Monthly Archives: November 2010

ჯალათი


გილიოტინა (თავის მოკვეთა), საწამლავის კოქტეილი, სახრჩობელა – განათებული სახით მიუყვებოდა ბნელ ნესტიან დერეფანს და თან თითებზე ითვლიდა სიკვდილით დასჯის სახეობებს.
ჯალათი – დიდი ვერაფერი სახელი მომიფიქრეს, ზედმეტად უხეშად ჟღერს, მაშინ როდესაც მკვლელი ნაკლებად საზარელი და შეურაცხმყოფელია.
ვინაიდან ჩემს სახეს განაჩენის აღსრულების დროს ნიღაბი ამშვენებს მაღაზიაში პურის საყიდლად შესულს ზიზღითა და ამრეზით არავინ მიყურებს, თუმცა ყოველთვის ვიძაბები, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი თანდასწრებით ერთმანეთს ყურში უჩურჩულებენ ხოლმე რამეს, მგონია, რომ ჩემზე საუბრობენ ან გრძნობენ რომ ხელებზე სისხლის სუნი ამდის, რამდენჯერაც არ უნდა დავიბანო ხელი ამ სუნს მაინც ვერ ვიშორებ.
დღეს კიდევ ერთი ”შოუ” იგეგმება, ქალაქის ცენტრი კვლავ გადაჭედილი იქნება და ტვინის წამღებ ზუზუნში მომიწევს მუშაობა.
გუშინდელ სადღესასწაულო საღამოზე გაცნობილი ქალბატონი ჩემი მგრძნობიარე და უსაზღვროდ რომანტიული პერსონით აღფრთოვანებას ვერ მალავდა და თავგამოდებული კიცხავდა ყველას ვინც ადამიანის სისხლში ითხვრიდა ხელებს, მეც რას ვეტყოდი, არ მგონია მართებული იყოს გაცნობისთანავე ერთი სტროფი სასიყვარული ლექსის თქმის შემდეგ ღიმილით იმის განმარტება, რომ სიკვდილი და სხვისი სისხლით ხელების მოთხვრა შენი სამსახურია და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ხედავ. საღამოს ალბათ პირველი პაემნად წოდებული შეხვედრა გვექნება, რა სიმბოლურია რაც უფრო სწრაფად ამოხდება სული დღევანდელი შოუს სულისჩამდგმელ იდიოტს მით უფრო მეტი დრო მექნება თავის მოსაწესრიგებლად.
ამასობაში ქალაქის ცენტრსაც მიუახლოვდა, - განაჩენის აღსრულებამდე ჯერ კიდევ ორი საათია დარჩენილი აქ კი უკვე იმდენ ადამიანს მოუყრია თავი, რომ ნემსი არ ჩავარდება. შემდეგ იტყვიან, რომ ჩვენ ვართ არაადამიანები, სისხლის მსმელები, მკვლელები, ცხოველები – მათგან განსხვავებით ტკბობას მაინც არ განვიცდი და არც ბედნიერი ღიმილით მივეშურები სახლში საქმის დამთავრების შემდეგ, ეს უბრალოდ სამსახურია და ვცდილობ იმაზე ვიფიქრო, რომ ყველა ვისი საიქიოში გასტუმრებაც ჩემი ნახელავია ალალად იმსახურებდა ამას.
კარნავალებზე დიდი ენთუზიაზმით ირგებენ ხოლმე ჩემს როლს, უგემოვნოდ ჩამოიცვამენ ნიღაბს და დადიან ამაყად ”ჯალათის ფორმაში გამოწყობილები”, მეორე დღეს კი ენას იტყავებენ ჯალათების ლანძღვით.
ვინ იცის იქნებ კარგ საქმესაც ვაკეთებ, საზოგადოებას ვწმენდ არასასურველი სუბიექტებისგან და ამასთან თუ მართლაც არსებობს რაიმე იქნებ საკუთარი სიკვდილით ცოდვების გამოსყიდვაშიცც ვეხმარები და ჩემი ხელი სამოთხისკენ მიმავალ გზას უხსნის თითოეულ მათგანს.
რამდენიმე ახალგაზრდა სადღესასწაულოდ გამოწყობილ ქალბატონს ადგილი სულ წინა რიგებში დაუკავებია და მოუთმენლად ელოდებიან როდის დაიწყება სანახაობა, სანაძლეოს დავდებ, საქმის შესრულებას რომ შევუდგები თვალებზე ხელს აიფარებენ, თუმცა შეფარვით მაინც გამოაპარებენ თვალს რათა უცქირონ ყველაფერს და ერთი დეტალიც კი არ გამორჩეთ შემდეგ ერთმანეთს მხარზე დაადებენ თავს და სევდიანად წაიჩურჩულებენ ”რა საშინელებაა”, მლიქვნელები, თუ ამის ყურება არ უნდოდათ და არ შეეძლოთ დილიდან შუაგულ მზეზე რისთვის იხრუკებიან წინა რიგებში ადგილის დასაკავებლად.
როგორც ყოველთვის შეკრებილ საზოგადოებაში მოუთმენლობა იგრძნობა, ერთი სული აქვთ დაამტკიცონ როგორი ლმობიერები და ჰუმანურები არიან, ქმრებს, საქმროებს მიეხუტონ ღონემიხდილები, შემდეგ კი ამ ”ვაჟკაცებმა” გამკიცხავი მზერა მესროლონ და გადაფსკვნილები გაემართონ სახლში ვიშვიშით. გულახდილ და დაუფარავ გრძნობებს მხოლოდ დამნაშავისა და მსხვერპლის ახლობლები გამოხატავენ, მხოლოდ ისინი არ იწუხებენ თავს თეატრალიზებული დადგმა გაათამაშონ ხალხის დასანახად.

უკვე გვიანდება თუმცა დამნაშავე არადა არ მოჰყავთ, ჯერ კიდევ მღვდელს აბარებს აღსარებას, რას საუბრობენ ამდენს გაუგებარია, თუ ასეთი მორწმუნე იყო თავის დროზე ეფიქრა იმაზე რასაც აკეთებდა, თუ 14 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ ეზიარა ჭეშმარიტებას.

როგროც იქნა, მოყავთ, ხალხი ახმაურდა, მეც აუღელვებლად მოვემზადე… ყველაფერი სცენარის მიხედვით განვითარდა, თუმცა პაემანზე დამაგვიანდა, ისტერიულად ვიბანდი ხელებს ნახევარი საათის განმავლობაში, რომ მივედი წასული დამხვდა, რაღა მაინც და მაინც მე შემხვდა ქალისთვის შეუფერებლად პუნქტუალური აწ უკვე არ შემდგარი შეყვარებული.



სიგარეტი ფინჯან ყავასთან ერთად – დღეს ემოციას ასამართლებენ


საშინელ ქარში აივანზე ვალის მოხდის მიზნით მოწეული მეორე ღერი სიგარეტის შედეგად დატოვებულ მწარე გემოს თაფლიანი ყავის ტკბილი და ასოციაციებით სავსე სურნელება ცვლის. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბურდღუნებ – “წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო.” კარგად ხვდები, რომ ამ ფრაზის ავტორიც ისეთივე მდგომარეობაში იმყოფებოდა როგორშიც ახლა შენ ხარ, ცდილობდა რაიმე გამართლება მოეძებნა თავისი საქციელისთვის და ასეთივე დაჟინებით ბურდღუნებდა აღნიშნულ ფრაზას.
გულწრფელი მწუხარებით აუწყე გონებას, რომ ამჯერად განსასჯელის სკამზე ალკოჰოლის მოთავსება ვერ მოხერხდებოდა. “ჰოდა მაშინ მოათრიე ის დეგენერატი ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, როდემდე შეიძლება ვითმინოთ მისი უპასუხისმგებლო საქციელი, როდემდე შეიძლება ვაგო პასუხი ემოციის მიერ ჩადენილ ყოველგვარ აზრს მოკლებულ ქმედებებზე. იქნებ შენც ერთხელ და სამუდამოდ მიხვდე, რომ ამ შენს ცივილურ სასამართლო გარჩევებს არავითარი შედეგი არ მოაქვს და დაფიქრდე ლინჩის წესის ან სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე. ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ ცირკს.” ტელეფონის ზარი გაისმა, შვებით ამოისუნთქე, სულ რამდენიმე წუთით მაინც შეძლებ შესვენების გამოცხადებას, ნელი მოძრაობით გაემართე საპასუხოდ, “ჰო მიდი უპასუხე, არავინ დაგასწროს, შენთვის არ უთქვამთ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრის განმავლობაში ტელეფონზე საუბარი მსუბუქად რომ ვთქვათ უზრდელობაა?!”
საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
ყველა დანაშაულს აქვს მოტივი, ხოლო ვინაიდან ამ შემთხვევაში მოტივი არ იკვეთება, არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა – განაცხადე ნიშნის მოგებით.
“ოჰ, როგორც ვხედავ მიძინებულმა იურისტმა გაიღვიძა, ბრავო მაესტრო, ბრავო. თქვენთვის არ უთქვამთ, რომ იდიოტებს მოტივი არ სჭირდებათ?! იქნებ შენც გააცნობიერო ერთხელ და სამუდამოდ, რომ ოცნება იურისტობაზე დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს და უკვე დიდი ხანია დროა თავი შეუმდგარი იურისტების მრავალრიცხვოვან რიგებს მიაკუთვნო.”
იდიოტიზმი დაავადებაა, ხოლო შეურაცხადი ადამიანის დამნაშავედ ცნობა არ შეიძლება. – მიუგე მშვიდი ხმნით.
“ჰოდა მაშინ, მიუსაჯე იძულებითი სამკურნალო ღონისძიება და გაამწესე აქვე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გიჟების ადგილი მანდაა. ერთხელაც იქნება ორივეს დაგვასამარებს და მერე ნუ მოხვალ ჩემთან საწუწუნოდ, წინასწარ იცოდე, რომ ყოველგვარი სიბრალულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე გეტყვი “მე ხომ გაფრთხილებდი” მეთქი.”
მასაც მოვუსმინოთ, ყველას აქვს დაცვის უფლება.
“კარგით ქალბატონო თემიდა, როგორც თქვენ იტყვით, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ არაადეკვატური აზრების რახა-რუხი და თავი მოვაჩვენოთ, რომ უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში რაც მოვისმინეთ არ იყო საკმარისი და ვერ ვძღებით მისი სმენით.”
განსასჯელის სკამიდან ნელი მოძრაობით წამოდგა თავდახრილი ემოცია და ცახცახით ჩაესვენა მოწმის სავარძელში.
პროკურორის როლში მყოფმა გონებამ უკმაყოფილოდ დაამთქნარა, თავი ნიკაპს დააყრდნო და წაიბურდღუნა “ერთი კვირა დღე მაქვს და ისიც არ შემარგეს.”
“მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ განხორციელებული ყველა ქმედება იყო მართლზომიერი და არ წარმოადგენდა დანაშაულს.” – განსაცვიფრებელი სიმტკიცით დაიწყო ჩვენების მიცემა ემოციამ.
გაოგნებულმა გონებამ თავი წამოწია და წაისისნა “უყურე შენ, რამდენი რამე უსწავლია, ეს უკვე საინტერესოა.”
“დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელი იყო თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ მოვქცეულიყავით ადამიანურად, გულახდილად გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება, რაციონალური მსჯელობისგან მიღწეული რობოტიზმის სიტუაციიდან დავბრუნებოდით ადამიანურ საწყისს, ვყოფილიყავით ის რაც ვართ, გაგვექრო ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, შეგვეწყვიტა მორგებული მკაცრი და უგრძნობი ადამიანის როლის თამაში. იქნებ დღეს მაინც მიხვდეთ, რომ ამისთვის არც ალკოჰოლია საჭირო და არც დამამშვიდებელი საშუალებები, ეს ვართ ჩვენ, როდემდე შეიძლება საკუთარ თავს ავუკრძალოთ თავისი სურვილის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გონების მიერ დაწესებული ნორმებით იმოქმედოს მუდმივად, როდემდე?!”
“და შენ, უკაცრავად თქვენ – გაეცინა – გგონიათ, რომ შექმნილი სიტუაცია იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას და თქვენს მიერ დაუფიქრებელი და თვითნებური საქციელის შედეგები სახარბიელოა?”- ჩაერთო გონება.
“დიახ, მე მივიჩნევ, რომ სწორედ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ სისრულეში მოყვანილი გადაწყვეტილება არათუ სწორი იყო არამედ პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებს. რომ არა თქვენი მუდმივი შენიშვნები და მითითებები შესაძლოა დღეს ბედნიერებიც კი ვყოფილიყავით, თუმცა თქვენ დაჟინებით განაგრძობთ ჩვენში ეჭვის გაღვივებას, განაგრძობთ ნელ-ნელა შხამვას, მუდმივად ბრალს გვდებთ დაუფიქრებელ საქციელში. სად ბრძანდებოდით მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება განხივლაზე იყო გამოტანილი? რატომ მაშინ არ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია?!”
“ეს ალბათ რიტორიკული შეკითვხაა და პასუხს არ საჭიროებს.” – ჩაიქირქილა გონებამ და კატეგორიული მზერა გესროლა.
“პასუხის გაცემა, რომ შეგძლებოდათ ცინიზმის გარეშე დააფიქსირებდით თქვენს პოზიციას, თუმცა ვინაიდან არავითარი გამართლება არ გაგაჩნიათ, ამ საცოდავ ხერხს მიმართეთ თავის დასაცავად, მე მეცოდებით, გულწრფელად მეცოდებით.”
გონებამ ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოდგა, შენ ჩაქუჩს დაავლე ხელი და სიწყნარე მოითხოვე.
“საღამო იყო, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებით ვიყავი დაკავებული, იმ საკითხების მოგვარებით, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და დრო არ მქონდა თქვენი მორიგი ტუტუცობა გამეკონტროლებინა, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ჩვენ, ისედაც თავზე საყრელად გვაქვს პრობლემები. დრო იხელთეთ და შეეცადეთ დაგემტკიცებინათ, რომ თქვენც შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღებაში თქვენი როლი ითამაშოთ, მოგინდათ ხაზი გაგესვათ, რომ თქვენ არა გამოუყენებელი ხარახურა და პრობლემების სათავე არამდე ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხართ, დღეს კი ჩვენ ვალდებულები ვართ, დიახ ჩვენ ვართ ვალდებული პასუხი ვაგოთ თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეულ სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემაზე.” – დაასრულა გამოსვლა გაცხარებულმა გონებამ.
“ვინაიდან ჩვენ ადამიანი გვქვია და არა მანქანა, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია ზოგჯერ მაინც მოვიქცეთ დაუფიქრებლად და ამით გამოწვეული სისხლის ადუღება ვიგრძნოთ, ვინაიდან ჩვენ ადამიანობას ვუწოდებთ ემოციებს და არა გამჭრიახობას, ჩემი არსებობა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორიც თქვენი, ვინაიდან ტვინი კომპიუტერსაც აქვს თუმცა მას ადამიანს არ ვუწოდებთ, მე ვარ ის რის გამოც შენ წილად გხვდა ბედნიერება გერქვას ადამიანი.”
ტაშის დაკვრა გინდოდა, თუმცა გონების გამყინავი მზერა იგრძენი და თავი შეიკავე.
სასამართლო დაასრულეთ. გონება მიხვდა, რომ განსასჯელის ბოლო სიტყვებიდან გამომდინარე მისი სიკვდილით დასჯის მოთხოვნა მსუბუქად, რომ ვთქვათ უადგილო იქნებოდა, მან დემონსტრაციულად დატოვა სასამართლო დარბაზი.
ემოცია უდანაშაულოდ სცანი.
გამოსასვლელში გონება გელოდებოდა, თან ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს, გაგიღიმა და გითხრა “ძალიან მოკლე დროში კვლავ მოგვიწევს შეკრება.” შემდეგ სიგარეტი ფეხით გასრისა და გაგეცალა.


კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე


ჯიბეში ხელებჩაწყობილი მივუყვებოდი ქუჩას, საათისთვის არც დამიხედავს საერთოდ არ მაინტერესებდა ვაგვიანებდი თუ არა, 25 იყო ზოგჯერ შვებულების დაწყებისა და ზოგჯერ დამთავრების თარიღი, სრულ უსაქმურობაში გატარებული 18 დღის შემდეგ ზუსტად 3 თვე გადიოდა. იმდენად ბევრი მქონდა ნაფიქრი არსებულ პრობლემებზე და უკვე იმდენი ხნის განმავლობაში ვნერვიულობდი, რომ დილით სრული თავისუფლების შეგრძნებით მივუყვებოდი ქუჩას, დასაკარგი უკვე აღარაფერი იყო, ჩანთაშიც მხოლოდ ცარიელი ცელოფანი და ამინდიდან გამომდინარე ყველანაირ აზრს მოკლებული ქოლგა მედო, სამსახურის უჯრაში 7 ღერი სიგარეტი და 2 ნახევრად დაცლილი ასანთის კოლოფი მელოდებოდა.
ჯიბეში უაზროდ ხმაურობდა სიმცირიდან გამომდინარე სრულიად გამოუყენებელი ხურდა ფული, იქვე დიდი ხნის უნახავი მათხოვარი შევნიშნე (მათხოვარი რატომღაც ძალიან შეურაცხმყოფელად ჟღერს, ჰოდა დიდი ხნის უნახავი კიდევ იმიტომ, რომ ჩამოსახვევში მუდმივად მხვდებოდა ხოლმე და ბოლო პერიოდში ვეღარ ვხედავდი რატომღაც), ჯიბიდან უაზროდ მოჩხარუნე ხურდაც მოვიშორე და სრულიად თავისუფლად 7 ღერი სიგარეტისა და ორი კოლოფი ასანთის ამარა დარჩენილმა განვაგრძე გზა, თან მეღიმებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვთამაშობდი, დიდი ფსონი მქონდა დადებული და ველოდებოდი მოვლენების განვითარებას, თუმცა არც სიტუაციის შეფასებით ვიკლავდი დიდად თავს, ჩემი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო უკვე გაკეთებული მქონდა და სრული თავისუფლების შეგრძნებით ვტკბებოდი, კარგად ვიცოდი მალე დასრულდებოდა აღნიშნული შეგრძნებით ტკბობა ჰოდა ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო რამდენიმე წუთიანი აზარტული თავისუფლებით.
ცოტა ხანში დაღლილობის შეგრძნების შემოპარვისთანავე ვიგრძენი, რომ სასწორზე დადებული ან ყველაფერი ან არაფერი დიდ აღფრთოვანებას აღარ იწვევდა, თანაც დღე ახალი დაწყებული იყო მე კი დილიდან უკვე 4 ღერი სიგარეტი მქონდა მოწეული. ყველაფერი სცენარის მიხედვით ვითარდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სცენარი გონებაში უკვე მილიონჯერ მქონდა გავლილი მიმდინარე მოვლენები ისეთ გაღიზიანებას აღარ იწვევდა და მაქსიმალურ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო, მით უფრო კარგად ვხვდებოდი იმას თუ რა ახლოს ვიყავი წაგებასთან და ვცდილობდი დაახლოებით დამედგინა კილომეტრთა რაოდენობა, რომლის გავლაც მომიწევდა სიბნელეში, არადა ჯერ კიდევ დილით ამაზე მხოლოდ მეცინებოდა.
სიგარეტი 2 ღერიღა მქონდა დარჩენილი და ჯერ ნახევარი დღეც კი არ იყო გასული, ეს არც იმის ბრალი იყო, რომ რამეზე ვნერვიულობდი და არც პროტესტს გამოხატავდა. ყელის ტკივილისა და სიგარეტის არც თუ ისე მაღალი ხარისხის მიუხედავად მონდომებით ვეწეოდი და დათქმულ 1 საათიან ინტერვალებსაც კი არ ვიცავდი ნანატრ საათნახევრიან ინტერვალებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
ყურსასმენები მეკეთა და ვცდილობდი მაქსიმალურად დამეცვა თავი გარესამყაროსგან, სინამდვილეში არც არაფერს ვუსმენდი უბრალოდ ამ გზით უაზრო დიალოგებს ვარიდებდი თავს, თუმცა ეს ფანდიც ყველა შემთხვევაში არ ჭრიდა და შემაწუხებელი გარემოსგან ას პროცენტიან თავდაცვის გარანტიას არ იძლეოდა, მაგრამ შემამსუბუქმებელი ეფექტის მატარებელი კი ნამდვილად იყო.
3 თვის წინ ამ დროს ალბათ კიდევ უფრო დეპრესიულად ვგრძნობდი თავს და გამხელილი გეგმებიდან გამომდინარე ვოცნებობდი, რომ ოქტომბერი არასოდეს დამდგარიყო, შემდეგ ნოემბრის თავიდან აცილებას ვლამობდი ახლა კი ერთი სული მქონდა ცოცხალი მივსულიყავი დეკემბრის ბოლომდე, შემდეგ კი თუნდაც რამდენიმე დღით მივცემდი თავს უფლებას ბედნიერი მრქმეოდა.
14 აგვისტო მენატრებოდა ნამცხვრებით სავსე მაცივრით, ჩამოფარებული ფარდებითა და ტელევიზორის შეუზღუდავი ყურებით. მერე რა რომ სახლში ჯდომისა და სამყაროსგან სრული მოწყვეტისგან ფსიქიურ აშლილობამდე ცოტაღა მაკლდა, დღეს ვრწმუნდებოდი, რომ აღნიშნული რისკის მიუხედავად აგვისტო საუკეთესო პერიოდი იყო.
დილით ჩემს ცხოვრებაში არსებულ მდგომარეობას ”რუსულ რულეტკას” ვადარებდი და ამით კიდევ უმფრო ვიმძაფრებდი აზარტის შეგრძნებას, თუმცა შედეგების გაცილებით ნაკლებად კატასტროფულობიდან გამომდინარე, არც ამ იდეას ქონდა დიდი მხარდაჭერა ემოციების მხრიდან.

სამოთხე გარანტიით


თქვენ უკვე იცით თქვენი გარდაცვალების დრო, გაცნობიერებული გაქვთ, რომ საკმაოდ ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და გსურთ გარანტიების მიღება, ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო გამოსავალს, გარანტირებული სამოთხე, მიუხედავად თქვენი წარსულისა.
ჩვენთან თანამშრომლობისთვის აუცილებელია დარჩენილი გქონდეთ მინიმუმ 40 დღე დედამიწაზე, იმისთვის, რომ მიიღოთ შესაბამისი მომსახურება და გქონდეთ გარანტია.
პირველ რიგში გთხოვთ შეავსოთ ბლანკი და მიუთითოთ თქვენი აღმსარებლობა, თქვენი წარმოდგენა სამოთხესა თუ ჯოჯოხეთზე, თქვენი წინასწარი პროგნოზი, ამჟამინდელი მონაცემებიდან გამომდინარე სად ვარაუდობთ მოხვედრას, გთხოვთ აღწეროთ აღნიშნულის მიზეზები, მიუთითოთ ფაქტები თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს გარდაცვალების შემდეგ თქვენს განაწილებაზე.
მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი, მიზეზი, რომლის გამოც სავარაუდოდ გარდაიცვლებით, დროის სავარაუდო ხანგრძლივობა დარჩენილი გარდაცვალებამდე.
მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ.
სახელი, გვარი: მელანო სანაძე.
დაბადების თარიღი: 11.08.1980 შენიშვნა: აგვისტო მინდოდა დამეწერა, თუმცა 08 უფრო ოფიციალურია ალბათ, ისე კი მე 11 აგვისტოს დავიბადე, ასე უფრო კარგად ჟღერს მიყვარს ზაფხულის ბოლო, ზოგჯერ ყველაზე ცხელი, არდადეგებისა და შვებულებების, გართობისა და ბედნიერების თვე.
გარდაცვალების მიზეზი: პროგრესირებადი დაავადება, მკურნალობას აღარ ვექვემდებარები.
გარდაცვალების სავარაუდო თარიღი: მითხრეს, რომ დაახლოებით 3 თვე მაქვს დარჩენილი, ანუ აგვისტომდე ვერ მივაღწევ (ეს ალბათ არც არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ გული მწყდება და ამიტომ ჩავთვალე აღნიშვნის ღირსად).
აღმსარებლობა: ქრისტიანი, ნუ ალბათ მართლმადიდებელი, თუმცა ისე ქრისტიანი.
თქვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, რამდენად იცავდით დადგენილ წესებს: წესებს ალბათ ნაკლებად ვიცავდი, წირვაზე სკოლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, თუმცა ეკლესიაში დავდიოდი, ოღონდ მაშინ როდესაც ყველაზე ცოტა ხალხი იყო, ლოცვა ძალიან პირადულია და არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ხატთან მისასვლელად და სანთლის ასანთებად რიგში მომიწევს დგომა და ხატთან დგომისას ლოცვის ნაცვლად არ მინდა იმაზე ვფიქრობდე უკან ხალხი როგორი უკმაყოფილებით ელოდება თავის რიგს. მარხვაც არასოდეს დამიცავს, აქაც გამართლება მქონდა, არ მიმაჩნია საჭიროდ რაღაც კონკრეტულ საკვებზე ვთქვა უარი და ამით დავამტკიცო ჩემი რელიგიურობა, ეს არაფერს ცვლის. აღსარებაც ბოლოს სკოლაში ვთქვი, ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ცოდვების მოსანანიებლად და სინანულის დასამტკიცებლად შუამავლები არ მჭირდებოდა. შესაბამისად ზიარებაზეც არ ვყოფილვარ. არც ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ვლოცულობდი, არც საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, იმისა, რომ თავს ქრისტიანი ვუწოდე, თუმცა მართლმადიდებლობა ეჭვქვეშ დავაყენე.
თქვენი აზრით წესების დაცვის შემთხვევაში გარანტირებული გექნებოდათ სამოთხე: ძნელი სათქმელია, ის რაც წინა პუნქტში აღვწერე ალბათ თავის მხრივ იძლევა ამ კითხვაზე პასუხს, თუმცა თუ ჩვენი რელიგიის მიხედვით ვიმსჯელებთ ალბათ კი.
თქვენი მოლოდინი: რთული სათქმელია, წინა ორი პუნქტიდან გამომდინარე ალბათ ჯოჯოხეთი, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ჯოჯოხეთსა და სამოთხეშიც არსებობს დონეები, არ შეიძლება ადამიანები ორ კატეგორიად დაგვყონ, მე არც წმინდანი ვარ და არც სისხლისმსმელი ტირანი.
თქვენი წარმოდგენა სამოთხეზე: ძალიან რთული შეკითხვაა, უმჯობესი იქნებოდა ასასინი, კამიკაძე რომ ვყოფილიყავი გეტყოდით 70 ქალწული, თაფლისა და რძის მდინარე და ედემის ბაღი მეთქი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი რელიგია დახასიათებას არ იძლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მგონია, რომ ყველას ინდივიუდალური სამოთხე გვექნება, უდარდელობა, უპრობლემობა, სილაღე, თავისუფლება, ბედნიერების წარმოუდგენელი განცდა.
თქვენი წარმოდგენა ჯოჯოხეთზე: მეც ისეთივე წარმოდგენა მაქვს, როგორიც სხვებს, სიბნელე, ცეცხლი, ტკივილი, ტანჯვა.
მოკლედ აღწერეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც იმსახურებთ სამოთხეში ყოფნას: მგონი ამ კითხვით ცოდვისკენ მიბიძგებთ (ეს ხუმორობით, ფორმატი ე.წ. ”სმაილების” დაწერის საშუალებას არ იძლევა და  არც ინტერვიუა, რომ დავწერო ”იცინის” მეთქი). არ ვიცი, ცხოვრებაში ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომელიც გარანტირებულ ჯოჯოხეთს დაიმსახურებდა, ხშირად ვნანობდი იმას, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო, ეკლესიაშიც დავდიოდი, კიდევ ბევრი რამ მახსენდება, თუმცა მგონია, რომ თუ აქ ჩამოვთვლი ყველაფერს, მომენტალურად გადავუსვამ ხაზს მათ დადებითობას, ამიტომ თავს შევიკავებ (იქნებ ეს პუნქტი ამოგეღოთ საერთოდ, არ მგონია მართებული იყოს).
მოკლედ აღწერეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც იმსახურებთ ჯოჯოხეთში ყოფნას: ნუ აქ თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო, მიჭირდა დანაპირების შესრულება, მიფიქრია თვითმკვლელობაზე, ვეტანებოდი ალკოჰოლს, არ ვემორჩილებოდი წესებს, ვყოფილვარ შეუბრალებელი, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მეზიზღებოდნენ, ტყუილის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, ვეწეოდი (თუმცა ჩემი შეხედულებით ეს ცოდვა არ უნდა იყოს), ოჰ კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება.
საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ: მეგობარმა მითხრა.
ხელმოწერა: მ.სანაძე
თარიღი: 20.11.2010
***
ერთი კვირის ვადაში დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად, შემდეგ კი დავიწყებთ მუშაობას.
-დიახ, გამარჯობათ, კი მელანო ვარ.
-რა თქმა უნდა მცალია, მოკლედ შევთანხმდით ხვალ 10 საათზე.
***
-ბოდიშს ვიხდი დამაგვიანდა.
-არაფერია – მკაცრი ტონით მიპასუხა კომპანიის წარმომადგენელმა. – გავეცანით თქვენს ანკეტას, რაიმეს დამატებას ხომ არ ისურვებდით?
-არა, მგონი ყველაფერი აღვწერე.
-კარგით, მაშინ გაეცანით ხელშეკრულებას და მოაწერეთ ხელი.
-თანხა ახლავე უნდა გადავიხადო?
-1 კვირის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.
-კარგით, თუ არ გადაგიხდით კიდევ უფრო დავიმძიმებ მდგომარეობას და 1 ნაბიჯით მივუახლოვდები ჯოჯოხეთს ხომ? – ვიხუმრე.
წარბი აწია და ამომხედა – თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება და დაგეკისრებათ აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა.
არადა ვიხუმრე – გასაგებია, ვიხუმრე უბრალოდ.
პასუხად სრული სიჩუმე მივიღე.
გავეცანი ხელშეკრულებას, დიდი ყურადღებით არც წამიკითხავს, მოვაწერე ხელი და გავუწოდე წარმომადგენელს.
-კარგით მელანო, ახლა წამობრძანდით, თქვენს პირად ინსტრუქტორს შეხვდებით.
-კარგით, დიდი მადლობა.
***
როგორც იქნა ვიღაცამ გამიღიმა, მომესალმა და შემომთავაზა დაჯდომა.
-მელანო, მე ყურადღებით გავეცანი თქვენს ანკეტას, თქვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, სტანდარტულად პირველი ნაბიჯი მოძღვრის პოვნაა, შესაბამისად თქვენ უკვე გყავთ მოძღვარი, რომელსაც დღეს გაიცნობთ და რომელთანაც ივლით, შემდეგ ჩვენ ვიპოვნით მონასტერს სადაც წახვალთ 2 კვირით და იცხოვრებთ იქაური წესებით, იმედია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
-ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან მკურნალობას აღარ ვექვემდებარები, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები.
-კი ბატონო – კვლავ გამიღიმა, არადა ამ შემთხვევაში ღიმილი ძალიან უადგილო იყო – ეს არის თქვენი მოძღვრის ტელეფონი, დაუკავშირდით და შეთანხმდით შეხვედრაზე.
-გმადლობ – გამოვართვი ფურცელი.
-მე ხვალ დაგიკავშირდებით.
-კარგით დიდი მადლობა.
***
3 თვეც გავიდა, ეკლესია, წესები, წესები, წესები, სინანული, მონანიება, მონასტერი.
62-ე დღე აღარ გათენებულა, ხელშეკრულება არქივში გაუშვეს, მე საიქიოში, ოღონდ კონკრეტულად სად, ეს კონფიდენციალურია.

ოპერაცია – ”ეკლესია სავსე მთვარიან ღამეს”


აი ისევ ატყდა, ისე ატყდა, როგორც სჩვევია ხოლმე, რაღაც განუხორციელებელ ან განხორციელებად მაგრამ უაზრობამდე სახიფათო იდეას აიტაცებს ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველაზე კარგად აცნობიერებს აღნიშნული იდეის საფრთხის მომტან აბსურდულობას მაინც ბოლომდე აწვება იმ აზრს, რომ აღნიშნული წამოწყება გახნორციელებად ღირს.
ეს ალბათ მის ცხოვრებაში აგერ უკვე პერმანენტულ მდგომარეობად ქცეული ზედმეტი სიმშვიდისა და ერთფეროვნების ბრალია, მუდმივად გრძნობს რომ სადღაცაა გაყინული და თუ თავში აგურის დაცემის ალბათობას დავივიწყებთ (თავში აგური უმიზეზოდ ხომ არავის ეცემა) ზედმიწევნით, წუთობრივი ინტერვალის დაცვითაც კი შეუძლია თქვას, რა მოხდება მთელი დღის განმავლობაში.
ჰოდა კიდევ ერთი ”ნაცრისფერ ნისლში გახვეული” ”ბურუსით მოცული” ”ბანალური საშინელებათა ფილმისთვის შესაფერისი სცენარის მაგვარი” ისტორია მოისმინა და ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა ისე განაცხადა, რომ იგი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ სასვე მთვარიან ღამეს, მიტოვებულ ეკლესიაში მართლაც ისმის აუხსნელი ხმები, რომლებიც ზედმიწევნითი სიზუსტით ამბობენ ვინ გარდაიცვლება, ვინ დაიბადება და ვინ გათხოვდება.
წარმოიდგინეთ, ჟრუანტელის მოომგვრელი ინფორმაციიდან - ვიღაცის სიკვდილის თარიღის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობიდან ნელ-ნელა როგორ ბანალურდება ეს ისტორია, რაში უნდა გაინტერესებდეს ვინ დაიბაიდება, ან რას ნიშნავს ვინ დაიბადება, უახლოეს ერთ წელიწადში რამდენი გიორგი, ლიზა, ლუკა და თორნიკე მოევლინება ქვეყანას, თუმცა ეს ალბათ აღნიშნული ისტორიის ავტორების მიერ მოგონილი საფეხურია იმისთვის, რომ ლოგიკური ჯაჭვის რღვევა არ მოხდეს და თუ სიკვდილია მისი ახალი სიცოცხლით ჩანაცვლების აუცილებლობაც იჩენს თავს. შემდეგი ინფორმაცია კი რომელსაც ამ ბურუსით მოცული ინფორმატორისგან იგებ ყველაზე სასაცილოა და საშინელებათა ფილმების მოყვარული ადამიანისთვის პირველადი სასიამოვნო შიშის ჟრუანტელის სრულ განდაგურებას წარმოადგენს, ანუ ვინ გათხოვდება და აი დავფიქრდეთ – ეს იდეა უკვე თავისთავად გათვლილია მდედრობითი სქესის ავანტურისა და ტყეში უმისამართოდ ხეტიალის მოყვარულ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ყველაზე დიდ სატყუარას წარმოადგენს ის თუ ვინ იქნება ის ბედნიერი, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს თავის მისიას და აისრულებს სანუკვარ გათხოვების ოცნებას.
თუმცა მაინც საინტერესოა, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული მითის რეალურობა თავად გამოსცადეს და მიუხედავად მათი სკეპტიკური მიდგომისა თავადაც კი გაოგნებულები დარჩნენ ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელი და ორი შეხედვით სასაცილო ისტორიის რეალურობაში.
ამასთან არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი სავარაუდოდ, ”ბნელით მოცული გულღია ინფორმატორის” მიერ დასახელებული პიროვნებები, იქნებიან იმავე სოფლის ან ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეები სადაც მდებარეობს აღნიშნული მიტოვებული ეკლესია, შესაბამისად საკუთარ თავსა თუ ახლობლებზე ბევრს ვერაფერს გაიგებ და აქედან გამომდინარე, ამ ცდის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს თუ უბრალოდ გაინტერესებს რამდენად შეეფერება მოსმენილი მითი რეალობას.
ჰოდა ის კი მზად იყო დიდი ენთუზიაზმით დაეგეგმა ოპერაცია – ”ეკლესია სავსე მთვარიან ღამეს” თუმცა კომპანიონების ნაკლებობამ გამოიწვია ის, რომ დადგა არჩევნის წინაშე ან მარტოს მოუწევს ამ ყველაფრის გაკეთება ან უბრალოდ უნდა დაჯდეს და მსგავსი ისტორიების მოსმენით მიღებული სიამოვნებით დაკმაყოფილდეს.
p.s. ბოლო პერიოდში აუხსნელი მიზეზის გამო საკუთარ თავზე მესამე პირში წერა მირჩევნია.
p.p.s. არადა სათაური რა დამაინტრიგებლად ჟღერს!

”ზედმეტი გულახდილობა”


მართლაც გულახდილობა დიდი ვერაფერი თვისებაა, არც საზოგადოებისთვისაა მისაღები და არც დადებითად აღიქვამს ვინმე, პირიქით გულახდილი ადამიანები, როგორც წესი უზრდელებისა და თავხედების იარლიყ მიწებებულები არიან.
ზედმეტი ცენზურის, თეატრალიზებული დადგმებისა და წინასწარ მომზადებული ან სიტუაციისთვის შესაფერისი შებლონი ტექსტების გამოყენებაზე თუნდაც 1 დღით რომ ვთქვა უარი, მეორე დილით ან გავიღვიძებ ჯანმრთელი და ან არა, ან თუ გავიღვიძებ ვაი იმ გაღვიძებას.
ჰოდა აი ერთხელ რომ გადავწყვიტო ვიყო გულახდილი, არ ვგულისხმობ ვიარო და ყველა უშვერი სიტყვებით გამოვლანძღო ვისი გამოლანძღვაც გულით მინდა, უბრალოდ დასმულ კითხვებზე გულახდილი პასუხები გავცე და ზედმეტი უკვე სიყალბისგან დამახინჯებული და შეყინული ღიმილის ნაცვლად ის ვთქვა რასაც ნამდვილად ვფიქრობ და თუნდაც 1 დღით ვთქვა უარი ტყუილის ცოდვაში თავის გაყოფაზე.
დილით ლიფტში მეზობლის კითხვაზე როგორ ვართ, ვუპასუხებდი, რომ წუხელ ძალიან ცუდად მეძინა, დილითაც რაღაც არ მესიამოვნა სნიკერსის ჭამა, არც ყავას ქონდა ისეთი გემო როგორიც წარმომედგინა, თანაც ორშაბათია და არც თქვენი დანახვა გამიხარდა დიდად, ვიცოდი 11 სართულის ჩვენი ჭეშმარიტად დენიკინის დროინდელი აგონიაში მყოფი ლიფტით ჩავლისას თქვენს გაუთავებელ ზოგჯერ არა ეთიკურ კითხვებზე მომიწევდა პასუხის გაცემა, ჰოდა ვერ ვარ რაღაც კარგად, ვიცი ზრდილობა მოითხოვს მოგიკითხოთ, მაგრამ ვინაიდან დღეს არც ტყუილის ხასიათზე ვარ  დიდად არ მაინტერესებს რასა იქმთ, რითი სუნთქავთ, თქვენმა მეუღლემ მამუკელა სკოლაში წაიყვანა უკვე თუ არა და როგორ გრძნობს თავს თქვენი ახალი რძალი.
არადა არ ვამლაშებ მართლა დიდი სიამოვნებით ვეტყოდი ამ ყველაფერს.
შემდეგ მეზობელი შეგვხვდებოდა ბავშვთან ერთად, ეს კიდევ ”მიეჭრებოდა” და დაუწყებდა მოფერებას, თან გამომხედავდა და მეტყოდა რა საყვარელია და ა.შ. მე აღარ დავავალდებულებდი თავს ნაძალადევად გამეღიმა და ვიტყოდი, რომ დიდი არაფერი, შემდეგ ეს ქალბატონი ბავშვის ფერებას, რომ დაიწყებდა დედას ვურჩევდი აეკრძალა ამდენი ადამიანისთვის მისი შვილის მოფერება და დამაჯერებლობისთვის მაგალითსაც მოვიყვანდი - ”განა თქვენ გაგიხარდებათ მეზობელი რომ შეგხვდეთ, მოვიდეს და მოფერება დაგიწყოთ, თავზე ხელი გადაგისთვათ ლოყაზე გიჩქმიტოთ და ა.შ. განა მაშინვე არ გაგიჩნდებათ სურვილი რაც შეიძება მალე მიხვიდეთ სალხში და ხელ-პირი დაიბანოთ, ჰოდა აბა ბავშვს მითუმეტეს მეტი სისუფთავე და გაფრთხილება სჭირდება.”
ამის შემდეგ უკანმოუხედავად გავეცლებოდი იქაურობას და ჩამოვიდოდი გაჩერებაზე.
არა ამ საკუთარი თავისთვის მინიჭებულ ერთ დღიან გულახდილობის პრივილეგიას კიდევ ბევრ რამეში გამოვიყენებდი, აუცილებლად გამიტკბებოდა და გაჩერებას ვეღარ შევძლებდი, რასაც არ მეკითხებიან იქაც ჩავყოფდი ცხვირს და ხალხს იქით დავურეკავდი, რომ მათთვის ჩემი გულახდილი მონოლოგი წამეკითხა.
ავიღებდი ტელეფონს და დავრეკავდი, მიპასუხებდნენ ნაძალადევი ღიმილით, ხმაში აშკარად რომ გამოსჭვივის ”აუ ამას რაღა უნდა, ან რაზე მირეკავს ან საიდან გავახსენდი და ა.შ.” ჰოდა მეც ყოველგვარი სიყალბის გარეშე თავისუფლად გავიღიმებდი და დავიწყებდი, ”ვიცი ელოდები, როდის გკითხავ როგორ ხარ მეთქი, იმისთვის, რომ მიპასუხო რა ვიცი კარგად, შენო და იგივე პასუხი მიიღო, შემდეგ გაჩუმდები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდე საქმეზე და სათქმელი მალე დავასრულო. პირველ რიგში არ ვაპირებ შენს მოკითხვას, ვინაიდან დიდად არ მაინტერესებს კონკრეტულად რა ტონალობაში იტყვი სიტყვას ”კარგად”, მე ხომ წიანსწარ ვიცი რომ ამას მიპასუხებ, კიდევ უფრო მეტად მერევა გული იმის წარმოდგენაზე ამ ”კარგად”-ს რა მოყვება, როგორი სიყალბით და თავიდან მოშორებაზე ორიენტირებული სასტიკად ყალბი ხმით იკითხავ ”შენო”, განსაკუთრებულ ღებინების რეფლექსს კი შემდეგ ჩემი იგივე ”კარგად”-ის თქმის ვალდებულება იწვევს, ჰოდა არც შენს მოკითხვას ვაპირებ და ნურც შენ შეიწუხებ თავს ამ კითხვაზე დაზეპირებული ფრაზის სათქმელად. ბოლოს რომ გელაპარაკე, არ მახსოვს ეს როდის იყო ზუსტად, რაღაც სულელური ვალდებულებები ავიკარი როგორც ყოველთვის და ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია ის მეთქვა რაც მინდოდა, არადა სიმართლე თუ გაინტერესებს ძალიან გამიხარდა მაშინ შენი გამოჩენა, მართლა მაინტერესებდა როგორ იყავი, არა ისე კი არა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად რომ აინტერესებთ ხოლმე, აი უბრალოდ, ადამიანურად მაინტერესებდა როგორ იყავი და კიდევ უფრო ადამიანურად გამიხარდებოდა, რომ გეთქვა კარგადო, ოღონდ ისე კი არა ახლა როგორც აპირებდი ამის თქმას, არა აი გულით რომ გეთქვა კარგადო, ჰოდა მერე გეტყოდი, რომ მომენატრა შენთან ლაპარაკი, აი რაღაცნაირი ძალდატანების გარეშე ლაპარაკი, ყოველგვარი თამაშის გარეშე, რომ შემეძლო ხოლმე სიმართლე მეთქვა და შენ ტყუილი გგონებოდა, ჰოდა ეგ მომენატრა ძალიან და დიდ ხანს ველოდი როდის გამოჩნდებოდი, იქნებ ისევ მეგობრები გვრქმეოდა, თუ ოდესმე გვერქვა რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ისევ ჩაერთო კანონი იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ გულახდილობას ტაშს არ უკრავენ და სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი, კარგად დადგმული როლის მორგება მომიწია, ჰოდა იმისთვის გირეკავ, რომ გითხრა, მიხარია თუ კარგად ხარ, ყოველთვის გამიხარდება და არც ზედმეტი კონსპირაცია არაა საჭირო ჩემთან საკონტაქტოდ, უბრალოდ მიხარია შენთან ურთიერთობა, ადამიანურად მიხარია.” – ნუ ამ ტექსტში ზოგადიც ბევრია და კონკრეტული ადამიანისადმი მიმართულიც.
შემდეგ კიდევ ერთი ”პრინციპული” ელ წერილის (მეილის) მიღების შემდეგ აუღელვებლად დავწერდი პასუხს, დაახლოებით ასეთი ტექტსით ”როდემდე შეიძლება ამტკიცო შენი პრინციპულობა, რომელიც უკვე სრულ უაზრობამდე მიდის, საკითხი ობიექტურად მნშივნელოვანი პრობლემის მოგვარებასა და სხვა ადამიანის ცხოვრებას ეხება, შენ კი აქ ჭირვეული ბავშვივით სიამოვნებას ღებულობ იმით, რომ შეგიძლია ჯიბრში ჩადგომით შენი გაიტანო, რაში გჭირდება ეს ყველაფერი გაუგებარია, უკვე ვგრძნობ, რომ თავიდან საპირისპიროს მხოლოდ იმიტომ გიმტკიცებდი, რომ ვიცოდი ასე იყო საჭირო და ობიექტურად მართალი ვიყავი, ვიღაცაზე გული შემტკიოდა, ახლა კი მეც პრიციპულად მსურს ჩემი გავიტანო, ის რისთვისაც ეს დავა დაიწყო ჩემთვისაც რაღაცნაირად მეორეხარისხოვანი გახდა, ჰოდა გულს მირევს საკუთარი თავი და იქნებ შენც დაფიქრებულიყავი ამაზე და შენი ადამიანობა საკუთარი თავის პოზიციის გააზრებისას იგივე რეფლექსით დაგემტკიცებინა.”
დადებითიც ბევრია სათქმელი და რაც ყველაზე სასაცილოა დადებითის თქმის შემთხვევაშიც კი უმეტესად ას პროცენტიანი გულახდილობა მიუღებელი საქციელია.


ბავშვობის რამდენიმე წიგნი


ფეხზე დაიხედა, მუხლთან გახეული შარვალი ეცვა, უზომოდ დიდი მაუსრი ლამის მუხლამდე წვდებოდა და მისი სიწითლე საერთოდ არავითარ კავშირში არ იყო ლურჯ ჩუსტებთან და ნაცრისფერ ჟაკეტთან. გავროში გაახსენდა, როგროც ყოველთვის სრულიად აუხსნელი (ან ზოგიერთისთვის სავსებით ახსნადი და ადეკვატური) ასცოიაციები უჩნდებოდა, ღიმილით წაიჩურჩულა ”ბონაპარტისტნი სახრჩობელაზე და ყველაფერი რიგზე იქნება!” გაეცინა, გაახსენდა წიგნის კითხვის დროს მამამისს რომ დასდევდა ამ შეძახილით, ვინაიდან მამა ნაპოლეონის დიდი მოტრფიალე იყო.
ცოტა იწვალა მარიუსის შეყვარებულის სახელის გახსენებაზე, თუმცა მალევე აღიდგინა, კოზეტი, ჰო კოზეტი, თვალწინ დაუდგა როგორი გატაცებით კითხულობდა იმ თავს სადაც მარიუსი სასიყვარულო წერილებს უტოვებდა კოზეტს ბაღში.
წიგნი ჟან ვალჟანს ეძღვნებოდა, მას კი ყველაზე ნაკლებად ეს პერსონაჟი მოსწონდა, მოიცადეთ იმ პოლიციელს რა ერქვა სისხლს რომ უშრობდა მთელი წიგნის განმავლობაში? ჟავერი, ჰო ჟავერი, მისი სახელის ხსენებისას თვალწინ მაშინვე საშინლად გამხდარი, ყელზე ბურთი რომ ემჩნევათ ხოლმე (არ მახსოვს რა ქვია), ნაცრისფერი, პალტოში გამოწყობილი მამაკაცის მკაცრი სილუეტი (თუ შეიძლება ადამიანის სილუეტს მკაცრი ეწოდოს) დაუდგა.
რა სიმწრით კითხულობდა ლამის 50 ფურცლიან მონასტრის აღწერას, მოვლენები ერთ ადგილზე რომ გაყინა ავტორმა და აღნიშნული მონასტრის თითოეული კედლის ნაკაწრის თითო აბზაციან აღწერას რომ შეუდგა.
კოზეტზე და სასიყვარულო წერილებზე, კვლავ ბავშვობაში წაკითხული და რატომღაც ძალიან ჩარჩენილი ”უთავო მხედრის” ერთ-ერთი საყვარელი თავი გაახსენდა, მგონი თავს ”მიყვარხარ, მიყვარხარ” ერქვა, და მგონი ამავე თავში იყო მომენტი ლუზია პოინდექსტრი აივანზე რომ იდგა და მორის ჯერალდის გამოჩენისას ავტორს რაღაც ამდაგვარი ეწერა ”მას ისიდორას კოცნით ეწვოდა ტუჩები”-ო. არა, ვერ იტანდა ვერც მორის ჯერალდს და ვერ სულელ ლუიზა პოინდექსტრს, აი კასიუს კოლჰაუნი კი სულ სხვა ამბავი იყო, ჯერ მარტო მისი ინიციალები ”კ.კ” რად ღირდა, დონა ისიდორასადმიც გააჩნდა სიმპათია რაღაც დოზით, მაგრამ კასიუს კოლჰაუნს ვერავინ შეედრებოდა.
”ტომ სოიერიდან” შემორჩენილი მკვდარი კატის სასაფლაოზე წათრევის იდეა დღემდე არ ასვენებდა და ყოველი ავადმყოფობის დროს დაჟინებით იმეორებდა ”ცერა თითზე  განგრენა მაქვს”.
ლილე, ლაშა-გიორგის ლილე, რაჭაში იყო ”ლაშარელას” რომ კითხულობდა, მაშინ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ლაშა-გიორგი საქართველოს მეფეებში მის ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევდა, ის საშინელი მომენტი ლილეს, რომ თმა შეკრიჭეს დღმდე მწარედ ახსოვს, ის მომენტი კი როდესაც აღმოაჩინა, რომ ლილე მოკვდა (მართლა მოკვდა) ალბათ არასოდეს დაავიწყდება. ამავე წიგნში იყო რომანი ”დიდი ღამე”, ჰოდა როგორც ”ლაშარელას” კითხვის შედეგად შეუყვარდა ლაშა-გიორგი, ისე ამ რომანის კითხვის შედეგად შეიძულა რუსუდანი.
შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძე გაახსენდა, კითხვის დროს ვერაფრით რომ ჩამოყალიბდა დავით დადიანი უფრო მოსწონდა თუ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ბოლოს მაინც დავით დადიანის მხარე დაიჭირა და სასტიკად აღიზიანებდა ტატოს ყოველი გამოჩენა. ის მომენტი კი როდესაც ჯვრის წერისას ეკატერინე ჭავჭავაძეს გული წაუვიდა და როგორც ავტორმა თქვა ”დავით დადიანის მკლავებში ჩაესვენა” დღესაც განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევდა.
გრაფი მონტე კრისტო, რამხელა ინტერესით ელოდებოდა მესამე ტომზე გადასვლას, მესამე ტომში ედმონ დანტესს ხომ შურისძიება უნდა დაეწყო. ბუნდოვნად ახსოვდა წიგნში ის მომენტი, რომელშიც აღწერილია, როგორ სვამდა ბ-ნ გრაფი შხამს პატარ-პატარა დოზებით რათა შეჩვეოდა, თავადაც გაუჩნდა სურვილი იგივე ექსპერიმენტი საკუთარ თავზეც ჩაეტარებინა, რა კარგია, რომ ეს იდეა ვერ განახორციელა დღეს ალბათ არც იქნებოდა ცოცხალი, ან საერთოდ რად უნდოდა ამ ოხერი იმუნიტეტის გამომუშავება შხამზე, ვის უნდა მოეწამლა და რატომ გაუგებარია.
ბესიკ გაბაშვილის თავგადასავალი, ვერც დიდ ანას იტანდა და ვერც პატარას, არც ერეკლე უყვარდა და არც დედოფალი, არც თავად ბესიკით იყო დიდად გატაცებული, აი ლევანი კი. ოჰ ლევანი რომ არ მოეწამლათ… ვერ იჯერებდა რომ ლევანი მოკლეს.
პ.ს. კიდევ ძალიან ბევრი წიგნის გახსენება შეიძლება.
პ.პ.ს არ ვიცი წერა მესამე პირში რატომ გადავწყვიტე, მაგრამ რახან ასეა იყოს.

ღამეები უნდა გაუთიოთ ვინმემ ხომ უნდა მიხედოს


საზღვარგარეთ სწავლობდა, ახალგაზრდაა, უცხოური განათლებით, ორ კლინიკაში მუშაობს და თავისი გუნდიც ყავს, ენერგიულია, საღად მოაზროვნე, გამოცდილი, თანაც ჩვენი ყოფილი მეზობელი ხელოვანი ქალბატონის, დის შვილის ქმარი და ასევე ნაცნობის დაქალის მეუღლეა, მოკლედ ახლობელია რა ფაქტობრივად, ჰოდა გადავწყვიტეთ სხვასთან მისვლას ისევ ნაცნობთან და საიმედო ადამიანთან მისვლა ჯობია.
ხომ იცი ის ყველაზე ცნობილი ქირურგი რომაა საქართველოში, რა გვარია აღარ მახსოვს,
ჰო, ჰო ზუსტად ეგ, იმისი გაფუჭებული საქმეც არა ერთხელ გამოუსწორებია როგორც ამბობენ, ის ცარიელი სახელია და მეტი არაფერი, ჰოდა რაღას ვიწვალოთ დავწვები საოპერაციოდ მასთან.
როგორც მითხრა ძალიან მარტივი ოპერაციაა, ცოტა ხანგრძლივი კია, მაგრამ საშიში და სანერვიულო არაფერი, 2 დღით ადრე დაწექიო კლინიკაში,
არა ანალიზების გამო ან მოსამზადებელი პერიოდის გამო კი არა, უბრალოდ კლინიკები გადატვირთულია და ჯობია პალატაში ადგილი რომ არ გაგვიხდეს მოსაძებნი ორშაბათიდანვე დაწვეო, ჰოდა რაღას გავაპრობლემო ყველაფერი დავწვები და ეგ იქნება.
აღარ შემიძლია აქ ყოფნა, გარეთ გასვლა მინდა, თქვენც ხომ მთელი დღე აქ არ იქნებით, ეს გარემოც საშინლად მთრგუნავს, ირგვლივ წამლების სუნია, წუხელ მოხუცი ქალი მოიყვანა სასწრაფომ, საშინელი მუცლის ტკივილი ქონდა, ვერ გაუგეს რა სჭირდა, დიაგნოზსაც ვერ სვამდნენ, ხელებს ასავსავებდნენ საწყლად და ნახევარ საათში ერთხელ მედდა თუ შემოურბენდა ხოლმე, თურმე კენჭის გავლა ქონია, დილისკენ უკვე კარგად იყო, მაგრამ მთელი ღამე კვნესოდა ტკივილისგან და მეც ვერ მოვხუჭე თვალი.
სისხლი ამიღეს, ვენა ვერ იპოვნეს, არადა სამი შვილი მყავს გაჩენილი და ყოველთვის ყველა იმას მეუბნებოდა, რომ ”გადასარევი ვენა მაქვს”, ამათმა ვერ იპოვნეს, იმიტომაა მთელი ხელი ჩალურჯებულ-ჩაწითლებულ-ჩასტაფილოსფერებული, რომ მაქვს,
ჰო, სანიტარიც არ შემოსულა, რომ იატაკიდან სისხლი მოეწმინდა და ბამბა აეღო, სკდება ვენაო ასე თქვეს, უფრო წვრილი კათეტერია საჭიროო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვსო,
კარგი რა ნუ ჩხუბობ, რაღას შეცვლი, ამათ ხელში ვარ ხომ ხედავ არ შეიძლება ახლა მათთან ურთიერთობის დაძაბვა, ისედაც არ იკლავენ თავს განსაკუთრებული ყურადღებით.
ვნერვიულობ, მაგრამ რაც მთავარია მითხრეს, რომ სრული ნარკოზი არ არის საჭირო, ადგილობრივი (სპინალურიო თუ რაღაც ამდაგვარი) ანესთეზიით გაგიკეთებთო, ჰოდა ხომ იცი ყველაზე მეტად ნარკოზის მეშინოდა და რადგან ისედაც შეიძლება გაკეთება ამოვისუნთქვე, უჰ გავუძლებ აბა რას ვიზამ, დამამშვიდებელს მოგცემთო ასე მითხრეს, დაგეძინება კიდეცო.
კათეტერი ჩამიდგეს, 30 წუთში შემიყვანენ.
ლურჯია, სულ ლურჯი, ტუჩებიც კი ნაცრიფერში გადასული ლურჯი აქვს, თვალთანაც რაღაც აქვს გამუქებული, რა სჭირს, ნარკოზი გაუკეთეს? არ უნდა გაეკეთებინათ, ხომ არ უნდა გაეკეთებინათ?!
შემოსასვლელში რომ აფთიაქია იქ ჩავალ.
რატომ ვერ გვცნობს?! უკვე 40 წუთი გავიდა, უკვე უნდა მოსულიყო გონზე.
კიდევ აღებინა?
ნარკოზი არ გაგვიკეთებიაო, ოპერაციიდან 5 საათია გასული, რატომ არ არის გონზე?
რა წამალი მისცეს ამისთანა? ქუსლზე რა სჭირს დალურჯება აქვს?
არა, მე არ წავალ (მაგასთან არ დავტოვებ, აშკარა ტკბობას განიცდის სიტუაციით, ზედმეტად მონდომებულია, რომ დარჩეს. წავალთ თუ არა წამოწვება და ღიმილნარევს ჩაეძინება).
წვეთოვანი! წვეთოვანი ჩაიცალა უკვე, დროზე დაუძახეთ მედდას.
კიდევ არ ვიჩხუბო ხომ?!
გონზე მოვიდა? ლაპარაკობს? ტკივა?
ხვალ მე დავრჩები.
ძალიან ცხელა, სანიტრები რას მიხედავენ, მე უნდა ვიყო აქ, ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯდები.
პალატებში შუქი ჩააქრეს, დერეფნიდან შემომავალ შუქზე წავიკითხავ წიგნს. მუსიკა, მის დამთავრებამდე კიდევ 10 საათია დარჩენილი, მთავარია ვიფიქრო იმაზე, როგორ ვტკბები მუსიკის მოსმენით.
ჩამეძინა, ღია ფანჯრის რაფაზე ჩამეძინა, ცოტაც და გადავვარდებოდი, ჯობია ისევ იმ საშინელ სკამზე დავჯდე.
სასწრაფომ ვიღაც მოიყვანა, ყვირის ტკივილისგან, ექიმები ეჩხუბებიან რომ გაჩუმდეს, ეჩხუბებიან და მეტი არაფერი.
გავიდა 10 დღე სახლში ვართ.

ოცნება დასასრულზე


როგორც ყოველთვის ცალი ხელი უფრო მეტად გაყინული ქონდა ვიდრე მეორე, თითების გამოძრავებაც კი უჭირდა, თუმცა საკმარისი იყო ოდნავ წაეწუწუნა, რომ ძალიან შესცივდა მაშინვე ნიშნის მოგებით პასუხობდნენ ”აბა ზაფხულში რას წუწუნებდი სიცხეზეო”, გეგონება თუ სიცხე არ გსიამოვნებს და სუნთქვის შეუძლებლობა არავითარ სიამოვნებას არ განიჭებს აუცილებლად უნდა ოცნებობდე ყინვაზე, შუალედი რომ არსებობს მგონი ამის შესახებ არც არაფერი იცოდნენ და არც უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანს ადამიანური თბილი (და არა ცხელი) ტემპერატურა სჭირდება სასიამოვნო არსებობისთვის.

ძველებურ ”არაფერს არ ველოდები” ხერხს მიმართა და გარე სამყაროსთან, უფრო სწორედ კონკრეტულ ადამიანთან ყველა დამაკავშირებელი გზის ჩახერგვას შეუდგა. შემდეგ სიამაყით გაიფიქრა, რომ აღარც სურვილი ქონდა რამის მოლოდინში გაეტარებინა დღის დასრულებამდე დარჩენილი საათები და აღარც აპირებდა ვინმეს დალოდებოდა.
მაქსიმუმ 15 წუთი გასტანა ამ მდგომარეობამ, შემდეგ გზების აღდგენას ისეთივე მონდომებით შეუდგა, როგორც მათ განადგურებაზე ზრუნავდა, თავი დამნაშავედ სულაც არ უგრძვნია, ვის რაში ეკითხებოდა ის დაელოდებოდა თუ არა ვინმეს ან რამეს, ეს მისი საქმე იყო და ვინაიდან მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არავითარი აზრი არ ქონდა დაჯდა მშვიდად და თავიდან ჩართო მის ცხოვრებაში უკვე მუდმივ მდგომარეობად ქცეული მოლოდინის რეჟიმი. თუმცა უკვე იმდენად დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც მან ასეთი ცხოვრება დაიწყო, რომ აღნიშნულ მოლოდინის შეგრძნებას აღარც გაღიზიანება მოქონდა, აღარც სუნთქვის შემკვრელი აჟიტირება, აღარც დარდი, სევდა და ნაღველი და აღარც არაფერი, სრულიად უემოციოდ იჯდა და უყურებდა გზას საიდანაც სიახლე უნდა მოსულიყო.
შემდეგ თავის ნაწერს შეხედა და გაიფიქრა ხომ არ ვბოდავო, ხელები გაყინული ქონდა, შუბლი ცხელი და გონება არეული. ბოლო დღეებში დააფიქსირა, რომ ისევ დაეწყო პერიოდული გონების დაბინდვა და მიხვდა, რომ ყველაფერი ძველებურ, ბნელ კალაპოტს უბრუნდებოდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მისი ცხოვრების მიმდინარეობიდან გამომდინარე აღნიშნული პერიოდული დაბნელებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველი აღარ იქნებოდა და ამჯერად ვერ შეძლებდა მის მანიაკობაში აქამდე ისედაც დარწმუნებული ადამიანისთვის აღნიშნული რწმენის ქმედებით განმტკიცებას.
ტელეფონის ხმა გაისმა, ზიზღით შეხედა აპარატს და ასეთივე ზიზღნარევი ხმით უპასუხა, რა კითხეს ვერ გაიგო, მისი გონება დაკავებული იყო იმ ადამიანის ლანძღვით, რომელმაც გაბედა და აკრიფა მისი ნომერი და არა თუ აკრიფა არამედ დაელოდა, როდის უპასუხებდა. ჰოდა რამდენიმე წამში გონს მოეგო და დიდი ძალისხმევით ითხოვა გაემეორებინათ მისთვის ნათქვამი. ისევ რაღაც სისულელეზე ურეკავდნენ, მაქსიმალურად დაბალ ტონალობაში გასცა პასუხი და ღრმად ჩაისუნთქა რათა ყრუმილი ნაზად დაედო და ნერვების მოშლისგან იქვე კედელზე არ შემოენარცხებინა.
ისე არაფერი სძულდა როგორც მუსიკა რომელსაც უსმენდა თუმცა იმდენად დაღლილი იყო, რომ არ შეეძლო მისი შეცვლა, ხოლო საერთოდ სიჩუმეში ჯდომას ისევ ეს უკვე ყელში ამოსული სიმღერები ერჩივნა, რომლებიც ერთმანეთთან არც ჟანრობრივ და არც აზრობრივ კავშირში არ იმყოფებოდნენ და არც მის განწყობასთან ქონდათ რაიმე საერთო.
გამუდმებით ფიქრობდა საღამოზე, იმაზე სახლში წასულიყო თუ ძველებურად გასულიყო მეგობართან დასალევად, გრძნობდა, რომ საბოლოო ჯამში მაინც ამ უკანასკნელზე შეაჩერებდა არჩევანს, თუმცა დათანხმებისგან მაინც თავს იკავებდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი განწყობა დღეს სასტიკად ცვალებადი იყო და მისი ამგვარი ”ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულების გამო არ სურდა, რომ სხვა ადამიანების გეგმების ხელყოფა მოეხდინა.
ისევ პარანოია, გაფაციცებული ყურადღებით აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს, ყველა უმნიშვნელო დეტალს – შინდისფერ სარჩულიანი შავი პიჯაკი, ვერცხლისფერ ზოლებიანი შავი ქვედაბოლო, კაპუჩინოს არომატიანი კანფეტების ქაღალდების ჭრაჭუნი, მისკენ მომავალი ქალბატონის ქუსლიანი ფეხსაცმლის ყურის წამღები კაკუნი, ორი ერთჯერადი ჭიქა, რომლებიც მის მისვლამდე უკვე აშკარად გამოეყენებინათ თუმცა ზედმეტი სიზარმაცის გამო იქვე დაედგათ ნაგვის ურნა ხომ მთელი ორ მეტრიანი დაშორებით იყო.
დღე დასასრულისკენ მიდიოდა, მიუხედავად მისი აუტანლობისა დრო გასაოცარი სისწრაფით მიქროდა.
აღარც ის აშკარად ქართველი ქრისტიანი კაცი ჩანდა, რომელსაც დაჟინებით აბრალებდა სხვა აღმსარებლობასა და სხვა ეროვნების კუთვნილებას, აღარც წითელი ფეხსაცმლით მოსეირნე მამაკაცი იკლავდა თავს ქუჩაში გასვლით, აღარც მეთევზეები თევზაობდნენ და აღარც მეზობლები ინტერესდებოდნენ მისი ასე თვალშისაცემი ერთფეროვანი ცხოვრებით, ყველამ საკუთარ თავზე ზრუნვა გადაწყვიტა, და ის ვისი ლოდინიც უკვე გულის რევის შეგრძნების გარდა არაფერს იწვევდა თავს არ იწუხებდა იმით, რომ ეთქვა მოკლედ და კონკრეტულად ”ეს დასასრულია, შეწყვიტე ლოდინი”-ო.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 944 other followers

%d bloggers like this: