ პაციენტს რომ მოწევას აუკრძალავ, მასხრად აგდებაა. გარეთ გასვლაზე კი ფიქრიც არ მინდოდა, მეგონა, რომ რაღაცნაირი თბილი საღამო შემრჩებოდა ხელში და ჩემს ზედმეტად ყინვისთვის მომზადებულ განწყობას ეს გაზაფხულური სითბო იმდენად მოშხამავდა, რომ ყელში მოწოლილ აგრესიას ვეღარც დამამშვიდებლები უშველიდნენ.
ტელეფონი არ მქონდა, არც მინდოდა, რომ მქონოდა, არც ის ვიცოდი რა დღე იყო, უბრალოდ არ ვინტერესდებოდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ დეკემბერი იყო, სანიტარს, რომელთანაც მეტნაკლებად ვმეგრობრობდი ვთხოვე ჩემთვის ზამთრის დადგომა ეცნობებინა.
მივხვდი, რომ გარეთ უკვე ბნელოდა და ფარდები გადავწიე, ფანჯარა გამოვაღე და ზღვას გავხედე, ზედმეტად მშვიდი იყო, ტალღებს ვერც კი შეამჩნევდი, ვიფიქრე ნამდვილად მატყუებენ ჯერ დეკემბერი არ დამდგარა მეთქი, ალბათ ჩემი გაგიჟება უნდოდათ, მე ხომ მათი შემოსავლის წყარო ვიყავი. ”ისევ პარანოიამ წამოყო თავი” – სევდიანად გავიფიქრე.


ყველაზე საზიზღარი დღე – უარესის მოლოდინში


ჯერ კიდევ გუშინ დილით ტელევიზორი რომ ჩავრთე და ბეარ გრილსის ნაცვლად სხვა გადაცემა შემრჩა ხელში მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერ აიწეწებოდა და უკუღმა წავიდოდა.
მართალი ვიყავი, ვზივარ ახლა ბნელ ოთახში, პირდაპირ ბოთლიდან ვსვამ “მარტინის” და ვოცნებობ 1 ღერ სიგარეტზე ან ცეცხლასროლ იარაღზე.
მეძინება, თუმცა თავს ვაიძულებ გამოფხიზლდეს, ბოთლი გამოსცალოს და რაც შეიძლება გაწელოს დრო გათენებამდე, ხვალ კიდევ უფრო უარესი დღე იქნება.
მაღვიძარას არ დავაყენებ, არც ყავას დავლევ და არც შოკოლადს შევჭამ, დილის ჩვეულად მშვიდი განწყობით დაწყება ზედმეტად ყალბი და უარესად ნერვების მომშლელი იქნება, ხვალინდელ დილას არც თაფლიანი ყავის თბილი არომატი და არც შოკოლადი მოუხდება, თუმცა შესაძლებელია ერთი პორცია შხამის კოქტეილის ვარიანტის განხილვაც.
იქნებ ცოტა ალკოჰოლი დილისთვისაც შემომენახა, ვინაიდან სიტუაციის რეალურად შეფასების შემდეგ ნათელია, რომ ღამის განმავლობაში ვერც შხამის და მითუმეტეს ვერც საწამლავის მთელი კოქტილის მომზადებას შევძლებ.
იქნებ ერთხელ პრაქტიკაში უკვე გამოცდილ ხერხს მივმართო და ხვალ ნამძნარევი სახითა და შეშლილი თვალებით შევიდე პირველივე აფთიაქში და “ყველაზე ძლიერი დამამშვიდებელი, რომელიც ძილიანობას არ იწვევს რა გაქვთ” მეთქი ვიკითხო, თუმცა ამან არც მაშინ გამოიღო დადებითი შედეგი, ლამის მთელი კოლოფი ერთ დღეში გამოვცალე და დამშვიდების ნაცვლად უარესად გავღიზიანდი იმით, რომ მთელი დღის განმავლობაში თავს ვაიძულებდი არ დამძინებოდა.
ჩემი საათით ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარია (თუმცა ვეჭვობ, რომ 1 საათიანი ცდომილება აქვს) მე კი უკვე იმდენად მეძინება, რომ მგონია ცოტაც და ირიჟრაჟებს. ზუსტად დღეს არ უნდა მივცე თავს დაძინების უფლება, ხვალინდელ დღემდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო და ვიფიქრო იმაზე, რომ დილის ათის ნახევრამდე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრებაა დარჩენილი.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 943 other followers

%d bloggers like this: